Accessibility links

ბირთვული იარაღის შემცირების საკითხში შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა თანხმობას მიაღწიეს


თითქმის ერთ წელიწადს გაგრძელდა აშშ-ისა და რუსეთის დიპლომატთა მოლაპარაკება,

რომლის მიზანი ბირთვული იარაღის მკვეთრი შემცირების საკითხში თანხმობის მიღწევა და, საბოლოოდ, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება იყო. და აი, როგორც იქნა, ორშაბათს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა გამოაცხადა, რომ ხელშეკრულება მზად არის გასაფორმებლად და მასზე ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია ამ ათიოდე დღეში, მოსკოვში გაიმართება. შეგახსენებთ, რომ 23-26 მაისს ჯორჯ ბუში რუსეთის დედაქალაქს ეწვევა და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდება.

როგორც მიმომხილველები აღნიშნავენ, სტრატეგიული საიერიშო შეიარაღების მნიშვნელოვანი შემცირების თაობაზე თანხმობას რუსეთმა და აშშ-მა კომპრომისების გზით მიაღწიეს. როგორც ერთმა, ისე მეორე მხარემ, ზოგი ისეთი რამეც დათმო, რის დათმობაც კარგა ხნის მანძილზე არ სურდა.

კომპრომისის პირობებით, უახლოესი ათი წლის განმავლობაში აშშ-მა და რუსეთმა ისე უნდა შეამცირონ ბირთვული ქობინების რაოდენობა, რომ მათი რიცხვი 1700-დან 2200-ის ფარგლებში მერყეობდეს. შემცირების მასშტაბის წარმოსადგენად მოგახსენებთ, რომ ამჟამად ვაშინგტონს 7000-მდე ასეთი ქობინა აქვს, ხოლო მოსკოვს – ათასით ნაკლები.

თავიდან ჯორჯ ბუში აცხადებდა, რომ ბირთვული ქობინების რიცხვის შემცირების თაობაზე სიტყვიერი შეთანხმებითაც კმაყოფილი იქნებოდა, პუტინი კი დაჟინებით მოითხოვდა ოფიციალური, წერილობითი დოკუმენტის გაფორმებას; და, როგორც ხედავთ, მიაღწია კიდეც საწადელს. მაგრამ რაკი საუბარი ხელშეკრულებაზეა, იგი აშშ-ის სენატმა უნდა დაამტკიცოს, სენატში კი უმრავლესობას ბუშის რესპუბლიკურ პარტიასთან დაპირისპირებული დემოკრატები ფლობენ. თუმცა, როგორც ბუშის ადმინისტრაციის ერთმა მაღალი თანამდებობის წარმომადგენელმა განაცხადა, ნაკლებად სავარაუდოა, სენატმა ხელშეკრულებას პოლიტიკური წინააღმდეგობა გაუწიოს.

დოკუმენტის შეფასებისას, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ხელშეკრულების წერილობით გაფორმების თვალსაზრისით პუტინმა, მართალია, საწადელს მიაღწია, მაგრამ ვერ მიიღო ის, რასაც მისი დელეგაცია კარგა ხანს დაჟინებით მოითხოვდა; ანუ, ახალი დოკუმენტით შეერთებულ შტატებს უფლება მიეცემა, თავისი ბირთვული არსენალის ნაწილი კი არ გაანადგუროს, არამედ შეინახოს.

მიუხედავად ამ მნიშვნელოვანი დათმობისა, პუტინს კმაყოფილება არ დაუმალავს რუსეთისა და აშშ-ის დელეგაციების შრომის შედეგით.

კიდევ უფრო შორს წავიდა ჯორჯ ბუში, რომელმაც შეთანხმება ახალი ეპოქის დასაწყისად შეაფასა. [ჯორჯ ბუშის ხმა] “ეს ხელშეკრულება ბოლოს მოუღებს ცივი ომის მემკვიდრეობას. როცა რუსეთში მე და პრეზიდენტი პუტინი ამ ხელშეკრულებას ხელს მოვაწერთ, ჩვენ სათავეს დავუდებთ ახალ ხანას შეერთებული შტატებისა და რუსეთის ურთიერთობაში.”

შეერთებული შტატების პრეზიდენტის ნათქვამს დავამატებ, რომ ხელშეკრულების გაფორმების ცერემონია 24 მაისს, მოსკოვში გაიმართება.
XS
SM
MD
LG