Accessibility links

logo-print

შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ჯიმი კარტერი კუბას რეფორმებისკენ მოუწოდებს


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ჯიმი კარტერი, რომელიც კუბაში იმყოფება ვიზიტით, 14 მაისს საღამოს ადგილობრივი ტელევიზიით გამოვიდა.

თავის სიტყვაში, რომელიც პირდაპირი ეთერით მთელს ქვეყანაში გადაიცემოდა, მან მოუწოდა კუბის პრეზიდენტს ფიდელ კასტროს, ჩაატაროს რეფერენდუმი პოლიტიკური უფლებების ფართომასშტაბიანი რეფორმების საჭიროების თაობაზე. მისი თქმით, ეს შეარბილებს სოციალისტურ სისტემას, რომელშიც ადამიანს ელემენტარული უფლებები აქვს წართმეული.

კარტერი არის ამერიკის ყველაზე მაღალი რანგის ოფიციალური პირი, რომელიც კი სწვევია კუბას 1959 წლის რევოლუციის შემდეგ, როცა ხელისუფლების სათავეში კასტრო მოვიდა.

“კუბაში მოქმედებს ერთპარტიული სოციალისტური მთავრობა. ხალხს არ ეძლევა არავითარი ოპოზიციური მოძრაობის დაარსების ნება,” თქვა კარტერმა. მან აღნიშნა, რომ თუმცა კუბის კონსტიტუცია ითვალისწინებს სიტყვისა და თავშეყრის თავისუფლებას, სხვა წესები უარყოფს ამ თავისუფლებებს, იმათთვის, ვინც მთავრობის კურსს არ ეთანხმება.

კარტერმა ახსენა პეტიცია, რომელსაც ხელი მოაწერა 11 ათასმა კუბელმა. პეტიცია, რომელიც გასულ პარასკევს გადაეცა ეროვნულ ასამბლეას, მოითხოვს რეფერენდუმის ჩატარებას სამოქალაქო უფლებების გაფართოებისა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების თაობაზე.

“როცა კუბელები, გამოიყენებენ რა თავიანთ უფლებას, მშვიდობიანი გზით – პირდაპირი კენჭისყრით – შეცვალონ კანონები, მთელი მსოფლიო დაინახავს, რომ ამ ქვეყნის მომავალ ბედს კუბელები წყვეტენ, და არა უცხოელები”, თქვა კარტერმა.

კარტერმა, რომელიც ესპანურად ლაპარაკობდა, შეერთებულ შტატებსაც მოუწოდა, გააუქმოს 40 წლის წინათ დაწესებული სავაჭრო ემბარგო კუბის წინააღმდეგ და მოხსნას კუბაში მოგზაურობის შეზღუდვები. [კარტერის ხმა] “ემბარგო შექმნილი ჩიხიდან თავის დაღწევის საშუალებას არ იძლევა, იწვევს გაღიზიანებას, ზღუდავს შეერთებული შტატების მოქალაქეთა გადაადგილების თავისუფლებას და გვიძნელებს იდეების გაცვლა-გამოცვლასა და პატივისცემის გამოხატვას”.

კარტერის მოწოდებამ კუბასთან ურთიერთობათა გაუმჯობესებისკენ თეთრ სახლში დადებითი გამოხმაურება ვერ ჰპოვა. როგორც ჯორჯ ბუშმა სამშაბათს აღნიშნა, [ბუშის ხმა] “ფიდელ კასტრო დიქტატორია, მისი მეთოდები რეპრესიულია; მან უნდა ჩაატაროს თავისუფალი არჩევნები, დაუშვას თავისუფალი პრესა, გაათავისუფლოს პატიმრები და ხელი შეუწყოს თავისუფალ მეწარმეობას. და მე მოვუწოდებ ფიდელს და მოვუწოდებ კუბელ ხალხს: მოითხოვეთ თავისუფლება და თქვენ გეყოლებათ პრეზიდენტი, რომელიც მხარში ამოგიდგებათ.”

ორშაბათს ბუში გამოვა ფლორიდაში, კუბელი ლტოლვილების წინაშე. ოფიციალური პირების ცნობით, ის კუბაში ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერებისა და კუბაში წამსვლელი ამერიკელების მიმართ სანქციების შემოღების შესახებ განცხადების გაკეთებას აპირებს.

კარტერი გამოვიდა ჰავანის უნივერსიტეტის დარბაზში, რომლის პირველ რიგში თვით კასტრო იჯდა. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ესოდენ გავლენიანი ამერიკელის საჯარო გამოსვლა ცენზურის გარეშე გადაიცა.

კარტერის გამოსვლას საგანგებოდ შერჩეული პირები ესწრებოდნენ და კრიტიკას ზოგიერთმა მათგანმა გაღიზიანებით უპასუხა. მაგრამ მიუხედავად ამისა, საღამოს დამთავრების შემდეგ აუდიტორია, კასტროს მეთაურობით, ფეხზე წამოდგა და კარტერს ოვაცია მოუწყო.
XS
SM
MD
LG