Accessibility links

logo-print

ამერიკულ-ქართული თანამშრომლობა სამხედრო სფეროში და საქართველოში არსებული კონფლიქტური ვითარებები


თამარ ჩიქოვანი, გიორგი კაკაბაძე,თბილისი 7 მაისის გაზეთ “კრასნაია ზვეზდას” თქმით, “გასაგებია, რომ ქართული სპეცდანიშნულების ქვედანაყოფთა მომზადებით არ შემოიფარგლება არც ამერიკელთა ინტერესები საქართველოში და არც საქართველოს ხელმძღვანელობის განზრახვა,

თავისი მიზნებისათვის გამოიყენოს შეერთებული შტატები”.
გაზეთის აზრით, “პრაქტიკულად, 100%-იანი დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ პარტნიორები, რომლებიც ტერორიზმს ებრძვიან საქართველოში, არ უზიარებენ ერთმანეთს ყველა თავის ჩანაფიქრს ანუ სტრატეგიულ გეგმებს”.
თუმცა “კრასნაია ზვეზდა” მიიჩნევს, რომ “დამკვირვებლებისათვის ამ გეგმების ხასიათი კარგად არის ცნობილი:

შეერთებული შტატებისათვის ესაა მუდმივი სამხედრო ყოფნა კავკასიაში, რომელიც უკვე დიდი ხანია გამოცხადებულია ამერიკელთა განსაკუთრებული ინტერესების ზონად. საქართველოში ახლოვდება საპრეზიდენტო არჩევნები, შევარდნაძეს კი არ სურს შევიდეს ისტორიაში ისეთ ხელმძღვანელად, რომელმაც ყველაზე გემრიელი ლუკმები დაკარგა. ამიტომ, ფაქტობრივად, დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება აშშ-ის დახმარებით საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებისათვის შეიძლება იდეა-ფიქსად იქცეს. თუმცა საქართველოს პოლიტელიტის ზომიერ წარმომადგენლებს არაერთხელ განუცხადებიათ, რომ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ პოლიტიკური, მშვიდობიანი საშუალებებით. მაგრამ ბოლო დროს ამის თაობაზე რატომღაც სამხედროებიც საუბრობენ ხშირად”.

8 მაისის ინტერნეტგაზეთი “დნი” წერს, რომ სოხუმში უშედეგოდ დამთავრდა საკოორდინაციო საბჭოს ჩარჩოებში მიმდინარე ქართულ-აფხაზური სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა. აფხაზური დელეგაციის მეთაურის, თავდაცვის მინისტრის მოადგილის, გივი აგრბას განცხადებით, “აფხაზური მხარე მიიჩნევს, რომ კოდორის ხეობის ზედა ნაწილზე ეფექტური კონტროლისათვის იქ აუცილებელია სამშვიდობო ძალების
102-ე საგუშაგოს განთავსება”.

გაზეთის თქმით, ქართული მხარე არ დაეთანხმა ამ მოსაზრებას, მოიშველია რა ის ფაქტი, რომ ორივე მხარის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტებში არ დაფიქსირებულა შეთანხმება ასეთი საგუშაგოების არსებობის თაობაზე. აფხაზურმა მხარემ არ მიიღო თბილისის არგუმენტაცია, რადგან, აგრბას განცხადებით, საგუშაგოების განთავსება ხელმოწერილი დოკუმენტებით რეგლამენტირებული არ არის. მისი თქმით, ეს თავად მშვიდობისმყოფელთა პრეროგატივაა. ამასთან ერთად, გივი აგრბამ მიუთითა იმაზე, რომ აფხაზური მხარისათვის მიუღებელია პატრულირების მექანიზმი, რომელიც თბილისის მხარდაჭერით სარგებლობს.
“როდესაც პატრულირების ვადები წინასწარ არის ცნობილი, ამ ადგილებში მთელი დივიზიის დამალვა შეიძლება,” – ასე ფიქრობს აფხაზური დელეგაციის მეთაური.

11 მაისის ინტერნეტგაზეთი “ვესტი” აქვეყნებს ინტერვიუს კინორეჟისორ გიორგი შენგელაიასთან, რომელმაც შარშან დააფუძნა პოლიტიკური ორგანიზაცია, სახელწოდებით “ქართული ვაზის პარტია – რუსეთთან ერთად”. ეკონომიკური საკითხების გარდა, რესპონდენტი პოლიტიკურ თემებზეც საუბრობს. პანკისის პრობლემასთან დაკავშირებით, გიორგი შენგელაია აღნიშნავს, რომ ერთხანს განიხილებოდა საკითხის გადაწყვეტა რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის და არა ჯარის საშუალებით, მაგრამ, მისი აზრით, ასეთი მიდგომა გარკვეულ დაძაბულობას იწვევს. ამასთან, გიორგი შენგელაიამ გაზეთს განუცხადა:

“ამჟამად არსებობს ისეთი სცენარი, რომ ამ პრობლემას ამერიკელები მოუვლიან. მიმაჩნია, რომ მისი გადაწყვეტა შესაძლებელია ან რუსებთან ერთად ან მხოლოდ ჩვენი ძალებით – ხეობაში ბოევიკთა რიცხვი არც ისე დიდია”.

ქართულ-აფხაზურ კონფლიქტთან დაკავშირებით კი გიორგი შენგელაია ამბობს:

“რუსეთის პრეზიდენტმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ეს პრობლემა მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით უნდა გადაწყდეს. ამ ფონზე რუსეთის სამხედროების ზოგიერთი მოუფიქრებელი აქცია უკმაყოფლებას იწვევს.
პირადად მე მიმაჩნია, რომ პრობლემის გადაჭრას ინტელექტუალები უნდა მიუერთდნენ. მაგალითად, აფხაზი ფაზილ ისკანდერი, ქართველი გიორგი შენგელაია, რუსი ვასილ აკსიონოვი – იმისათვის, რომ რაღაც დიალოგი შედგეს”.

“ვესტისათვის” მიცემულ ინტერვიუში გიორგი შენგელაია მიიჩნევს, რომ აფხაზების წინააღმდეგ ომი არ უნდა დაიწყოს. მისი თქმით, “მოლაპარაკებების გამართვის გარეშე კი შეუძლებელი იქნება მტრობის დაძლევა, ხოლო აფხაზებს, რუსებს არ უნდა ეშინოდეთ ჩვენი ლტოლვილების დაბრუნების – ისინი ხომ ასეული წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ ერთად”.
XS
SM
MD
LG