Accessibility links

logo-print

რელიგიის თავისუფდება ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში (ნაწილი I)


ელენე ლორთქიფანიძე ყოფილი საბჭოთა კავშირისა და ცენტრალური ევროპის ქვეყნების უმრავლესობათა

კონსტიტუცია რელიგიის თავისუფლებას ითვალისწინებს. მაგრამ ბევრგან ხელისუფლება, ქვეყანაში დამკვიდრებულ რელიგიურ ორგანიზაციებთან ერთად, ყველა ხერხით ცდილობს, შეავიწროვოს არატრადიციული რელიგიური ჯგუფები, რომლებიც განსაკუთრებით მომრავლდნენ კომუნიზმის დაცემის შემდეგ.

სხვადასხვა რწმენის მისიონერები, დაწყებული დასავლური ყაიდის ქრისტიან-ფუნდამენტალისტებით და დამთავრებული ჰარე კრიშნასა და ბაჰაით, ცდილობენ, ოფიციალური ათეიზმის ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, რწმენას მოწყურებული სულები მიიზიდონ.

ადგილობრივი ხელისუფლება ხშირად ამ მისიონერებს სდევნის ტრადიციული რელიგიური ორგანიზაციების მხარდაჭერით, რომლებიც მისიონერების მოღვაწეობას თავიანთი კულტურული მეობისთვის საფრთხედ აღიქვამენ.

მაიკლ იანგი, მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების მეთვალყურე კომისიის თავმჯდომარე (კომისია შეერთებული შტატების კონგრესმა დააარსა), ამბობს, რომ განსაკუთრებით შემაშფოთებელია ყოფილი კომუნისტური ქვეყნების მართლმადიდებელ ეკლესიათა რეაქცია. ეკლესია, გრძნობს რა თავს საფრთხეში, თავის წინააღმდეგობას ნაციონალისტური არგუმენტებით ამართლებს და მისი მოწოდებები ხშირად რევანშისტებსა და ნაციონალისტებზეა გამიზნული.
საქართველოში, ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფების მიერ არაერთხელ იქნა დაფიქსირებული შემთხვევები, როცა პოლიციისა და უშიშროების ადგილობრვი სამსახურების თანამშრომლები სდევნიდნენ არატრადიციულ რელიგიურ უმცირესობებს, განსაკუთრებით იეღოვას მოწმეებს.
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, რუსუდან ბერიძის თქმით, კანონები საქმეს ვერ უშველის.
[ბერიძის ხმა] “ჩვენ უნდა მოვახერხოთ და შევქმნათ შემწყნარებლობის საზოგადო ატმოსფერო ქვეყანაში. თუ მთლიანად მთელს საზოგადოებაში არ შეიქმნა შემწყნარებლობის ატმოსფერო, აი მთელი ეს პრობლემები აუცილებლად დარჩება და ეს არის, ჩემი აზრით, სამოქალაქო საზოგადოების ამოცანა. ადმინისტრაციული ზომებით ეს პრობლემა არ გადაწყდება.”

საქართველოს პარლამენტის წევრი და იუსტიციის ყოფილი მინისტრი კოტე კემულარია თვლის, რომ საქართველოს მთავრობას აშკარად არ სურს ექტრემიტების წინააღმდეგ რაიმე ზომების მიღება, რითაც აქეზებს მათ კიდევ უფრო აგრესიული მოქმედებისკენ.
[კემულარიას ხმა] “მე საერთოდ არ გამოვრიცხავ, რომ ხელისუფლება სწორედ უკანონოდ ერეოდეს, აგულიანებდეს, სულაც აფინანსებდეს, ასეთი ორგანიზაციების შექმნას… მათ შეუძლიათ ცემონ, თავს დაესხან, დაწვან დაარბიონ… რეპრესიული მანქანა სახელმწიფოსი მათ წინააღმდეგ არ მუშაობს.”

ასეთი ინციდენტები არცხვენს თვით მართლმადიდებლობას და, ცხადია, ეს რელიგიის თავისუფლების იდეის დისკრედიტაციაც არის.

კესტონის ინტიტუტის დირექტორი ლორენს უზელი (ინსტიტუტს, რომელიც თვალყურს ადევნებს ყოფილ კომუნისტურ ქვეყნებში რელიგიის თავისუფლების მდგომარეობას, ბრიტანეთში აქვს შტაბ-ბინა), ამბობს, რომ რუსეთის შემთხვევაში, მართლმადიდებელი ეკლესიის სურვილი, ითანამშრომლოს მთავრობასთან, მთავრობის კეთილგანწყობის წილ, მას მორალურ ავტორიტეტს უკარგავს.

მაგალითად, აღნიშნავს უზელი, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია სდუმს ისეთ საკითხებში, როგორიცაა რუსეთის სამხედროთა ბარბაროსული საქციელი ჩეჩნეთში, ანდა უსახლკაროთა მიმართ მოსკოვის ხელისუფლების არაადამიანური მოპყრობა.

რიჩარდ ჯონ ნოიჰაუსი კათოლიკე მღვდელი და რედაქტორი ჟურნალ “ფერსტ თინგისა”, რომელსაც შეერთებული შტატების რელიგიური და საზოგადოებრივი ცხოვრების ინსტიტუტი გამოსცემს, ამბობს, რომ მართლმადიდებლობის თავდაცვითი და ქსენოფობური პოზიცია საბოლოოდ ჩიხში მოექცევა, ვინაიდან დღევანდელი მსოფლიო სხვადასხვა მსოფლმხედველობისა და რელიგიის ურთიერთგადაკვეთით ხასიათდება და ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება.

იმ ქვეყნებში კი, სადაც ისლამი დომინირებს, ავტორიტარული მთავრობები საფრთხედ ფუნდამენტალიზმსა და ტერორიზმს ასახელებენ.

უზბეკეთში, მაგალითად, კანონით ისჯება ფუნდამენტალისტების საქმიანობა – აკრძალული რელიგიური ჯგუფების დაარსება, და ამ ჯგუფებში მორწმუნეთა მიზიდვა. 1999 წლის შემდეგ აკრძალულ ისლამურ ჯგუფებში წევრობისთვის (მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია “ჰეზბ უტ ტაჰრირი”), ათასობით ადამიანი დააპატიმრეს.

იმამმა ალიშერ სობიროვმა, სახელმწიფოს მფარველობის ქვეშ მყოფი ხოჯი ახრორის დიდი მეჩეთიდან, ამას წინათ განაცხადა, რომ უზბეკეთის მთავრობის პოლიტიკა სავსებით ეთანადება ისლამურ წესებს, რომლებიც ისლამის შიგნით დანაწევრების წინააღმდეგია.

”ჰეზბ უტ ტაჰრირი, “აჰამდია”, “ჰეზბოლა”და მათი მსგავსნი თავს ჭეშმარიტ მუსლიმანებად თვლიან, მაგრამ ეს გზააბნეული ხალხიაო,” ამბობს სობიროვი.

პაკისტანელი ჟურნალისტი აჰმედ რაშიდი წერს, რომ ისლამის ახალი ექსტრემისტული ფორმები, რომლებიც ვრცელდება შუა აზიაში, შორს არის იქ დაფუძნებული რელიგიური ტრადიციების ტოლერანტული და ზომიერი ფორმებისგან. მისი თქმით, შუა აზია განიცდის პაკისტანის ექსტრემისტული ისლამური სკოლებისა და საუდის არაბეთის ვაჰაბიზმის დოქტრინის გავლენას.
მაგრამ, რაშიდის აზრით, რეპრესიებს საწინააღმდეგო ეფექტი აქვს.

ამ აზრს იზიარებს იანგი, მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების მეთვალყურე კომისიის თავმჯდომარე. მისი თქმით, დევნა ტერორიზმისთვის ნოყიერ ნიადაგს ქმნის და საჭიროა, ყველა ადამიანს მიეცეს უფლება ილოცოს ისე, როგორც მას საკუთარი სინდისი უკარნახებს.

კომისიის განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს თურქმენეთი, სადაც ყველას, ვინც არ იზიარებს ქვეყნის ორ აღიარებულ რელიგიას – ისლამსა და რუსულ მართლმადიდებლობას – ელის ჯარიმა, და ზოგჯერ პატიმრობაც.

რელიგიური თავისუფლებების მომხრეთა აზრით, საჭიროა განემარტოს ხალხს, რომ არსებობს კავშირი ადამიანის ზოგად უფლებებსა და რელიგიის თავისუფლებას შორის.

რელიგიურ სფეროში გაეროს ექსპერტის აბდელფატაჰ ამორის თქმით, რელიგიური შეუწყნარებლობის აღსაკვეთად საჭიროა ე.წ. “პრევენტირების სტრატეგია”, დაფუძნებული განთლებასა და დიალოგზე.
XS
SM
MD
LG