Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატები ტერორისტების წინააღმდეგ საზღვრებს ამაგრებს


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა შეერთებული შტატები იღებს კონკრეტულ ზომებს ქვეყანაში ტერორისტების შეღწევის თავიდან ასაცილებლად. სამშაბათს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ხელი მოაწერა კანონს,

რომელიც ითვალისწინებს საზღვრების დაცვის გაძლიერებასა და ვიზიტორებზე გულდასმით თვალყურის დევნებას.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკის საზღვრების დაცვა ადვილი ამოცანა არ არის. შეერთებულ შტატებს აქვს 12 ათასი კმ-ი სიგრძის საზღვაო და სახმელეთო საზღვარი კანადასა და მექსიკასთან.
ამერიკაში ყოველწლიურად 30 მილიონი ადამიანი ჩადის, მათი უმრავლესობა ტურისტები და საქმოსნები არიან; 11 მილიონზე მეტი საბარგო მანქანა და 2 მილიონზე მეტი რკინიგზის ვაგონი კვეთს მის ტერიტორიას; 51 ათასი უცხო ქვეყნის გემი შედის მის ნავსადგურებში.
კანონი, რომლის წინააღმდეგ კონგრესში ერთი ხმაც კი არ გაისმა, მოითხოვს, რომ პასპორტები, გაცემული 2003 წლის შემდეგ, იყოს დაცული ფალსიფიცირების შესაძლებლობისგან და უახლესი ტექნოლოგიის გამოყენებით საკოდო მახასიათებლებს შეიცავდეს.
ბუშმა კანონზე ხელის მოწერისას თეთრ სახლში თქვა:
[ბუშის ხმა] nc051587
“ყველა უცხოელ ვიზიტორს, რომელსაც სურს შეერთებულ შტატებში შემოსვლა, უნდა ჰქონდეს პასპორტი, რომელიც შეიცავს ბიომეტრიკულ საიდენტიფიკაციო ნიშნებს, – თითების ანაბეჭდს ან სურათს, – რაც მოგვცემს ჩვენ საშუალებას, ტექნოლოგიური მეთოდების გამოყენებით თავიდან ავიცილოთ ამერიკაში თაღლითურად შეღწევა.”
კანონი კრძალავს, აგრეთვე, იმ ქვეყნებიდან ჩამოსულთა ვიზების უმრავლესობის გამოყენებას, რომლებსაც სახელმწიფო დეპარტამენტი ტერორიზმის სპონსორებად მიიჩნევს (ესენია: ერაყი, ირანი, ჩრდილოეთი კორეა, სუდანი, კუბა, ლიბია და სირია).
კანონი ამკაცრებს უკვე არსებულ მოთხოვნას, რომ უცხო ქვეყნებიდან წამოსულმა თვითმფრინავებმა და გემებმა წინასწარ წარუდგინონ შეერთებული შტატების სასაზღვრო დაცვას მგზავრებისა და ეკიპაჟის წევრთა სია.
კანონი მოითხოვს, აგრეთვე, ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირების შესახებ ინფორმაციის ბანკის შექმნას, რათა ფედერალური მთავრობის თანამშრომლებს შეეძლოთ ვიზის მთხოვნელთა გულდასმით შემოწმება.
დაქირავებული იქნება იმიგრაციის დარგის კიდევ 400 გამომძიებელი და ინსპექტორი, ხოლო უკვე შეერთებულ შტატებში მყოფ უცხოელებზე დაწესდება მეთვალყურეობა. მაგალითად, სასწავლებელ- დაწესებულებებს მოეთხოვებათ აცნობონ მთავრობას, თუ უცხოელი მოწაფეები და სტუდენტები გამოტოვებენ გაკვეთილებს, ვინაიდან პოტენციური ტერორისტი შეიძლება ჩავიდეს ამერიკაში, ჩაეწეროს სადმე სასწავლებლად, შემდეგ გაქრეს და ტერორისტულ საქმიანობას მიჰყოს ხელი. აქამდე ხელისუფლება ასეთ სისტემატურ შემოწმებას არ ატარებდა.
როგორც ბუშმა აღნიშნა, ასპროცენტიანად ვერც ერთი ქვეყანა ვერ დაიცავს თავს, მაგრამ, საზღვრების უკეთ ჩაკეტვის გარეშე, ტერორიზმის წინააღმდეგ ომის მოგება შეუძლებელია.
ექსპერტები იზიარებენ აზრს, რომ აუცილებელია დაწესდეს საზღვრების მართვის ეფექტური სისტემა, რომელიც ვაჭრობის მასშტაბების გაფართოების პირობებში ქვეყანას დაიცავს ტერორიზმის საფრთხისგან, არალეგალური იმიგრაციისგან, ნარკოტიკებისა და სხვა საქონლის კონტრაბანდისგან.
ჩვენს რადიოსთან საუბარში ვაშინგტონელმა ექსპერტმა, ადამიანებისა და საქონლის საერთაშორისო საზღვრებზე გადადინების სპეციალისტმა, დანიელ გრისვორლდმა (Grisworld) თქვა, რომ კანონი ცდილობს დაიცვას ამერიკელები ისე, რომ არ დაიკარგოს იმიგრაციის პლიუსები და ამერიკის ღია საზოგადოების ხასიათი.
[გრისვორლდის ხმა]nc051692
“საფრთხე არის არა იმიგრანტებში. 11 სექტემბრის თავდამსხმელთაგან არც ერთი არ იყო იმიგრანტი. ისინი აქ იმყოფებოდნენ დროებითი, არა-იმიგრანტული ვიზით.
ბუშის სიტყვით, ამერიკა ტერორისტების გამო დახურულ საზოგადოებად არ გადაიქცევა.
“ამერიკა არ არის ციხესიმაგრე და არც სურს როდისმე ცხრაკლიტულად გადაიქცეს. ჩვენ თავისუფალი ქვეყანა ვართ,”- თქვა პრეზიდენტმა.

ცნობისთვის:იმიგრაციისა და ნატურალიზაციის სამსახურის თანამშრომელთა რიცხვი ბოლო ათი წლის განმავლობაში გაორმაგდა. ამჟამად მასში დაკავებულია 36 ათას 400 ადამიანი . მისი ბიუჯეტი მილიარდ- ნახევარი დოლარიდან 5,5 მილიარდამდე გაიზარდა. მიუხედავად ამისა, ამერიკაში მილიონობით არალეგალური იმიგრანტი ახერხებს შეღწევას.
XS
SM
MD
LG