Accessibility links

logo-print

პარლამენტი ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მოსმენას შეუდგა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საკანონმდებლო ხელისუფლება აღმასრულებელთან დაპირისპირებას, სავარაუდოდ, სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების თაობაზე ანგარიშის მოსმენისას გააგრძელებს.

პარლამენტის ბიურომ 4 თვის მაჩვენებლების შესრულების შესახებ ანგარიშის განხილვა უკვე დაიწყო და ამთავითვე გამოიკვეთა გარკვეული ინტრიგა, რაც, ძირითადად, სახელმწიფო მინისტრთან იყო დაკავშირებული.

მორიგ საბიუჯეტო ბატალიებს პარლამენტში უაღრესად დაძაბული ფონი და ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებული ხმაური დაერთო. კანონმდებლებმა სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების თაობაზე ანგარიშის მოსმენა დაიწყეს იმ დროს, როდესაც ახალი ფინანსთა მინისტრი ჯერ არ დაუმტკიცებიათ, კომიტეტის თავმჯდომარეები კი გადამდგრები არიან.
”ტრადიციული ბიუროს სხდომა არატრადიციულ ვითარებასა და არატრადიციული შემადგენლობით იმართება,” - ამგვარად გახსნა პარლამენტის ბიუროს სხდომა 13 მაისს ნინო ბურჯანაძემ.

პარლამენტში პრეზიდენტის მომხრე უმრავლესობის არსებობის დროს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების თაობაზე აღმასრულებელი ხელისუფლების ანგარიში, ტრადიციულად, უმტკივნეულოდ მიმდინარეობდა და მოსმენის შედეგებიც, როგორც წესი, პრეზიდენტისათვის სასურველი გახლდათ.
ამჟამად, როდესაც პარლამენტში პოლიტიკური ქაოსია, გადაყენებულია მთავრი მომხსენებელი, ფინასთა მინისტრი, და საპარლამენტო კომიტეტების საკომანდო პუნქტებიც, ფაქტობრივად, ცარიელია, საბიუჯეტო მოსმენას, შესაძლოა, გაუთვალისწინებელი შედეგები მოჰყვეს. თითქმის არავის ეპარება ეჭვი, რომ, საბოლოოდ, ყველაფერი მაინც შევარდნაძისათვის სასურველი სცენარით წარიმართება, მაგრამ ანგარიშის მოსმენისას დეპუტატები ბრჭყალებს მაინც გამოაჩენენ და მათი რისხვა, ალბათ, სახელმწიფო მინისტრისკენ იქნება მიმართული.
ეს ტენდენცია ბიუროს სხდომამაც დაადასტურა, როდესაც ხალხის რჩეულებმა მომხსენებლად, ჯორბენაძის წარმომადგენელ ზურაბ სოსელიას ნაცვლად, თავად სახელმწიფო მინისტრის ანგარიში მოითხოვეს. ამ პროცესში განსაკუთრებით ”ტრადიციონალისტები” და ”ამღორძინებლები” აქტიურობდნენ, რომელთაც კატეგორიულად მოითხოვეს ჯორბენაძის საკანონმდებლო ხელისუფლების კედლებში ხილვა, რადგან თავის დროზე, როდესაც ისინი ბიუჯეტს ამტკიცებდნენ, მის შესრულებაზე პასუხისმგებლობა სწორედ ახალბედა სახელმწიფო მინისტრმა იკისრა. უფრო მეტიც, ჯორბენაძემ მაშინ ხარჯვითი ნაწილის გაზრდაც კი მოითხოვა. იმ პირობებში კი, როდესაც, ხარჯვითი ნაწილის გაზრდის ნაცვლად, თავად მთავარი ეკონომიკური კანონია გარღვეული, ადვილი წარმოსადგენია მდგომარეობა სახელმწიფო მინისტრისა, რომელსაც დეპუტატები 4 თვის წინანდელ დაპირებებს შეახსენებენ. ამასთან, ლევან ძნელაძისა და ზურაბ ნოღაიდელის გადაყენების შემდეგ, რაშიც ჯორბენაძეს არცთუ მცირე წვლილი მიუძღვის, ლოგიკურიცაა დარღვეულ პარამეტრებზე სწორედ მან აგოს პასუხი.
თავად ბიუჯეტს განვლილ 4 თვეში 30 მილიონ ლარზე მეტი დააკლდა, ეს მაშინ, როდესაც წლის დასაწყისში საბიუჯეტო პარამეტრები, აშკარად, შემცირებული იყო. მაისიდან კი ახალ ფინანსთა მინისტრს, გარღვევის დაბალანსების გარდა, უკვე რეალური მაჩვენებლების შესრულება და სავალუტო ფონდთან შეთანხმებული დამატებითი 25 მილიონი ლარის მოძიება მოუწევს, რაც, ადმინისტრირების დღევანდელი დონის გათვალისწინებით, უკვე არარეალურად გამოიყურება.
XS
SM
MD
LG