Accessibility links

logo-print

ჟვანიასა და მამალაძის დაჯგუფებები ცენტრალური საარჩევნო კომისიის 13 მაისის გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ


ადგილობრივი არჩევნების წინ აფსაიდში აღმოჩენილი მოქალაქეთა კავშირის წევრები ბედთან შეგუებას არ აპირებენ.

ჟვანიას გუნდიცა და მამალაძის მხარეც ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში ასაჩივრებს. ასე რომ, მოქალაქეთა კავშირისთვის ბრძოლა გრძელდება. 13 მაისს რუსთაველის გამზირზე ატეხილი ცემა-ტყეპის შემდეგ მამალაძის მომხრეები ჟურნალისტთა სახლში შეიკრიბნენ და მოქალაქეთა კავშირში შექმნილ დაპირისპირებაზე ისაუბრეს. არჩევნებში მონაწილეობის იმედი მათ ჯერ არ დაუკარგავთ.

პარადოქსია, მაგრამ პარტია, რომელიც თავს ქვეყნის სტაბილურობის გარანტად ასაღებდა, დესტაბილიზაციის საფრთხის მატარებელი გახდა. სწორედ ამ პარტიის – მოქალაქეთა კავშირის - წევრებს შორის 13 მაისს ამტყდარი შეხლა-შემოხლა გახდა მიზეზი იმისა, რომ უშიშროების მინისტრი დესტაბილიზაციის აგორების საშიშროებაზე ალაპარაკდა. ვალერი ხაბურძანიამ განცხადება ოპერატიულ მონაცემებზე დაყრნობით გააკეთა და მხარეებს დაშოშმინებისკენ მოუწოდა. მხარეებიც, ასე თუ ისე, დაშოშმინდნენ და სადავო საკითხის გასარკვევად სასამართლოს გზა აირჩიეს.

მოქალაქეთა კავშირის არჩევნებიდან მოხსნას ისინი უზენაეს სასამართლოში ასაჩივრებენ. ასე რომ, სასამართლომ კიდევ ერთხელ უნდა გაარკვიოს, ვის ეკუთვნის მოქალაქეთა კავშირი - ჟვანიასა და მის ირგვლივ გაერთიანებულ ახლად გამომცხვარ ოპოზიციონერებს თუ ლევან მამალაძესა და იმ პირებს, რომლებიც მოქალაქეთა კავშირს კვლავაც პრეზიდენტის დასაყრდენ ძალად მიიჩნევენ. ეს უკანასკნელნი ჟვანიას გუნდს პრეზიდენტისადმი უმადურობას აყვედრიან და პარტიაში წარმოქმნილ დაპირისპირებასაც ამ უმადურობით ხსნიან.

[თამაზ სუპატაშვილის ხმა] “ კაცად აქცია, ქვეყანაში მეორე კაცობა ჩააბარა, კომიტეტები ჩააბარა, ყველაფერი გაუკეთა და მერე აქეთ შემოუბრუნდნენ.”

ზურაბ ჟვანიას გუნდის ქმედებას ასეთი შეფასება თამაზ სუპატაშვილმა მისცა. ის იმ საზღვრისპირა სავაჭრო ცენტრის დირექტორია, რომლის ერთ-ერთ რგოლსაც სადახლოს ბაზრობა წარმოადგენს, და თუ რა კავშირია ბაზრობის - მათ შორის, სადახლოს ბაზრობის - ხელმძღვანელობასა და 13 მაისს ცემა-ტყეპაში გადაზრდილ შიდაპარტიულ დაპირისპირებას შორის, ამაზე თავად თამაზ სუპატაშვილი მოგახსენებთ. ცნობისათვის: ის მოქალაქეთა კავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელია.

[თამაზ სუპატაშვილის ხმა] “ ქვემო ქართლში 78 წლიდან ვმუშაობ. ასე რომ, ბარამიძე რომ ლაპარაკობდა, წადი სადახლოშიო, ეგრე არ არის. ბარამიძეს მწვანეთა პარტიაში ჰქონდა გლეხებისთვის კიტრისა და პამიდვრის წართმევის გამოცდილება და, ეტყობა, დღესაც ეგრე ჰგონია.”

აი, ასეთია ერთ დროს ძლევამოსილი და უალტერნატივო პარტიის რეალობა. ერთი მხარე მეორეს თუ გლეხებისთვის კიტრისა და პამიდვრის წართმევას აბრალებს, მეორე მხარემ 13 მაისს მამალაძის მიერ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობის პიკეტირების მიზნით, ქვემო ქართლიდან მობილიზებულ ადამიანებში უცხო აღნაგობისანი დაინახა, თუმცა ეს ადამიანები იმ კუთხეს წარმოადგენდნენ, რომლის 350000 ხმა მოქალაქეთა კავშირს გარანტირებული ჰქონდა.

[თამაზ სუპატაშვილის ხმა] “ ის ხალხი, რომლის აღნაგობაც ბარამიძეს არ მოეწონა, მოქალაქეთა კავშირს 350000 ხმას აძლევდა.”

საინტერესოა, კიდევ რა მიმართულებას მიიღებს ეს შიდაპარტიული კინკლაობა.
მხარეები უზენაეს სასამართლოში ჩივიან. მოქალაქეთა კავშირისთვის ბრძოლა გრძელდება. თუმცა საზოგადოება ამ ბრძოლის ყურებამ დაღალა.
XS
SM
MD
LG