Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფ ციის ახალი კონტურები


საქართველოში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციები და დამოუკიდებელი ექსპერტები, დღევანდელი და მოსალოდნელი გამოწვევების საპასუხოდ,

ხელისუფლებას ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაზე მუშაობის დაჩქარებას სთხოვენ. ამ მივიწყებული იდეის რეანიმირებას თავისებური სტიმული მისცა ერთი თვის წინ გერმანიის ქალაქ გარმიშ-პარტერკირხენში ჩატარებულმა სემინარმა, საიდანაც 52 კაციანი საქართველოს დელეგაცია შთაბეჭდილებებით აღსავსე დაბრუნდა.

ქვეყნის კონსტიტუციის შემდეგ, ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია მეორე უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ დოკუმენტს წარმოადგენს. ამიტომ კონსტიტუციაზე მუშაობის პარალელურად, 90-იანი წლების შუახანებიდან საქართველოში აქტიურად დაიწყო საკუთარი ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაზე მუშაობა. მეტიც, სხვადასხვა სახელისუფლო სტრუქტურაში შეიქმნა კონცეფციის რამდენიმე ვარიანტი, ხოლო 1997 წელს საქართველოს პარლამენტმა შეიმუშავა "საქართველოს საზოგადოებრივი ცხოვრების მდგრადობის, სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების განმტკიცების ძირითადი პრინციპები" და მიიღო საქართველოს სამხედრო დოქტრინა. მიუხედავად ამისა, საქართველოში არ არის მკაფიოდ განსაზღვრული საფრთხეები, უპასუხოდ არის დატოვებული ბევრი შეკითხვა, რაც, თავის მხრივ, ხელს უშლის ამ საფრთხეთა განეიტრალებას. ამიტომ შეკითხვაზე, აქვს თუ არა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია - საქართველოში ხშირად გაიგონებთ ისეთ ურთიერთგამომრიცხავ პასუხს, როგორიც საგარეო საქმეთა სამინისტროში 14 მაისს გამართულ საზოგადოებრივი ცენტრის წევრთა შეკრებაზე საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდის ექსპერტის, ლადო პაპავას, პირიდან გაისმა.
[ლადო პაპავას ხმა] "ძალიან ადვილად შეიძლება დასაბუთება იმის, რომ საქართველოს აქვს. და ასეთივე წარმატებით შეიძლება იმის თქმა, რომ არა, არა აქვს".

სამაგიეროდ, ახლა უფრო ადვილია პასუხის გაცემა შეკითხვაზე, სჭირდება თუ არა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია და არსებობს თუ არა რესურსი იმისათვის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ბოლომდე მიიყვანოს დაწყებული მუშაობა. პასუხები, როგორც შეხვედრაზე გაირკვა, პოზიტიურია. ამგვარ ოპტიმიზმს ზურგს უმაგრებს ორი გარემოება: საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ქართველი ექპერტებისა და სახელმწიფო მოხელეების მონაწილეობით ერთი თვის წინ გარმიშ-პატერკირხენში ჩატარებული სემინარი და საქართველოს უსაფრთხოებით ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის დაინტერესება. ამასთან, თუ ევროპული სემინარის მთავარი გამოცდილება იმაში მდგომარეობს, რომ სამთავრობო თუ არასამთავრობო წრეების წარმომადგენლებმა გუნდური თამაშის წესები ისწავლეს და კარგი ბირთვი შექმნეს უსაფრთხოების ფუნდამენტური პრინციპების შესამუშავებლად, ამერიკის ინტერესების ზრდა, პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, სასწრაფოდ მოითხოვს კონცეპტუალურ გაფორმებას.
[რამაზ საყვარელიძის ხმა] "თუნდაც ის პრიორიტეტი რომ გავარკვიოთ, რომ ისრაელის ფუნქციას ვასრულებთ, ესეც გარკვეულობაა და ამერიკულმა მხარემ უკვე დღეისთვის გვითხრა ეს, რომ დაახლოებით ანალოგიური ფუნქცია გეკისრებათო. ამ კითხვებზე ჩვენ თუ დროზე არ გავეცით პასუხი, რა განსხვავება აქვს მერე, რეაქცია რა იქნება?"[სტილი დაცულია]

აღსანიშნავია, რომ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას თავის დროზე საქართველოს პრეზიდენტმა "მცირე კონსტიტუცია" უწოდა და მასზე მუშაობის კოორდინირება საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილ სახელმწიფო კომისიას დაავალა. თუმცა, საგარეო პოლიტიკური კვლევისა და ანალიზის ცენტრის ხელმძღვანელ ალექსანდრე რონდელის აზრით, რაკი ამ კომისიის შემადგენლობა თითქმის მთლიანად შეიცვალა, მიზანშეწონილი იქნება ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაზე მუშაობას უშუალოდ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა თედო ჯაფარიძემ უხელმძღვანელოს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG