Accessibility links

logo-print

ყოველკვირეული რადიოჟურნალი


წამყვანი: დავით კაკაბაძე, პრაღა 435-ე გამოშვება

დავით კაკაბაძე:
ძვირფასო რადიომსმენელებო, ახლა გთავაზობთ ჩვენს ყოველკვირეულ რადიოჟურნალს, “მეათე სტუდიას”. მის 435-ე გამოშვებაში ძირითად ადგილს დაიკავებს საუბარი მიწისძვრის პრობლემატიკაზე. კერძოდ, შევეცდებით, ექსპერტებთან ერთად გავარკვიოთ, რამდენად საფუძვლიანია 25 აპრილს, თბილისში მომხდარი მიწისძვრის გარშემო ატეხილი მითქმა-მოთქმა. მაგრამ ვიდრე მიწისძვრაზე ვისაუბრებდეთ, მოკლედ გავიხსენებთ პარლამენტის სხდომების ბოიკოტირების ისტორიას და გიამბობთ თბილისში ჩატარებულ საერთაშორისო სემინარზე სახელწოდებით “კავკასია – თანამშრომლობა მომავლისათვის”; ხოლო რადიოჟურნალის ბოლოს, ასე ვთქვათ, დესერტად, შემოგთავაზებთ მასალას კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე, რომელიც ამ ორიოდე დღის წინათ გაიხსნა. პრაღაში “მეათე სტუდიას” დავით კაკაბაძე უძღვება.

[მუსიკა]

პარლამენტის სხდომების ბიოკოტირების “ისტორიიდან”

დავით კაკაბაძე:
საქართველოში მკვეთრად გახშირდა კვორუმის არარსებობის გამო პარლამენტის სხდომების ჩაშლის შემთხვევები, რაც, როგორც ჩანს, ახალი საპარლამენტო კრიზისის ნიშნად უნდა ჩაითვალოს; რადგან პარლამენტართა რეგისტრაციის გარეშე საკანონმდებლო ორგანო ვერ ასრულებს თავის უპირველეს მოვალეობას – ვერ ეწევა კანონშემოქმედებით საქმიანობას. არადა, პარლამენტის თავმჯდომარის ხელახალი არჩევის შემდეგ გაჩნდა იმედი, რომ პარლამენტმა კრიზისს თავი დააღწია. საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში შექმნილ სიტუაციაზე თამარ ჩიქოვანი გესაუბრებათ.

თამარ ჩიქოვანი:
დღეს საქართველოს პარლამენტში უცნაური ვითარება შეიქმნა. პარლამენტარების სოლიდური ნაწილი სხდომების უმრავლესობას არ ესწრება, რაც უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის პარალიზებას იწვევს. გამცდენებზე გავლენა ვერ მოახდინა ვერც ფინანსური დასჯის მეთოდის შემოღებამ, ვერც სრულიად საქართველოს მასშტაბით სიის ამოკითხვამ: პარლამენტარები სხდომებს არ ესწრებიან.
ზოგადად, კვორუმის არარსებობის გამო პარლამენტის სხდომების ჩაშლა ახალი მოვლენა არ გახლავთ. ოღონდ დღევანდელი ვითარება მაინც განსხვავებულია და აი, რატომ: თუ აქამდე, როგორც წესი, ის მაინც იყო ცნობილი, რატომ არ გროვდება კვორუმი, ამჯერად პარლამენტართა მოტივაცია სრულიად გაურკვეველია.

უფრო კონკრეტულად: ჯერ კიდევ წინა მოწვევის პარლამენტში მაშინდელმა ოპოზიციამ, ფრაქცია “აღორძინებამ”, სხდომებს ბოიკოტი კი გამოუცხადა, მაგრამ, საპარლამენტო უმრავლესობის არსებობის პირობებში, მაშინდელი უმრავლესობა, ფრაქცია “მოქალაქეთა კავშირი,” შიდა დისციპლინის ამაღლების ხარჯზე, მეტ-ნაკლები წარმატებით ახერხებდა პარლამენტართა იმ რაოდენობის მობილიზაციას, რომელიც სხდომის ჩატარებისთვის აუცილებელი იყო.

საქმე ოდნავ გართულდა ამჟამინდელ პარლამენტში, როცა ოპოზიციათა კოალიცია უკვე ერთობლივად აცხადებდა ბოიკოტს. როგორც გახსოვთ, კენჭისყრისას სხვისი პულტების გამოყენების პრაქტიკით აღშფოთებულმა ოპოზიციამ რამდენიმეთვიანი ბოიკოტი გამოუცხადა პარლამენტის სხდომებს. კვორუმის შეკრება მაშინ პარლამენტის სტაჟიან თავმჯდომარეს ზურაბ ჟვანიასაც კი უჭირდა [ზურაბ ჟვანიას ხმა] “კვორუმი არ არის. ამ საკითხზე მთავრობის მხრიდან დანიშნული მომხსენებელი იუსტიციის მინისტრი რატომღაც არ არის. მომხსენებლები, რომლებიც უნდა გამოსულიყვნენ ფრაქციების სახელით, არ ბრძანდებიან, დაკავებულნი არიან, როგორც ჩანს, უფრო მნიშვნელოვანი საკითხის განხილვით. როგორც ჩანს, ეს საკითხი განხილვიდან უნდა გადავდოთ ჩემთვის სრულიად გაუგებარი ვითარების გამო.”

