Accessibility links

logo-print

ნიდერლანდები საარჩევნო ციებ-ცხელებაში


საარჩევნო ციებ-ცხელებამ არა მარტო საქართველო მოიცვა- ოთხშაბათს კენჭისყრა იმართება ნიდერლანდში, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ გამოეთხოვა ჩვეულ,

მშვიდ პოლიტიკურ ცხოვრებას. ამის მიზეზი გახდა საპარლამენტო არჩევნების ერთ-ერთი ფავორიტის: მემარჯვენე პოპულისტ პოლიტიკოს პიმ ფორტოინის მკვლელობა. მართალია, საქმე, როგორც ჩანს, არ ეხება პოლიტიკურად მოტივირებულ დანაშაულს (მკვლელობაში ეჭვმიტანილი 32ი წლის მამაკაცი გარემოს დამცველი ექსტრემისტია, რომლისთვისაც მიუღებელია ფორტოინის პოზიცია ცხოველების უფლებების საკითხში), მაგრამ სავარაუდოა, რომ მკვლელობით აღშფოთებული ნიდერლანდელებიდან ბევრი გამოხატავს ფორტოინისადმი თანაგრძნობას მისი პარტიის – ”პიმ ფორტოინის სიის” მხარდაჭერით.

”პიმ ფორტოინის სია”, სულ 150თადგილიან პარლამენტში, სავარაუდოდ, 20-30თ მანდატს მიიღებს – ეს მაჩვენებლები 6ი მაისის მკვლელობამდე 17ტ-25თ მანდატს არ აღემატებოდა. სავარაუდოა აგრეთვე, რომ იმატებს ელექტორატის აქტიურობაც. როგორც ჩვენს თანამშრომელთან, ბრეფნი ორურკთან საუბარში თქვა ნიდერლანდელმა პოლიტოლოგმა, პროფესორმა რინუს ვან შენდელენმა: ნს051316 ”ელექტორატის დიდ ნაწილში მართლაც აშკარაა ემოციურობა, ის ადრინდელზე უფრო პოლიტიზებულია და მოსალოდნელია, რომ კენჭისყრაში ჩვეულზე მეტი ამომრჩეველი მიიღებს მონაწილეობას: ჩემი კოლეგების უმეტესობის შეფასებით, ელექტორატის 80იდან 85მდე პროცენტი”.
ნათქვამის ფონზე შესაძლოა, ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნას, თითქოს ტრადიციულად ლიბერალურ ქვეყანას მარჯვნივ გადახრა- მეტიც, ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსთა ხელში ჩავარდნა ემუქრებოდეს. მაგრამ ექსპერტები დაბეჯითებით აცხადებენ, რომ ასე არ არის- გარდა იმისა, რომ ფორტოინის მკვლელობის შემდეგ მის პარტიას უკვე აშკარა უთანხმოება ასუსტებს, გაუმართლებელი იქნებოდა ”პიმ ფორტოინის” სიის შედარება საფრანგეთის ან ავსტრიის ულტრამემარჯვენე ორგანიზაციებთან. ფორტოინი, მიუხედავად იმისა, რომ მეტად საკამათო მოსაზრებებსაც გამოთქვამდა (მაგალითად, გამოდიოდა ნიდერლანდში მუსლიმანების იმიგრაციის, აგრეთვე ევროკავშირის გაფართოების წინააღმდეგ), არც ჟან-მარი ლეპენი იყო და არც იორგ ჰაიდერი. მან თავის პარტიაში ლამის მთელი პოლიტიკური სპექტრის- მემარჯვენეების, ლიბერალი ცენტრისტებისა და მემარცხენეების მიზიდვა შეძლო.
დაბოლოს, ისევ პროგნოზების შესახებ- როგორი შედეგიც უნდა მოჰყვეს ნიდერლანდში ოთხშაბათის საპარლამენტო არჩევნებს, ეჭვს არ იწვევს, რომ საჭირო გახდება მმართველი კოალიციის შექმნა, რის შესახებ მოლაპარაკებას გარკვეული დრო დასჭირდება. სავარაუდო პრემიერ-მინისტრად კი ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტიის მთავარ კანდიდატს, იან პეტერ ბალკენენდეს მიიჩნევენ.

ნიდერლანდში ოთხშაბათის კენჭისყრასთან დაკავშირებულ საკითხებზე მარიამ ჭიაურელი გესაუბრებოდათ.
XS
SM
MD
LG