Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაფინანსებული ცილისწამება ქართულ თავისუფალ მედიაში


დავით პაიჭაძე, თბილისი საქართველოში სრული სვლით გრძელდება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოებისთვის ამ სექტორიდან ცნობილი პიროვნებების დისკრედიტაცია.

ზოგიერთი გამოცემა, სადაც კონკრეტული ადამიანისა და მისი საქმიანობის განმაქიქებელი წერილი იბეჭდება, არც მალავს, რომ ასეთი შინაარსის პუბლიკაციებში ფული აქვს აღებული. ასე მაგალითად, ხუთშაბათს, 16 მაისს, გაზეთმა "ალიამ" გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს, ლევან ბერძენიშვილს, ბრალი დასდო ფონდიდან - "ღია საზოგადოება - საქართველო" გრანტის სახით გამოყოფილი თანხების მისაკუთრებაში. თუმცა სიმართლეს თითქოს გარკვევა არც სჭირდებოდა, მაინც მივმართე თბილისში მოქმედი ფონდის საზოგადოებასთან სოროსის ურთიერთობის მენეჯერს, გოკა გაბაშვილს.

"ალიას" პუბლიკაციის ავტორთან პოლემიკა მისი, ასე ვთქვათ, აზრების გამო ფუჭი საქმეა. ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს, გოკა გაბაშვილს, ვთხოვე, განემარტა, რამდენად შეესაბამება გაზეთში მოტანილი მონაცემები რეალურ ფაქტებს. "ალია" ირწმუნება, რომ სოროსისა და ევრაზიის ფონდებიდან ბერძენიშვილსა და მის "ქვემდებარე ორგანიზაციებს" მილიონზე მეტი აქვთ მიღებული, ხოლო მარტო 2001 წელს სოროსის ფონდიდან მიიღეს 87 586 დოლარი. ასეთი სიზუსტით თანხის დასახელებას, ბუნებრივია, რაღაც წყარო უნდა ჰქონდეს. გოკა გაბაშვილი ამბობს, რომ წერილში მოტანილი იმ ფაქტებიდან, ფონდს რომ შეეხება, არც ერთი არ არის ზუსტი და მართალი. დავიწყოთ თუნდაც იმით, რომ ლევან ბერძენიშვილი, უკვე მეორე წელია, აღარ არის ფონდის აღმასრულებელი საბჭოს წევრი. რაც შეეხება 87 586 დოლარს, ფონდმა ზუსტად ეს თანხა დაახარჯა გასულ წელს განათლების ეროვნულ პროგრამას, რომელიც ორ ათეულზე მეტ პროექტსა და ორგანიზაციას მოიცავდა. გოკა გაბაშვილი ჩამოთვლის ზოგიერთ ამ ორგანიზაციას და შეგიძლიათ თავად განსაჯოთ, ჩავიდა თუ არა მათი ფული ლევან ბერძენიშვილის ჯიბეში [გაბაშვილის ხმა]: "ქალაქ რუსთავის მე-7 სკოლა, ასოციაცია "თავისუფალი თაობა" (ქალაქი ფოთი), ასოციაცია "საფეხურები", კაჭრეთის ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი, ქუთაისის მე-18 საშუალო სკოლა, ამბროლაურის მე-2 საშუალო სკოლა, დუშეთის რაიონის სოფელ ანანურის საშუალო სკოლა, სამოქალაქო აღზრდისა და გარემოსმცოდნეობის ცენტრი, ფონდი "ამიერკავკასიის ქალთა დიალოგი" და ა.შ. აქ არის ძალიან ბევრი ორგანიზაცია, რომელიც განათლებაში მუშაობს, რომლებიც ქმნიდნენ კლას-კაბინეტებს, კომპიუტერულ ცენტრებს, აწყობდნენ დევნილი ბავშვებისათვის საზაფხულო ბანაკებს... ამ შეკვეთილ წერილში ყველა ეს გრანტის მიმღები ორგანიზაციაა გაერთიანებული, ამათზე წლის განმავლობაში გაცემული გრანტების საერთო თანხა, აი, ასე, უბრალოდ არის მიწერილი ლევან ბერძენიშვილზე."

რაც შეეხება წერილის შეკვეთასა და დაფინანსებას: წერილის ბოლოს, ავტორის სახელის გვერდით, პატარა შავი წერტილია დასმული. ბოლო გვერდზე "ალია" გვაუწყებს, რომ "ამ ნიშნით აღნიშნულია სტატია, რომელიც განთავსებულია სარეკლამო ფართზე". სარეკლამო ფართს კი უფასოდ არავინ იძლევა. ამავე ნომერში ასეთივე ნიშანი კიდევ ორ სტატიას უზის: ერთს ჰქვია "ახლებმა დანაპირები შეასრულეს", ხოლო მეორეს - "დადიანების საგანძური, "ახალი მემარჯვენეების" ხელშეწყობით, თბილისშია"!
XS
SM
MD
LG