Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინელთა ავტონომიის ხელმძღვანელმა იასირ არაფატმა


პალესტინელთა ავტონომიის ხელმძღვანელმა იასირ არაფატმა დღეს, დეკემბრიდან მოყოლებული, პირველად დატოვა რამალა და გაემგზავრა ბეთლემის, ჯენინისა და ნაბლუსის დასათვალიერებლად.

პალესტინელთა ავტონომიის ხელმძღვანელმა იასირ არაფატმა დღეს, დეკემბრიდან მოყოლებული, პირველად დატოვა რამალა და გაემგზავრა ბეთლემის, ჯენინისა და ნაბლუსის დასათვალიერებლად.
ეს ქალაქები ყველაზე მეტად დაზარალდა ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად. არაფატის სტუმრობა ჯენინის ლტოლვილთა ბანაკში, სადაც ამ ცოტა ხნის წინათ ცხარე შეტაკებები მოხდა, უშიშროების მოსაზრებებით არ შედგა. ავტონომიის ლიდერმა ჯენინის ერთ-ერთ დარბაზში შეკრებილ მოქალაქეებს უთხრა, რომ ბოლოდროინდელმა ბრძოლებმა “გზა გაუხსნა ოკუპირებული ტერიტორიების განთავისუფლებას”. არაფატმა თანამემამულეებს განუცხადა, რომ პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფო აუცილებლად შეიქმნება. დღესვე შეერთებულმა შტატებმა და ევროპის კავშირმა სერიოზული შეშფოთება გამოთქვეს პალესტინელთა დამოუკიდებლობის საკითხში ისრაელის “ლიკუდის” პარტიის პოზიციის გამო. ამ პარტიამ განაცხადა, რომ კატეგორიულად ეწინააღმდეგება პალესტინელთა სახელმწიფოს შექმნას – როგორც ახლა, ისე მომავალში. რეზოლუცია, რომლის თაოსანია ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეტანიაჰუ, “ლიკუდის” პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა გუშინდელ სხდომაზე მიიღო. ნეტანიაჰუს მისამართით იასირ არაფატმა თქვა: [იასირ არაფატმა ხმა] “მას უნდა ახსოვდეს, რომ ოსლოს ხელშეკრულებათა ნაწილს სწორედ მან მოაწერა ხელი, ნეტანიაჰუმ ხელი მოაწერა ამ დოკუმენტებს აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტის კლინტონის თანდასწრებით.” ვაშინგტონში თეთრი სახლის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აშშ კვლავინდებურად მხარს უჭერს პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის იდეას. ევროპის კავშირის ხელმძღვანელობის წარმომადგენელმა ხავიერ სოლანამ გამოთქვა მოსაზრება, რომ პალესტინის სახელმწიფოს შექმნა ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების ერთადერთი გზაა.
XS
SM
MD
LG