Accessibility links

logo-print

პერსონალური გამოფენა გარდაცვალების შემდეგ


8 მაისს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში გაიხსნა ელგუჯა ამაშუკელის პერსონალური გამოფენა.



ელგუჯა ამაშუკელი წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა საქართველოს მხატვართა კავშირს, მაგრამ თავისი პერსონალური გამოფენის მოწყობა მაინც ვერ შეძლო. ცნობილი ქართველი მოქანდაკის ერთად თავმოყრილი ნამუშევრების ხილვა თბილისელებმა მხოლოდ დღეს მოახერხეს, მას შემდეგ, რაც ელგუჯა ამაშუკელის გარდაცვალებიდან ერთ თვეზე მეტი გავიდა. რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობთ ამაშუკელის მონუმენტურ ძეგლებს, თუნდაც “ქართლის დედასა” და ვახტანგ გორგასალს – ამ შემთხვევაში ლაპარაკია ელგუჯა ამაშუკელის გრაფიკულ ნამუშევრებზე, სკულპტურულ თავებზე, დეკორატიულ ქანდაკებაზე... მათი უმრავლესობა არასდროს გამოფენილა. ექსპოზიციის ორგანიზატორებმა უდავოდ სწორი გადაწყვეტილება მიიღეს: ამაშუკელის კომპოზიციები წარმოადგინეს არა რომელიმე კერძო, პოპულარულ სამხატვრო გალერეაში, არამედ ხელოვნების მუზეუმში... და არა მარტო იმიტომ, რომ თუნდაც საგამოფენო დარბაზის ცენტრში განთავსებული ამაშუკელის სკულპტურა - ნიკოლოზ ბარათაშვილი და ფიროსმანი, ფარნავაზი და გალაქტიონი – დიდი ხანია ქართველი ხალხის კულტურულ მემკვიდრეობად იქცა. ხელოვნების მუზეუმში ეს ნამუშევრები მეოცე საუკუნის კულტურის შედევრების გვერდით, ასე ვთქვათ, “კონტექსტში” იკითხება და გამოხატავს ქართული ხელოვნების განვითარების ერთ ეტაპს, 60-იანი წლების ეპოქას, რომლის ერთ-ერთი სიმბოლო ელგუჯა ამაშუკელია.

სიმბოლოდ, “სიმბოლოებად” აღიქმება გამოფენაზე წარმოდგენილი კომპოზიციებიც, გაერთიანებული საერთო მოტივით, რომელსაც ექსპოზიციის ორგანიზატორებმა, პირველ რიგში კი, ამაშუკელის მეუღლემ, პოეტმა ლია სტურუამ, “პლასტიკური და მუსიკალური ასოციაციები” უწოდეს. მუსიკის თემა აქ შემთხვევით არ გაჩნდა: ელგუჯა ამაშუკელის ადრეულ ნამუშევრებში ხომ სწორედ მუსიკაა წამყვანი.“ბარტოკის ჰარმონიები”, “ეტიუდი ვაგნერით”, “ტყის სიმღერა” – ასე დაასათაურა მოქანდაკემ პირველი, მართლაც რომ, მეტაფორული კომპოზიციები, რომელშიც არა იმდენად საზეიმო-მონუმენტური სტატიკურობა, რამდენადაც მოძრაობაა მთავარი. მას შემდეგ, რაც გამოფენის დამთვალიერებელი მხატვრის მუსიკალურობაში დარწმუნდება, იგი სულ სხვა თვალით შეხედავს ამაშუკელის ქანდაკებას. მართალია, ელგუჯა ამაშუკელის დაზგურ ქანდაკებაშიც კი ეპიკურობა და ძალაა წამყვანი, ეს მხატვარი არასდროს ემორჩილებოდა ქვის მონსტრის შექმნის ცდუნებას. იგი “სამოციანელი” იყო და, თავისი თაობის თითქმის ყველა წარმომადგენლის მსგავსად, სწამდა, რომ “სილამაზე (პლასტიკა და მუსიკა) იხსნის სამყაროს”. დღეს “სამოციანელთა” ამ იდეით, “ადამიანურ ხელოვნებასა” და “მუსიკალურ ქანდაკებაზე” ოცნებით ხორცშესხმული ნაწარმოებები ხელოვნების მუზეუმში გამოიფინა. საქართველოში რომანტიზმი სამუზეუმო არქივის “საკუთრება” ხდება. მას იცავენ როგორც საგანძურს, რომელიც აბსოლუტურად აღარ ასახავს რეალობას.
XS
SM
MD
LG