Accessibility links

რას მოიტანს ერაყის სანქციების გადასინჯვა


გაეროს უშიშროების საბჭომ დაადგინა, რომ ერაყის მიმართ სპარსეთის ყურის ომის შემდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციები უნდა გარდაქმნას.

უფრო სწორად, შემოღებულ იქნება სანქციების ახალი სტრუქტურა, რომელიც ივნისიდან შევა ძალაში. ამ სისტემის შემოღება ჰუმანიტარული და სამოქალაქო დანიშნულების საქონლის ერაყში უფრო იოლად შესვლას მოემსახურება. ადრე თვით სამედიცინო დანადგარების სათადარიგო ნაწილების იმპორტი ყოვნდებოდა ხოლმე. ამავე დროს კი ერაყს უფრო მეტად გაუჭირდება იარაღის წარმოებისთვის საჭირო საქონლის ქვეყანაში შეტანა. სანქციების რეფორმა შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთის დიდი ხნის მიზანს წარმოადგენს. ახალი სტრუქტურის შემოღებას ეწინააღმდეგებოდა ერაყის მოკავშირე რუსეთი, რომელიც ეკონომიკური აღმავლობისთვის სანქციების საერთოდ გაუქმების წინადადებით გამოდიოდა.
იარაღის ექსპერტები, რომლებსაც უმუშავიათ ერაყის პრობლემაზე, იმაზე, რომ ეს ქვეყანა ფარულად ცდილობდა მასობრივი განადგურების იარაღის შექმნას, მიესალმნენ გადაწყვეტილებას. ამ ახალი სისტემის თანახმად, ივნისიდან გაეროს ინსპექტორთა ორი ჯგუფი, ერაყის მეთვალყურეთა ჯგუფი, და ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტო, შეამოწმებენ ყველა ხელშეკრულებას, რომელიც ერაყში საქონლის შეტანაზეა დადებული, რათა დარწმუნდნენ, არის თუ არა მათ შორის საეჭვო პროდუქტები. საეჭვო კონტრაქტებს კიდევ ერთხელ გადასინჯავენ, სანქციების კომიტეტი მათ ან დაამტკიცებს, ან უარყოფს.

აქვე მოკლედ შეგახსენებთ, რომ 1990 წელს ერაყისთვის დაწესებული სანქციები გაუქმდება მაშინ, როცა გაეროს ექსპერტები დაადასტურებენ, რომ ერაყმა შეაჩერა მასობრივი განადგურების იარაღის წარმოების პროგრამები და თავისი ბალისტიკური რაკეტების მოქმედების სიშორე შეამცირა 150 კილომეტრამდე.

საყოველთაოდ გავრცელდა აზრი, რომ ახლა ერაყის ხელისუფლებას გაუჭირდება ეკონომიკური პრობლემები გაეროს სანქციებს გადააბრალოს. ასე ფიქრობს დევიდ კორტრაიტი, "თავისუფლების მეოთხე ფორუმის" სახელით ცნობილი იმ ორგანიზაციის თამჯდომარე, რომელიც მშვიდობიანი ფორმით ცდილობს მასობრივი განადგურების იარაღის ლიკვიდაციას. [კორტრაიტის ხმა] "ერაყის მთავრობა პასუხისმგებელია ყველა ამ პროდუქტის შეტანაზე, ისე რომ, თუკი კვლავ იქნა ჰუმანიტარული ან სოციალური პრობლემები, ისინი ერაყის მთავრობის კისერზეა, ის იღებს შემოსავალს ნავთობიდან, ახლა კი სამოქალაქო ტვირთის შეტანისთვის ხელის შეშლა აღარ იქნება".

უშიშროების საბჭოს დიპლომატების აზრით, ერაყის მთავრობა ნავთობის ფარულად გაყიდვიდანაც იღებს ფულს. მაგრამ მათთვის ისიც ცნობილია, რომ ერაყის შემოსავლის 80 პროცენტი გაეროს პროგრამაზე მოდის.

რაც შეეხება საქონლის კონტროლს, საქმე მარტივად არ არის. საერთაშორისო ურთიერთობის მონტერეის ინსტიტუტის იარაღის გაუვრცელებლობის ცენტრის თანამშრომელი ამინ ტარზი ერაყის ექსპერტია. მისი აზრით, უამრავია იმ ტიპის პროდუქტი, რომელიც თავისთავად არ არის სამხედრო მიზნით წარმოებული, მაგრამ შეიძლება გამოყენებული იქნეს იარაღის შესაქმნელად. მით უმეტეს, რომ, მისი თქმით, ერაყელები ამის დიდოსტატები არიან. მაგრამ ტარზი დარწმუნებულია მისი კოლეგების კომპეტენტურობაში. სხვა ექსპერტი, ჯონათან ტაკერი, რომელიც იმავე უწყების თანამშრომელია ბიოლოგიური და ქიმიური იარაღის სფეროში, უფრო სერიოზულ საფრთხეს ხედავს ამ ორმაგი გამოყენების საქონელში. ის ამბობს, რომ ნებადართული დანიშნულების არაერთი პროდუქტი, ნივთიერება და აღჭურვილობა, შეიძლება იოლად იქნეს მოხმარებული ბიოლოგიური იარაღის შექნისთვის.
XS
SM
MD
LG