Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საარჩევნო სიების პრეზენტაცია მრეწველთა პარტიაში


ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისათვის წარდგენილი საარჩევნო სიის ნაგვიანევი პრეზენტაცია მრეწველთა პარტიამ ავიაკომპანია "აირზენა საქართველოს ავიახაზებთან"

მიღწეული მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიალს დაამთხვია. ამ მემორანდუმის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის გარკვეული კატეგორიები "აირზენა საქართველოს ავიახაზების" მიერ განხორციელებულ რეისებზე შეღავათიანი მომსახურების უფლებით ისარგებლებენ.

"მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" საარჩევნო სიის პირველი ათეულიდან ამომრჩეველი, რეალურად, პირველ სამეულს თუ იცნობს. ესენი არიან: პირველ ნომრად განთესილი გოგი თოფაძე, პარტიის ლიდერი; მეორე ნომერი- ბადრი შოშიტაიშვილი, თბილისის ექსმერი, მოგვიანებით ექსმინისტრი, და მესამე ნომერი - გურამ საღარაძე, ყოფილი ტიტულოვანი მოჭიდავე, ამჯერად მეწარმე. რაც შეეხება მომდევნო სამეულს, სიურპრიზებთან არც ამჯერად გვაქვს საქმე: სამეული მოძრაობის აქტიური წევრებითაა დაკომპლექტებული. მათში პირველია ბიზნესმენი რეზო აიწურაძე, მეორეა გოგი თოფაძის მიერ თავდადებულ, გულდამწვარ პატრიოტად დახასიათებული ახალგაზრდა კაცი გოგიტა ნიკოლაძე, მესამე კი - "ყაზბეგის" იურიდიული ჯგუფის ხელმძღვანელი გია ცაგარეიშვილი, რომლის წყალობითაც, კომპანიამ დღემდე არსებული ყველა სადავო საქმე მოიგო. პირველ ათეულში არიან, ასევე, მიწისძვრის შედეგად დაზარალებული, ფიროსმანის ქუჩაზე მცხოვრები ნუგზარ შატბერაშვილი, როგორც თბილისის მოსახლეობის ამ ახალი დაზარალებული კონტინგენტის საქმეთა ერთ-ერთი პარტიული კოორდინატორი, და ქურთი ინტელიგენციის წარმომადგენელი კახა კალაშოვი, როგორც ეროვნულ უმცირესობათა კოორდინატორი.
"მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" პარტიული საარჩევნო სია, მთლიანად, 73 კანდიდატითაა დაკომპლექტებული და, როგორც გოგი თოფაძე განმარტავს, პრაგმატულ გუნდს წარმოადგენს. გუნდურობა და ერთსულოვნება მრეწველთა აღთქმული ვალდებულება იქნება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ პარტია საკრებულოში უმრავლესობით მივა. ლეიბორისტებივით ხუხულასავით არ დავიშლებით, - ამბობს გოგი თოფაძე, რომელიც თბილისის საკრებულოში გადასვლას არჩევნების მხოლოდ დიდი უპირატესობით მოგების შემთხვევაში აპირებს. ყველა სხვა შემთხვევაში, საარჩევნო სიის თავში ყოფნის მიუხედავად, იგი დარჩება პარლამენტში, სადაც მოქალაქეთა კავშირზე რევანშის შემდეგ, ახალი სამოქმედო ასპარეზი იშლება. ჯერჯერობით კი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე ორი კანდიდატი ჰყავს - გოგი თოფაძე და ბადრი შოშიტაიშვილი. მათგან, სავარაუდოდ, უფრო რეალურია ბადრი შოშიტაიშვილი, რომელიც თავისი მერობის პერიოდის მიღწევათაგან, პირველ ადგილზე თბილისის ომის დროს დაზარალებული 300 ოჯახისათვის ბინათმშენებლობის დროულად დასრულებას ასახელებს. როგორც ჩანს, არცთუ შემთხვევით, რადგან ბინათმშენებლობის საკითხი დედაქალაქში საარჩევნოდ განსაკუთრებულად კარგად იმუშავებს, მიუხედავად იმისა, რომ თავად ბადრი შოშიტაიშვილი წარმატებული მერი არასოდეს ყოფილა.
დაბოლოს, არჩევნებამდე ორიოდე კვირით ადრე ავიაკომპანია-"აირზენა-საქართველოს ავიახაზებისა" და გოგი თოფაძის ფონდს შორის გაფორმებული მემორანდუმის პირობით, 1 ივნისიდან ავიაბილეთების შეღავათიანი ტარიფებით ისარგებლებენ: სამამულო ომის ვეტერანები, სამამულო ომის ინვალიდები, ქვეყნის ერთიანობისათვის ბრძოლაში მონაწილე ინვალიდები, სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები, საზღვარგარეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისათვის გასამგზავრებელი ავადმყოფები და მრავალშვილიანი ოჯახები.
XS
SM
MD
LG