Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არის თუ არა რაიმე სიახლე აფხაზეთის პრობლემის მოწესრიგების პროცესში


აფხაზეთის პრობლემის მშვიდობიანი გზით მოწესრიგების პროცესი მდორედ და უშედეგოდ მიედინება, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებას ამ პროცესზე დამყარებული იმედები ჯერ არ ამოუწურავს.

ედუარდ შევარდნაძე ვარაუდობს, რომ სამშვიდობო პროცესი შედეგს გამოიღებს და საქართველოს პრეზიდენტობას აფხაზეთის პრობლემის მოგვარებით დაასრულებს. ვისი და რისი იმედი აქვს საქართველოს პრეზიდენტს და ჩანს თუ არა რაიმე სიახლე აფხაზეთის პრობლემის მოწესრიგების პროცესში?

პრეზიდენტ შევარდნაძეს კონკრეტულ დროსთან დაკავშირებით პროგნოზების გაკეთება არ სჩვევია, მით უფრო, ისეთი პრობლემის მოწესრიგების პერსპექტივებზე საუბრისას, როგორსაც აფხაზეთის პრობლემა წარმოადგენს. მაგრამ ამ რამდენიმე დღის წინ ტრადიცია დაირღვა: შევარდნაძემ აფხაზეთის პრობლემის ერთ კონკრეტულ ვადაში მოგვარება არ გამორიცხა. მხედველობაში მაქვს საქართველოს დღევანდელი პრეზიდენტის პრეზიდენტობის ვადა, რომლის ამოწურვამდეც 3 წელი რჩება. აქვე ვიტყვი, რომ ედუარდ შევარდნაძის მიერ ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე გამოთქმული ეს ვარაუდი ორ კონკრეტულ პირობას ეფუძნებოდა.
პირველი - პრეზიდენტს იმედი აქვს, რომ აფხაზეთის პრობლემა მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს რუსეთისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტების დიალოგში და მეორე - შევარდნაძე იმედს აფხაზეთის პრობლემის მიმართულებით ევროკავშირის გააქტიურებაზეც ამყარებს .

[ედუარდ შევარდნაძის ხმა] "მე დარწმუნებული ვარ, რომ აფხაზეთის პრობლემა სერიოზულ დატვირთვას შეიძენს რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის დიალოგში, ისვე როგორც რუსეთსა და სხვა ჩევნს მეგობარ სახელმწიფოებთან დიალოგში.
მნიშვნელოვანი იქნება ევროკავშირის როლიც. იქ მზადდება დოკუმენტი სამხრეთ კავკასიაში გარკვეული პოლიტიკის თაობაზე, მათ შორის, აფხაზეთთან დაკავშირებით. ეს პროცესი შეიძლება ისე მალე განვითარდეს, რომ ჩემი წასვლისთვის კონფლიქტი მოგვარებული აღმოჩნდეს."

გაეროს როლის მნიშვნელობაზე არაფერი თქმულა, არც გაეროში მომზადებულ ყბადაღებულ დოკუმენტზე. გამიზნულად მოხდა ეს თუ შემთხვევით, ფაქტია, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის იმედი დღეს უფრო შეერთებულ შტატებს უკავშირდება. ფაქტია, რომ გაეროს ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო პროცესმა ჩვენს საზოგადოებას, განსაკუთრებით კი აფხაზეთიდან დევნილებს, იმედები კარგა ხანია გაუცრუა. სწორედ ამ იმედგაცურებით უნდა აიხსნას აფხაზეთის უზენაესი საბჭოს მიერ წამოწყებული აქციაც, რომელიც საქართველოს პრეზიდენტისა და გაეროს, ეუთოსა და ევროსაბჭოს გენერალური მდივნებისადმი მიმართვის ტექსტზე ხელმოწერების შეგროვებას ისახავს მიზნად. მიმართვის ტექსტი კი სამშვიდობო მოლაპარაკების ფორმატის შეცვლის, კონფლიქტის ზონიდან რუსეთის სამშვიდობო მისიის გაყვანისა და გაეროს მიერ აფხაზეთში ქართველთა გენოციდის აღიარების მოთხოვნებს აერთიანებს.

აფხაზეთის დევნილი ხელისუფლება მოითხოვს, აგრეთვე, რომ საქართველოს მოქალაქეებმა მხარი დაუჭირონ სამშვიდობო პროცესთან დაპირისპირებული აგრესიული რეჟიმის მიმართ (აქ, რა თქმა უნდა, სოხუმის რეჟიმი იგულისხმება) საერთაშორისო სანქციებისა და ბლოკადის გამოცხადების მოთხოვნასაც.
ხელმოწერების შეგროვების აქცია ახლახან დაიწყო და ის 15 ივნისამდე გასტანს. ამ აქციაში უკვე მიიღეს მონაწილეობა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებმა. ჯერი სხვებზეა და ამიტომ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებისა და რაიონების ხალხმრავალ წერტილებში შექმნილია სპეციალური პუნქტები ხელმოწერების შესაგროვებლად.
თამაზ ნადარეიშვილის ვარაუდით, ზემოთ მითითებულ მოთხოვნებს საქართველოს მილიონ 500000 მოქალაქე მაინც შეუერთდება და, თუ გაეროს უშიშროების საბჭო ამ ადამიანების მოთხოვნის მიმართ გულგრილი დარჩება, მაშინ აფხაზეთის პრობლემის მოსაგვარებლად რადიკალური ზომები ამოქმედდება.

ასე რომ, თუ პრეზიდენტს აფხაზეთის პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარების იმედი აქვს და საკითხის 2-3 წელიწადში გადაჭრასაც არ გამორიცხავს, აფხაზეთის დევნილ ხელისუფლებას სამშვიდობო მოლაპარაკებების არ სჯერა. ის ძველ პოზიციაზე რჩება და ადასტურებს, რომ, უწინდებურად, პრობლემის ძალისმიერი გზით მოგვარების მომხრეა. აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ჯიუტად ელის სოხუმის რეჟიმის წინააღმდეგ გაეროს წესდების მე-7 თავის ამოქმედებას.
ოფიციალური თბილისი კი აფხაზეთში მოქმედი სამშვიდობო მისიის მოქმედების არეალის გალის რაიონის მთელ ტერიტორიაზე გაფართოების ინიციატივით გამოდის. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მხარის ეს ჩანაფიქრი უსაფრთხოების ზონაში გაეროს, ეუთოსა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამშვიდობო მისიის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული ადმინისტრაციის ამოქმედებას ითვალისწინებს. მაგრამ ყველაფერი ამის მიმართ სოხუმის რეჟიმმა უკვე გამოხატა თავისი უარყოფითი პოზიცია.
XS
SM
MD
LG