Accessibility links

ჯორჯ ბუში გაფრთხილებული იყო თვითმფრინავების გატაცების საშიშროების შესახებ


ოთხშაბათს საღამოს ვაშინგტონიდან საყურადღებო ცნობა გავრცელდა: თეთრმა სახლმა გამოაცხადა, რომ 2001 წლის ზაფხულში პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს ხელთ ჰქონდა ინფორმაცია,

რომელიც ოსამა ბინ-ლადენის თანამოაზრეთა მიერ თვითმფრინავის გატაცების საფრთხეზე მიუთითებდა.

თვითმფრინავის გატაცების საფრთხის შესახებ პრეზიდენტმა აგვისტოს დასაწყისში, უშიშროების შესახებ ყოველდღიური საანგარიშო მოხსენებიდან შეიტყო. მაგრამ ზუსტად რა იყო ნათქვამი "ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს" ამ მოხსენებაში - საჯაროდ ცნობილი არ არის. პრეზიდენტის პრეს-მდივანი არი ფლაიშერი ოთხშაბათს დასჯერდა განმარტებას, რომ "მთავრობის წევრებს, მათ შორის პრეზიდენტს, მიღებული ჰქონდათ ინფორმაცია ოსამა ბინ-ლადენისა და მისგან შეერთებული შტატებისა და მსოფლიოსათვის მომდინარე საფრთხის შესახებ. ეს მოიცავდა ვარაუდს, რომ გაიტაცებდნენ თვითმფრინავს, ამ დანაშაულის ტრადიციული გაგებით. არავის უფიქრია, რომ თვითმფრინავებს ჭურვებად გამოიყენებდნენ". დაახლოებით ასეთივე შინაარსის განცხადება გააკეთა "ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს" პრეს-მდივანმა.

ცნობას, რომელიც პირველად ოთხშაბათს საღამოს ტელეკომპანია CBS-მა გაავრცელა, დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რისი მიზეზიც თვალსაჩინოა: მას ცვლილება შეაქვს 11 სექტემბრის ტერაქტების შესახებ ოფიციალურ ვერსიაში, რომ თავდასხმები მოულოდნელი იყო და მათი წინასწარ განჭვრეტა დაზვერვის უწყებების ძალებს აღემატებოდა.

აქამდე შეერთებული შტატების კონგრესის ყურადღება (11 სექტემბრის ტერაქტების შესაძლო გამარფთხილებელი ნიშნების კონტექსტში) გამახვილებული იყო "გამოძიების ფედერალური ბიუროს" მოქმედებაზე. კერძოდ, საქმე ეხება ამ უწყების ერთ-ერთი აგენტის მიერ 2001 წლის ივლისში დაწერილ შეტყობინებას, რომლის საფუძველი გახდა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ჩასულ, არიზონის შტატის საავიაციო სასწავლებლებში ჩარიცხულ მამაკაცებზე დაკვირვება. აგენტი გამოთქვამდა ვარაუდს, რომ "ალ-ყაიდის" ან სხვა ტერორისტული დაჯგუფებების წევრები, შესაძლოა, თვითმფრინავის მართვას სწავლობდნენ ტერაქტების განსახორციელებლად. სხვათა შორის, შეტყობინების ავტორი პირველივე წინადადებაში ასახელებდა ოსამა ბინ-ლადენს.

ინფორმაცია ამ შეტყობინების შესახებ მასმედიაში 2 კვირის წინ გამოჩნდა, რასაც უმალ მოჰყვა ცხარე დისკუსია. "გამოძიების ფედერალური ბიუროს" დირექტორმა რობერტ მიულერმა გასულ კვირაში სენატის საკომიტეტო მოსმენაზე აღნიშნა, რომ საჭირო იყო არიზონელი აგენტის ვარაუდისთვის გაცილებით მეტი ყურადღების დათმობა. თუმცა, ასევე მიულერის თქმით, გამოძიებას არ მოჰყვებოდა 11 სექტემბრის შეთქმულების გამოაშკარავება, რახან შეტყობინებაში მოხსენიებული პირებიდან არც ერთს არ ჰქონდა რაიმე კავშირი ტერაქტებთან.

მაგრამ სენატორების საკმაოდ დიდი ნაწილი უკმაყოფილოა - მათი, მაგალითად, რესპუბლიკელი რიჩარდ შელბის აზრით, შეტყობინება შეიცავდა უაღრესად მნიშვნელოვან გაფრთხილებას, რომელსაც სათანადო ყურადღება არ დაეთმო. სხვათა შორის, რიჩარდ შელბი ხელმძღვანელობს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის მიერ ტერაქტების კონტექსტში ქვეყნის უშიშროების უწყებების მოქმედების ერთობლივ გამოძიებას. მას შემდეგ, რაც ოთხშაბათს ცნობილი გახდა, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობა ტერაქტების საფრთხის შესახებ სხვა წყარომაც გააფრთხილა, ეჭვს არ იწვევს: გამოძიების მასშტაბი კიდევ უფრო გაიზრდება.
XS
SM
MD
LG