Accessibility links

logo-print

უზბეკეთში ისლამისტი ექსტრემისტების წინააღმდეგ მიმართული კამპანია ქალებზეც ვრცელდება


"ქალი და მსოფლიოს" დღევანდელ თემად უზბეკეთის არჩევის მიზეზი გახდა

ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია "ჰიუმან რაითს უოჩის" კრიტიკა იქ მუსულმან ქალთა დევნის შემთხვევების გამო. როგორც ორგანიზაციამ შეიტყო, გასულ თვეში უზბეკეთის პოლიციამ ფერგანის ხეობასა და ტაშკენტში ქალთა დემონსტრაციები დაშალა და დააპატიმრა ამ გამოსვლების ოცამდე მონაწილე. იუწყებიან აგრეთვე სასამართლო პროცესების შესახებ, რომელთაგან ერთი - აკრძალული რელიგიური დაჯგუფების წევრობაში ეჭვმიტანილი ქალების დამნაშავედ ცნობით დამთავრდა.

დამოუკიდებელი ისლამური დაჯგუფებების წევრები უზბეკეთში 90-იანი წლების მიწურულიდან იდევნებიან - ოფიციალური ტაშკენტი მათ მიიჩნევს ექსტრემისტებად, რომლებიც საფრთხეს უქმნიან მთელი რეგიონის უშიშროებას. 11 სექტემბრის ტრაგედიის შემდეგ ამ ბრალდებამ, ბუნებრივია, განსაკუთრებული აქტუალობა შეიძინა: უზბეკეთის ხელმძღვანელობამ მისი თამამად გამეორება დაიწყო და, როგორც იუწყებიან, კიდევ უფრო გაამკაცრა ექსსტრემიზმში ეჭვმიტანილთა დევნა. სხვათა შორის, ბოლო თვეებში ტაშკენტმა უკვე არაერთხელ დაიმსახურა შექება ანტიტერორისტულ კოალიციასთან თანამშრომლობის გამო. თუმცა უფრო ხშირად, უზბეკეთის ხელმძღვანელობა კრიტიკის საგანი ხდება, პირველ რიგში ადამიანის უფლებების დამცველთა კრიტიკის საგანი. აკრიტიკებენ, მაგალითად, უკანონო დაპატიმრებების გახშირებას, რომელთან ერთად ტაშკენტში "ჰიუმან რაითს უოჩის" დროებითი წარმომადგენელი, მარი სტრუტერსი სხვა დარღვევებსაც ჩამოთვლის - ესენია: [სტრუტერსის ხმა] "უარი დამოუკიდებელ იურიდიულ თანადგომაზე, შეთითხნილი ბრალდებები, მოწმეები, რომლებიც არასრულ და წინააღმდეგობრივ ჩვენებებს იძლევიან, ვექილების, პროკურორებისა და მოსამართლეების მოუმზადებლობა".

და თუ აქამდე, იშვიათი გამონაკლისის გარდა, მამაკაცებს დევნიდნენ (მათგან დაპატიმრებულია ათასობით ადამიანი), ბოლო რამდენიმე კვირა მკაცრი ზომები ქალებზეც ვრცელდება. როგორც მარი სტრუტერსმა ჩვენს თანამშრომელთან, ანტუან ბლუასთან საუბარში თქვა:[სტრუტერსის ხმა] "კამპანიას ახასიათებს დაკავებულ ქალთა რიცხვის ზრდა. აკავებენ, უწინარესად, ქალებს, ვინც თავსაფრით დადის და მონაწილეობს დემონსტრაციებში, რათა პროტესტი გამოთქვას მთავრობის მკაცრი პოლიტიკის წინააღმდეგ - მამაკაცების დაპატიმრებისა და რელიგიურ პატიმრებთან უხეშად მოპყრობის წინააღმდეგ."

23 აპრილს უზბეკეთის პოლიციამ სულ ცოტა 9 ქალი და მათი შვილები დააკავა ტაშკენტში და ასევე, სულ ცოტა 9 ქალი - ფერგანის ხეობაში მდებარე მარგილანში. "ჰიუმან რაითს უოჩის" ინფორმაციით, ორივე ადგილას ათობით ქალი გამოთქვამდა პროტესტს მუსლიმანი დისიდენტების დევნის გამო და მოითხოვდა დაპატიმრებული ნათესავების გათავისუფლებას. საქმე დემონსტრანტების შეპყრობით არ დამთავრებულა. 24 აპრილს ტაშკენტის ერთ-ერთმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა სასამართლო პროცესში, რომელიც აკრძალულ რელიგიურ დაჯგუფება "ჰიზბ უტ-ტაჰრირის" წევრობის ბრალდებით 4 ქალს მოუწყეს. ლაპარაკია ე.წ. "გათავისუფლების პარტიაზე", რომელიც შუა აზიაში ხალიფატის აღდგენის მოწოდებით გამოდის და გმობს საერთაშორისო ანტიტერორისტულ კამპანიას ავღანეთში. მსჯავრდებულებისათვის გამოტანილი განაჩენებიდან ყველაზე მკაცრი 4 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გარდა ამისა, ტაშკენტში გრძელდება რელიგიურ ესქტემიზმში ბრალდებული კიდევ 4 ქალის სასამართლო პროცესი.

