Accessibility links

logo-print

საბჭოთა რეჟიმმა ხელოვნების მრავალი დარგის განვითარება შეაფერხა.


საბჭოთა რეჟიმმა ხელოვნების მრავალი დარგის განვითარება შეაფერხა.

მაგრამ ყველაზე მეტად მაინც ფოტოგრაფიაზე იმოქმედა. ტოტალიტარული სისტემა ცდილობდა როგორმე დაეთრგუნა სიცოცხლის შეულამაზებლად გამოხატვის სურვილი, რომელიც ნამდვილ ფოტოხელოვანს ახასიათებს. მაგრამ თავისუფალ მხატვრებთან ბრძოლა არც ისე ადვილი აღმოჩნდა -–ქართულ-საბჭოთა ფოტოგრაფიაში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც სიმართლის მხატვრული ასახვა დაიწყეს. ერთ-ერთი მათგანი გურამ თიკანაძეა. ჩვენი ყოველკვირეული პროგრამა “ოქროს საუკუნე” დღეს სწორედ მას ეძღვნება – გურამ თიკანაძის დაბადებიდან 70 წელი გავიდა.


დაიბადა 1932 წელს. ტრაგიკულად დაიღუპა 1963 წელს. მშრალი თარიღები, რომელთა მიღმა წარმოჩნდება ახალგაზრდა კაცის ხანმოკლე ცხოვრება. მაგრამ ამ შემთხვევაში უფრო მეტი, ვიდრე ერთი ადამიანის ბიოგრაფია. ეს მშრალი თარიღები ემთხვევა ისტორიულ პროცესებს, გარდატეხის პერიოდებს. ეს მშრალი თარიღები “სამოციანელთა” თაობის დაბადებასა და “სამოციანელთა” იდეალების მსხვრევასაც ასახავს. გურამ თიკანაძე, გურამ რჩეულიშვილის მსგავსად, ამ თაობის სიმბოლოა... და არაფერია “მისტიკური” იმაში, რომ ამ ნიჭიერი ახალგაზრდების დაღუპვა ემთხვევა, ეგრეთ წოდებული, “დათბობის”, რუსულად “ოტტეპელის” ეპოქის დასასრულს. თაობას ყოველთვის სჭირდებოდა თავისი სიმბოლოები. მითუმეტეს, “სამოციანელებს”, რომლებმაც, მათი რუსი იდეოლოგის, მიხეილ რომის სიტყვებს თუ გავიხსენებთ, დაიწყეს “ძიება მთლიანისა, რომელსაც ცალკეული პიროვნებები შეუერთდებიან”, დაიწყეს მოძრაობა ცენტრიდან ნაპირისკენ, კიდით კიდემდე. ამ მოძრაობას თან ახლდა საერთო განწყობა, იმის შეგრძნება, რომ მთელმა ქვეყანამ თავი დაიხსნა ბანაკიდან. რუსებს (და არამარტო რუსებს) ახლა უკვე თავად გაუჩნდათ ციმბირის დაპყრობის სურვილი, იმ ციმბირისა, რომელიც აქამდე ლამის “ჯოჯოხეთად” აღიქმებოდა. მათ სჯეროდათ, რომ “ჯოჯოხეთს” “სამოთხედ” გარდაქმნიდნენ იმ შემთხვევაში, თუ “მთლიანს ცალკეული პიროვნებები შეუერთდებოდნენ”. კიდით კიდემდე მოძრაობა – “ექსტაზის”, ანუ “საკუთარი თავიდან გამოსვლის”, ანალოგიური იყო. ექსტაზის რომანტიკა კი შიშის გადალახვას გულისხმობს. ამ თაობას სიკვდილის ნაკლებად ეშინოდა. უფრო მეტიც, ისინი თავისებურად "ეთამაშებოდნენ" კიდეც ხიფათს და სიცოცხლის აზრს სწორედ ამ თამაშში, თუ შერკინებაში, ხედავდნენ.

