Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველი ერის პოლიტიკურ ერად ჩამოყალიბებასთან დაკავშირებული მოსაზრებები


გიორგი კაკაბაძე, თბილისი ვინ შეიძლება მოიაზრებოდეს ქართველი ერის წარმომადგენლად, რა როლი ენიჭება ენას და რელიგიას ერის ჩამოყალიბებაში.

ამ საკითხების გარშემო მოსაზრებებს გამოთქვამს კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი ნუგზარ პაპუაშვილი.

ნუგზარ პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ არსებობს ერის ცნების ეკლესიური გაგება, ენობრივი გაგება, ისტორიული ერთობის გაგება, აგრეთვე, თანამედროვე პოლიტიკური გაგება, როდესაც ერის წარმომადგენლად მოიაზრება ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქე, რომელსაც აქვს სახელმწიფოებრიობის განცდა. ამ გაგებით, ქართველი ერის წარმომადგენელი და საქართველოს მოქალაქე ერთი და იგივეა. [პაპუაშვილის ხმა] “არა აქვს იმას მნიშვნელობა, რა არის მისი საოჯახო, მისი ეთნოსის ან ტომის ენა. მნიშვნელობა აქვს იმას, რომელი ქვეყნის მოქალაქეა და განიცდის თუ არა ის იმ ქვეყნის მოქალაქეობას, იმ ქვეყნის შვილობას, რომლის ტერიტორიაზეც ცხოვრობს”.

იმასთან დაკავშირებით, თუ რა როლი ენიჭება ენას ერის ჩამოყალიბებაში, ნუგზარ პაპუაშვილი საუკეთესო ნიმუშად მიიჩნევს ნიკოლაი ბერდიაევის დეფინიციას, რომლის მიხედვით, ერის შექმნაში მონაწილეობს ენაც, რელიგიაც, ტერიტორიაც, ისტორიული ერთობაც. [პაპუაშვილის ხმა] “ყველა მნიშვნელოვანია, რაც ჩამოვთვალე, მაგრამ გადამწყვეტი არც ერთი არ არის – გადამწყვეტი არის ის, რაზეც მოგახსენეთ, ანუ სახელმწიფოებრივი ცნობიერება, სახელმწიფოებრიობის განცდა”.

რაც შეეხება ილია ჭავჭავაძის თვალსაზრისს აღნიშნული საკითხის თაობაზე, ჩემი თანამოსაუბრე ამბობს: [პაპუაშვილის ხმა] “ილია ჭავჭავაძეს აქვს ჩამოყალიბებული ისეთი აზრები იმასთან დაკავშირებით, რაც არის თანამედროვე თვალთახედვა და თანმედროვე აზრები. მას პირდაპირ აქვს ნათქვამი, რომ არ არის აუცილებელი სახელმწიფოს ყველა მოქალაქე ლაპარაკობდეს ერთ ენაზე იმისათვის, რომ მან იგრძნოს თავი ამ სახელმწიფის სრულფასოვან მოქალაქედ”.

ნუგზარ პაპუაშვილის თქმით, “რასაკვირველია, სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს იმაზე, რომ ყველა მოქალაქემ იცოდეს სახელმწიფო ენა, მაგრამ ეს პროცესი ძალდატანებით ხასიათს არ უნდა ატარებდეს. მეტიც, ქართული ენის არმცოდნე მოქალაქეებს უნდა გაუჩნდეთ ენის შესწავლის აუცილებლობის სურვილი და შესაბამისი ნებაც გამოამჟღავნონ”.


გარდა ამისა, ნუგზარ პაპუაშვილი ხაზს უსვამს ილია ჭავჭავაძის კიდევ ერთ თვალსაზრისს, რომლის მიხედვითაც, დასავლეთ ევროპის რეფორმაციამ გააქარწყლა მცდარი შეხედულება, რომ რჯულის სხვადასხვაობა ხელს უშლის ერის მთლიანობას.

“ამდენად, როგორც ენას, ისე რელიგიას არ უნდა ენიჭებოდეს გადამწყვეტი მნიშვნელობა ქართველი ერის, როგორც პოლიტიკური ერის, ქმნადობაში”, - მიიჩნევს ჩვენი რესპონდენტი, რომლის თქმით, “წინააღმდეგ შემთხვევაში, საფრთხე დაემუქრება ქართველი ერის მთლიანობას”. ნუგზარ პაპუაშვილი ამბობს, რომ, მაგალითად, პანკისის ხეობის ქისტი მოსახლენი, ჩვეულებისამებრ, ქართველი ერის წარმომადგენლებად მოიაზრებდნენ თავს, მაგრამ დღევანდელი თაობა, პოლიტიკური ერის თვალსაზრისით, უფრო ჩეჩნებთან აიგივებს თავს, ვიდრე ქართველებთან. [პაპუაშვილს ხმა] “შეიძლება ეს იმან გამოიწვია, რომ ჩვენ გადამეტებული მნიშვნელობა მივანიჭეთ ერისა და ენის, ენისა და რელიგიის იდენტიფიკაციას”.

ნუგზარ პაპუაშვილის თქმით, “თუ საქართველო თანამედროვე სახელმწიფოდ ყალიბდება, მაშინ ქართველი ერი პოლიტიკურ ერად უნდა მოიაზრებოდეს. მისი ნებისმიერი წარმომადგენელი, ეთნოსის, ენისა და რწმენის განურჩევლად, ქვეყნის სრულფასოვან, სრულუფლებიან წევრად უნდა გრძნობდეს თავს”.
XS
SM
MD
LG