Accessibility links

პოლიტიკური გაერთიანება “ერთობა” “ 03”-ის კოლექტივს მხარდაჭერისაკენ მოუწოდებს


სასწრაფო სამედიცინო დახმარება “03”-ის მიმართ თბილისის მერიის დავალიანება დღეისათვის 250 000 ლარს შეადგენს. ეს არის ერთი პატარა დეტალი იმ ყოფისა,

რომელიც უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში ყოველწლიურად უარესდება და რომელმაც “03”-ის მეურნეობა ლამის სრულ გაპარტახებამდე მიიყვანა. ამდენად, წინასაარჩევნო კამპანიის რიგით ობიექტად ასეთი სამსახურის შერჩევა შემთხვევითი არ არის. პოლიტიკური გაერთიანება “ერთობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ჯუმბერ პატიაშვილმა, “03”-ის კოლექტივთან შეხვედრისას წარმოთქმულ თავის სააგიტაციო მიმართვაში სასწრაფო სამედიცინო დახმარება “03”-ის სამსახურის რეაბილიტაცია პირველი რიგის ამოცანათა შორის დაასახელა.


წინასაარჩევნოდ სასწრაფო სამედიცინო დახმარება “03”-ის პრობლემებით მანიპულირება ნებისმიერ პოლიტიკურ გაერთიანებას აქტივად ჩაეთვლება. პრობლემები კი მრავლადაცაა და მრავალფეროვანიც არის. სამსახური ქალაქის რეგიონებში, მთლიანად, 12 ქვესადგურს მოიცავს, დღის განმავლობაში 30 სამედიცინო ბრიგადა მორიგეობს, დღე-ღამის განმავლობაში, საშუალოდ, 130 გამოძახება სრულდება, მთლიანად სასწრაფო დახმარება კი, ცნობილი და გასაგები მიზეზების გამო, მხოლოდ 10 პროცენტიანი დატვირთვით მუშაობს. მასპინძლის პოზიციებიდან, და არამარტო მასპინძლის, სასწრაფო სამედიცინო სამსახურ “03”-ის მთავარი ექიმი დავით გველესიანი იმ დროს იხსენებს, როცა “03”-ში პაციენტების მომსახურებისათვის შესანიშნავი პირობები იყო შექმნილი და ეს სულ თურმე ერთი კაცის, ჯუმბერ პატიაშვილის, წყალობით:
[დავით გველესიანის ხმა]“მე მინდა მოგმართოთ, ბატონო ჯუმბერ, თქვენ ძალიან კარგად გახსოვთ, 1987 წელში, როდესაც თქვენ ჩვენთან ბრძანდებოდით, ამაზე უარესი თუ არა, უკეთესი ნამდვილად არ იყო მაშინ სასწრაფო დახმარების მდგომარეობა და მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თქვენი მოსვლის შემდეგ დაიწყო სამსახურის აღორძინება გარკვეული პერიოდი. გაკეთდა კაპიტალური რემონტი, ბრიგადების რაოდენობა გაიზარდა 134-მდე, ავტოპარკი მოიცავდა 200-ზე მეტ ავტომანქანას, აბსოლუტურად შეიცვალა საკომუნიკაციო საშუალებები, დღე-ღამის განმავლობაში დახმარება ეწეოდა, დაახლოებით, 1500 თანამოქალაქეს.”[სტილი დაცულია]
დავით გველესიანის პასუხად, ჯუმბერ პატიაშვილი აზუსტებს, რომ არის დარგები, რომელთა შენახვა-რეაბილიტაცია ადგილობრივი რესურსებითაც თავისუფლად შეიძლება, თუკი იქნება საამისო ნება. ერთ-ერთი ასეთი პრიორიტეტული დარგია ჯანდაცვა, კერძოდ, სასწრაფო სამედიცინო სამსახური, რომლის დაფინანსება თბილისის ბიუჯეტს სრულფასოვნად უნდა შეეძლოს და, პატიაშვილის სიტყვებს თუ ვენდობით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში “ერთობის” დამაჯერებელი გამარჯვების შემთხვევაში, შეძლებს კიდეც.
[ჯუმბერ პატიაშვილის ხმა]“მე პირადად, ჩემს მეგობრებთან ერთად, ბატონ ალექსანდრე ჭაჭიასთან ერთად, რომლებმაც შევქმენით ეს პოლიტიკური გაერთიანება, სათავეში ჩავუდექით, ჩვენს კოლეგებთან ერთად, რომლებიც აქ არიან წარმოდგენილნი, გვინდა რომ ძალიან უმტკივნეულოდ შევცვალოთ ის საკმაოდ დამანგრეველი პროცესები, რომლებიც დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს.”[სტილი დაცულია]
მიუხედავად ჯუმბერ პატიაშვილის პათეტიკისა, საარჩევნო დაპირებათა ფრაზეოლოგიაში კონკრეტული არაფერი გამოკვეთილა, გარდა დღევანდელი ხელისუფლების კრიტიკისა და იმისა, რომ “ერთობა” თბილისის საკრებულოში მოსვლას პროფესიონალთა გუნდით აპირებს, დევიზით-“ერთობა საქართველოს გადასარჩენად”..
XS
SM
MD
LG