გურამ თიკანაძემ კიდით კიდემდე მოძრაობის გზა – მთაში აირჩია. სხვებისგან განსხვავებით მან ამ მოძრაობის აღბეჭდვაც შეძლო. თუმცა მწვერვალების დაპყრობის ვნება მას მოგვიანებით გაუჩნდა, როცა სიცოცხლე ფოტოსურათის საზღვრებში ვეღარ “მოთავსდა”, როცა ფოტოხელოვანმა არა იმდენად მთის, რამდენადაც ცის წარმოჩენა მოინდომა. და, აბა, სად არის ადამიანი ცასთან ისე ახლოს, თუ არა მთაში. სხვათა შორის, ახალგაზრდა ჟურნალისტმა ფოტოკამერა ისედაც გვიან, სიცოცხლის ბოლო წლებში, აიღო - სწორედ მაშინ, როცა ცხადი გახდა, რომ ფოტოატელიეს პირობებში გადაღებული სურათი, რომელმაც 30-იანი წლებიდან საბჭოთა ფოტოგრაფია დაიპყრო, მხოლოდ და მხოლოდ სტალინური იდეოლოგიის მიერ შეთითხნილ მითებს ამკვიდრებდა და სიცოცხლესთან არაფერი ჰქონდა საერთო. გურამ თიკანაძემ გადაღება სწორედ მაშინ დაიწყო, როცა კიდით კიდემდე მოძრაობის საერთო-სახალხო ვნებას დაემატა დოკუმენტურის მოდა მთელ საბჭოთა კულტურაში, როცა აღმოჩნდა, რომ მოულოდნელი, შემთხვევითი, ყოფითი აქ უფრო ფასობს, ვიდრე გაფილტრული და ხელოვნური. განსაკუთრებით ნათლად წარმოჩნდა ეს პროცესი პლასტიკურ ხელოვნებაში, სადაც, ფაქტობრივად, უარი ითქვა ჩარჩოზე, რომელიც მაყურებელს სურათის სივრცეში ითრევდა. ფოტოგრაფებსა და კინემატოგრაფისტებს ტექნიკამაც შეუწყო ხელი – გრძელფოკუსიანმა ოპტიკამ სივრცის ეს უსასრულობა გამოხატა. და სწორედ ეს ახალი სივრცითი კონცეფცია გახდა განმსაზღვრელი გურამ თიკანაძის პირველ ფოტოსურათებში, მის პორტრეტებსა და ნატურმორტებში, სადაც ყოველი საგანი, ყოველი ადამიანი უკვე მთელის, უსაზღვროს ნაწილად აღიქმება. ამ თვალსაზრისით, თიკანაძის სახელგანთქმული სურათი “ტკბილი ნესვი” ეპოქის, თაობის ცნობიერებას, მისი “ხედვის კუთხეს” გამოხატავს. “ტკბილ ნესვში” კარგად ჩანს, რომ აქამდე ჩამორჩენილი, პროვინციული ქართული ფოტოგრაფია, რომელსაც, ძნელია, “ხელოვნება” ეწოდოს, არა მარტო გამოცოცხლდა, არამედ იმ ტენდენციის გამომხატველი გახდა, რომელიც 50-იანი წლების მიწურულსა და 60-იანი წლების დასაწყისში მთელ მსოფლიოში ვითარდებოდა. როგორც ფოტოხელოვანი გურამ წიბახაშვილი აღნიშნავს
[გურამ წიბახაშვილის ხმა]: “ეს იყო პირველი ქართველი ფოტოგრაფი, რომელმაც პირველმა მოახერხა საზღვარგარეთ ფოტოების გატანა... და ასეთი ჟურნალი არსებობდა “ფოტორევიუ”, ჩეხური ჟურნალი, ერთადერთი უცხოური ჟურნალი, რომელიც შემოდიოდა საბჭოთა კავშირში და მისი ფოტოები იქ უკვე იბეჭდებოდა 60-იან წლებში. მათ ისიც კი დაბეჭდეს, რომ “ცნობილი ქართველი ფოტოგრაფი გარდაიცვალა.”