მიმომხილველების შეფასებით, "ჰიზბ უტ-ტაჰრირში" ქალთა გააქტიურება ცხადჰყოფს ამ ორგანიზაციის წარმატებულ მცდელობას, ახალი წევრებით შეავსოს თავისი რიგები, რომლებიც ხელისუფალთა მიერ მამაკაცების დაპატიმრებამ დაასუსტა. აი, რას ამბობს მოსკოვში დაფუძნებულ ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაცია "მემორიალის" თანამშრომელი" ვიტალი პონომარიოვი: [პონომარიოვის ხმა] "ქალების ჯგუფები ყოველთვის შეადგენდნენ "ჰიზბ უტ-ტაჰირის" გარკვეულ ნაწილს და არსებობდა ქალების გარკვეული ჯგუფები სახელწოდებით "ჰალკა", რომლებიც ცალკე იკრიბებოდნენ. დაახლოებით ორი წლის წინ "ჰიზბ უტ-ტაჰრირმა" გადაწყვიტა ჯგუფის პოლიტიკურ საქმიანობაში ქალების უფრო აქტიურად ჩართვა, რადგან უზბეკეთის ხელმძღვანელობა ისე უხეშად არ ეპყრობა ქალებს, როგორც მამაკაცებს."

ზოგიერთი შეფასებით, "ჰიზბ უტ-ტაჰრირის" წევრთა დაკავების შემთხვევებმა მართლაც იკლო. მაგრამ "მემორიალის" თანამშრომელი ფიქრობს, რომ ეს ტენდენცია არ უნდა ავხსნათ უზბეკეთის ხელმძღვანელობის კურსის ლიბერალიზაციით. პონომარიოვის თქმით: [პონომარიოვის ხმა] "ერთი მხრივ, "ჰიზბ უტ-ტაჰრირის" საჯარო აქტიურობა შენელდა. მაგრამ მეორე მხრივ, გაიზარდა მისი იატაკქვეშეთში საქმიანობის მასშტაბი. ამის გამო ხელისუფლებას უჭირს ახალი აქტივისტების, "ჰიზბ უტ-ტაჰრირის" ახალი წევრების მიკვლევა და დაპატიმრება".

მართლაც, აპრილის მიწურულს თავად პრეზიდენტმა ისლამ ქარიმოვმა დაადასტურა, რომ მთავრობა არ აპირებს კურსის შეცვლას: ქარიმოვმა ტაშკენტში ირანის პრეზიდენტ მოჰამად ხათამის ვიზიტის დროს გამართულ პრეს-კონფერენციაზე გამოსვლისას დაპატიმრებები და სასამართლო პროცესები - რადიკალ ექსტრემისტებთან ბრძოლად მოიხსენია: [ქარიმოვის ხმა]"ეს არ არის, უბრალოდ, გახშირებული შემთხვევები - ეს არის ხანგრძლივი ბრძოლა რადიკალ ისლამისტ აქტივისტებთან."

მაგრამ, თუ ქარიმოვი ისლამური ექსტრემისტული დაჯგუფებების დევნას გამართლებულად მიიჩნევს, ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები შიშობენ, რომ რეპრესიები ასეთი დაჯგუფებების რადიკალიზაციას გამოიწვევს. როგორც "ჰუმან რაითს უოჩის" წარმომადგენელი აღნიშნავს, თუ არ მიიღებენ ზომებს დამოუკიდებელი მუსლიმანი მორწმუნეების რელიგიური და ადამიანის უფლებების დასაცავად, ექსტრემისტთა რიცხვი სულ უფრო გაიზრდება. მარი სტრუტერსის სიტყვებით: [სტრუტერსის ხმა] "თუ რეპრესიები გაგრძელდა, შეიქმნება ნიადაგი მეტი ექსტრემისტული ჯგუფისთვის, რომელთაც არ გააჩნიათ თავიანთი შეხედულებების სხვაგვარად, მშვიდობიანად გამოთქმის ასპარეზი".

ადამიანის უფლებათა დამცველების კრიტიკამ, როგორც ჩანს, გარკვეული შედეგი მაინც გამოიღო. შეერთებულ შტატებში წლევანდელი მარტის ვიზიტის მოახლოებასთან დაკავშირებით ყარიმოვმა იმიჯის გაუმჯობესება განიზრახა: უზბეკეთში სასამართლოს უპრეცენდენტო გადაწყვეტილებით, 4 პოლიციელს მიესაჯა პატიმრობის აღკვეთა 1 დაკავებულის წამებით მოკვლისა და კიდევ 1 დაკავებულის სხეულის მძიმედ დაზიანების გამო. გარდა ამისა, რეგისტრაციაში გატარდა ადამიანის უფლებათა დამცველი პირველი ჯგუფი ამ ქვეყანაში - "ადამიანის უფლებათა დამცველი დამოუკიდებელი ორგანიზაცია". მაგრამ პრეზიდენტის ოპონენტები კვლავინდებურად უკმაყოფილო არიან: ისინი მთავრობის შემრიგებლურ ტონს ნამდვილ ლიბერალიზაციად კი არა - დასავლეთის თვალში ქულების დაწერის მცდელობად მიიჩნევენ.
XS
SM
MD
LG