Accessibility links

საქართველოს პარლამენტში თანამდებობების გადანაწილების პროცესი დასრულდა


საქართველოს პარლამენტის წევრებმა თანამდებობების გადანაწილების პროცესი დაასრულეს. კომიტეტების თავმჯდომარეები არჩეულნი არიან; გამონაკლისის სახით,

დარჩა მხოლოდ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ვაკანსია. 17 მაისს პარლამენტმა ვიცე-სპიკერების საკითხიც გადაწყვიტა, მაგრამ, ვიცე-სპიკერების რაოდენობის 7- მდე გაზრდის მიუხედავად, მაინც 6 ვიცე-სპიკერი დაამტკიცა.

საპარლამენტო თანამდებობების გადანაწილების ხმაურიანი პროცესი დასრულდა. ამ ხანგრძლივი, მომქანცევლი და არცთუ საინტერესო პროცედურის ამოწურვის შემდეგ, რომელიც კომიტეტთა თავმჯდომარეებისა და ვიცე-სპიკერების დამტკიცებით დასრულდა, დეპუტატები ძირითად საქმეს - კანონპროექტების განხილვას შეუდგნენ. ვნახოთ, რამდენად ეფექტურად წარმართავენ ისინი ამ საქმეს და რას მოიტანს პარლამენტში დამკვიდრებული ახალი რეალობა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ საპარლამენტო თანამდებობების გადანაწილების პროცესმა, რომელსაც ფართო საზოგადოება ადევნებდა თვალს, საკმაოდ მძიმე შთაბეჭდილება დატოვა. მის შემხედვარეს იმედს ვერც ეს ახალი რეალობა ჩაუსახავდა. აქვე შევნიშავ, რომ თანამდებობების გადანაწილების პროცესში მონაწილეობა არ მიუღიათ “ტრადიციონალისტებს,” ჟვანიას გუნდსა და “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს. მაგრამ დავუბრუნდეთ პარლამენტის ახალი რეალობის შედეგებს.

თანამდებობების გადანაწილების პროცესს რამდენიმე კომიტეტში არაფერი შეუცვლია.
აგრარულ საკითხთა, საპროცედურო საკითხთა, საფინანსო-საბიუჯეტო, ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების, აგრეთვე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტებს ძველი თავმჯდომარეები დაუბრუნდნენ. სავარაუდოდ, ძველი თავმჯდომარე დაუბრუნდება ადამიანის უფლებათა დაცვის, მოქალაქეთა პეტიციებისა და სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის კომიტეტსაც. ელენე თევდორაძის კანდიდატურასთან დაკავშირებით პოზიციები შეთანხმებულია და კომიტეტის თავმჯდომარედ მას გარკვეული საპროცედურო საკითხების გადაწყვეტის შემდეგ დაამტკიცებენ. სიახლეა გადასახადებისა და შემოსავლების კომიტეტში - იქ ვიტალი ხაზარაძე “მრეწველების” წარმომადგენელმა დავით სალარიძემ შეცვალა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი ერგო მაჟორიტარ თენგიზ გაზდელიანს, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე კი ფრაქცია “ახალი მემარჯვენეების” წევრი ირაკლი ბათიაშვილი გახდა. კომიტეტების დანარჩენ თავმჯდომარეებს აღარ ჩამოვთვლი. საინტერესო მხოლოდ ის არის, რომ თანამდებობა თანამდებობების გადანაწილების პროცესში მონაწილე ყველა ფრაქციას ერგო: ყველაზე მეტი - ფრაქცია “თანადგომას”. ვიცე-სპიკერების პოსტებზე კი მნიშვნელოვანი გადახალისება არ მომხდარა. ძველ და ხელმეორედ დამტკიცებულ ვიცე-სპიკერებს, 2 – ის ნაცვლად, ერთი ახალი ვიცე სპიკერი, მაჟორიტარების წარმომადგენელი მერაბ სამადაშვილი შეემატა. ვიცე-სპიკერის პოსტზე დარჩა ელდარ შენგელაიაც, მისი მოულოდნელი და, ამავდროულად, საინტერესო სვლის წყალობით. ელდარ შენგელაია პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტიდან არ გადადგა და ვერც პარლამენტმა შეძლო მისი თანამდებობიდან გადაყენება. რაც შეეხება მრეწველებისთვის განკუთვნილ მე-7 ვიცე-სპიკერის ვაკანსიას, ის ვაკანსიადვე დარჩა. კენჭისყრის წინ მრეწველებმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნეს და ამით თანამდებობების ზრდის ტენდენცია გააპროტესტეს.
XS
SM
MD
LG