რეპორტაჟი გურამ თიკანაძის შემოქმედებაში თვითმიზანი არ არის. იგი არა ჰგავს იმ ფოტოგრაფებს, რომლებმაც იმხანად - არიქა, გადაღების უფლება მოგვცესო - სინამდვილის გაუაზრებელი აღბეჭდვა დაიწყეს. “სამოციანელთა” შემოქმედების მკვლევარები მიიჩნევენ, რომ მოგვიანებით ამ სტილის კრიზისი განაპირობა არა მარტო “ხრუშჩოვის ეპოქის” დასასრულმა, არამედ ზომიერების დაკარგვამ, რაც “სამოციანელთა” თაობის არაერთი წარმომადგენლის შემოქმედებას დაეტყო. “ჭუჭყიანი გამოსახულების” სიყვარულმა, “ფარულმა კამერამ” ფოტოგრაფიასა და კინოს ნელ-ნელა დაუკარგა ესთეტიკური სილამაზე, პლასტიკური გამომხატველობა. თიკანაძე ამ მოდას არ დაემორჩილა. მიუხედავად დოკუმენტური ეფექტისა, სივრცე მის ფოტოებში არსად “იშლება”, კომპოზიცია არსადაა დაქუცმაცებული. ფოტოსურათის სტრუქტურა აწყობილია ან კარგად გააზრებულ ფერზე (ფერად ფოტოებში), ან საკმაოდ ნათლად გამოხატულ მოძრაობაზე ქვევიდან ზევით. ეს უკანასკნელი ყველაზე კარგად ჩანს გურამ თიკანაძის სურათში “მაღლა ანძებზე”, რომელიც ამ თაობის “ექსტატიკური ლირიკის” ჭეშმარიტი დოკუმენტია. ფოტეხოლოვან გურამ წიბახაშვილის აზრით [გურამ წიბახაშვილის ხმა]: “ეს ლირიკა ქართულ ფოტოგრაფიაში მან შემოიტანა და იქვე დარჩა... თუ გურამ რჩეულიშვილის ნაწარმოებებს შევადარებთ, ეს თემები: მთა, გოგოებისადმი პლატონური (და არა მარტო პლატონური) სიყვარული, ეს ყველაფერი ამ თაობის იყო. მან შემოიტანა ეს და მერე ყველაფერი მორჩა.”

გურამ წიბახაშვილის ამ მოსაზრებას შეიძლება არ დაეთანხმო. ხელოვნების ისტორიაში უკვალოდ არაფერი იკარგება. მიუხედავად იმისა, რომ “სამოციანელთა” იდეალები “უძრაობის ეპოქის” დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ლამის თავად “სამოციანელებმა” აღიარეს უტოპიად, ქართული საბჭოთა ხელოვნების ეს ძალზე ხანმოკლე პერიოდი ოდესმე მაინც უნდა იქცეს ჩვენი კულტურის “ათვლის წერტილად”. გურამ წიბახაშვილიც ადასტურებს, რომ ქართველ ფოტოგრაფებს შორის ბევრი იყო, ვინც თავის თავს “თიკანაძის მოწაფედ” მიიჩნევდა. [გურამ წიბახაშვილის ხმა]: “მოწაფეები... ძალიან ბევრი ამბობდა, რომ მისი მოწაფე იყო. მაგალითად, სიმონ კილაძე, ალექსანდრე სააკოვი. მაგრამ, მაინც აბსოლუტურად განსხვავებული ფოტოები აქვთ.”

იქნებ სწორედ ეს ადასტურებს გურამ თიკანაძის ფიგურის მნიშვნელობას თანამედროვე ქართულ კულტურაში: ფოტოგრაფები თიკანაძის მოწაფეებად ითვლებიან, თუმცა სრულიად განსხვავებულ სტილს ამკვიდრებენ. შესაძლებელია, იმიტომ, რომ იციან – ქართულ ხელოვნებაში ჯერ არ დამდგარა “სამოციანელთა” იდეალების აღორძინების დრო. ჯერ არ დამდგარა ეპოქა, რომელიც ადამიანებს თავისი ვიწრო “სამყოფელიდან” გამოსვლის, კიდით კიდემდე მოგზაურობის, ახლის შეცნობის სურვილს გაუღვიძებს, როცა კვლავ აქტუალური გახდება გურამ თიკანაძის სურათის - “საშიში კედლის” მხატვრული სახე: მწვერვალისკენ მიიწევს ალპინისტის განმარტოებული ფიგურა; მწვერვალის დამპყრობმა იცის, რომ კედელი საშიშია, რომ ხიფათი თითქმის გარდაუვალია, მაგრამ იგი აღარაფერსაა მიჯაჭვული. იცის, რომ სადღაც ზევით, კედელს მიღმა, უსაზღვრო ცა ელოდება. ცა, რომელიც ყველასთვის ერთია. ესეც “ მთლიანის ძიებაა, რომელსაც ცალკეული პიროვნებები უნდა შეუერთდნენ”. ხელოვნების ისტორიის კანონზომიერების თანახმად, ქართულ კულტურაში ოდესმე მაინც უნდა დადგეს ეპოქა, როცა მხატვარში “საშიში კედლის” დაპყრობის ვნება გაიღვიძებს.
XS
SM
MD
LG