ნოემბრის საპარლამენტო კრიზისის შემდეგ, როცა პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ზურაბ ჟვანია ნინო ბურჯანაძემ შეცვალა, ბევრი ვარაუდობდა, რომ ქალი-სპიკერი მაინც შეძლებდა პარლამენტში მუშაობისთვის აუცილებელი ატმოსფეროს შექმნას. თუმცა ნინო ბურჯანაძის თავმჯდომარედ არჩევიდან სულ რამდენიმე დღეში პარლამენტის სხდომებს ბოიკოტი უკვე ფრაქცია “ახალმა მემარჯვენეებმა” გამოუცხადეს. მემარჯვენეების პროტესტი გენერალური პროკურორის მოადგილედ პარლამენტის თავმჯდომარის მეუღლის დანიშვნამ გამოიწვია. ამ ფრაქციის თავმჯდომარის დავით გამყრელიძის განცხადებით, [დავით გამყრელიძის ხმა] “ჩვენ ვერ დავუშვებთ საკომიტეტო თუ კომისიური გზით ამ ფაქტის დროში გაწელვას და მიფუჩეჩებას. დღეს ჩვენ უნდობლობას ვუცხადებთ უკვე პარლამენტის თავმჯდომარეს და, პროტესტის ნიშნად, სხდომას ვტოვებთ მანამ, სანამ წერტილი არ დაესმება ამ უმსგავსობას.”

ეს პროტესტი მშვიდობიანად დასრულდა. ვინაიდან მემარჯვენეების ბოიკოტს პარლამენტის მუშაობაზე მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია, ფრაქცია სხდომებს თავისი პირობის შეუსრულებლად დაუბრუნდა.

ამჯერად კი პარლამენტის სხდომებს ბოიკოტს საჯაროდ არავინ უცხადებს, მაგრამ კვორუმის მოგროვება მაინც დიდ პრობლემად რჩება. ამ კვირაში 40-მდე პარლამენტარი მთელი დღის მანძილზე მორჩილად, მაგრამ უშედეგოდ ელოდა თავის კოლეგებს მუშაობის დასაწყებად. პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე აღშფოთებას ვერ მალავდა: [ნინო ბურჯანაძის ხმა] “ჩვენ მთელი დღის განმავლობაში ვერ მოვახერხეთ, მოდით, გულწრფელად ვთქვათ, 80 კაცის შეკრებაც კი დარბაზში.”

პარლამენტარები კი უკვე წინასწარ ითხოვდნენ მათთვის ეცნობებინათ, თუ როდის, ასე ვთქვათ, მობრძანდებოდნენ პარლამენტარები სამსახურში. [ვასილ მაღლაფერიძის ხმა] “ახლა ხვალ, იქნებ თქვათ, რომელ საათზე ესიამოვნებათ ჩვენს კოლეგებს, რომ მოვიდეთ?”

სამწუხაროდ, როგორც ჩანს, პარლამენტართა სოლიდური ნაწილი იმდენად ჩაერთო საარჩევნო კამპანიაში, რომ ერთი რამ სრულიად ამოუვარდა თავიდან – პარლამენტის ამ მოწვევის პარლამენტარებს თავიანთი მოვალეობის შესრულება კიდევ ერთი წელი მაინც ეკისრებათ.

თამარ ჩიქოვანი, რადიო “თავისუფლებისთვის”, თბილისი.

[მუსიკა]

საერთაშორისო სემინარი სახელწოდებით “კავკასია –თანამშრომლობა მომავლისათვის”

დავით კაკაბაძე:
13-14 მაისს თბილისში ჩატარდა საერთაშორისო სემინარი სახელწოდებით “კავკასია – თანამშრომლობა მომავლისათვის”. სემინარის ჩატარების იდეა ეკუთვნის შვეიცარიის ელჩს ბოსნიაში, ჰაიდი ტალიავინის და ეუთოს წარმომადგენელს პრესის თავისუფლების დარგში, ფრაიმუტ დუვეს. მათი თანარედაქტორობითა და ეუთოს ეგიდით, 2000 წელს, რუსულ, ინგლისურ და გერმანულ ენებზე, ვენაში გამოიცა კრებული სახელწოდებით “კავკასია მშვიდობის ძიებაში”. კრებულმა, რომელშიც მოთავსებულია კავკასიაში დაპირისპირებული ყველა მხარის წარმომადგენელთა სტატიები, ფართო გამოხმაურება ჰპოვა დასავლეთის დიპლომატიურ და ინტელექტუალურ წრეებში. საინტერესოა, რომ წიგნი შეტანილია ვაშინგტონის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში. აღსანიშნავია ისიც, რომ კრებული გამოირჩევა ავტორთა გულწრფელი მისწრაფებით, კავკასიაში არსებული რთული ვითარებიდან გამოსავალი მოიძებნოს. ალბათ,
სწორედ ამ გარემოებამ განაპირობა თბილისის საერთაშორისო სემინარის ჩატარება, რის შესახებაც გიორგი კაკაბაძე მოგითხრობთ.

გიორგი კაკაბაძე:
მასპინძლებთან ერთად სემინარში, ძირითადად, მონაწილეობდნენ კრებულის – “კავკასია ეძიებს მშვიდობას” ავტორები შვეიცარიიდან, რუსეთიდან, სომხეთიდან და აფხაზეთიდან. საქართველოს წარმოადგენდნენ მწერალი ზაზა აბზიანიძე, ფსიქოლოგი გაგა ნიჟარაძე – ორივე მათგანი აღნიშნული კრებულის ავტორია – და ამჟამად თბილისში მცხოვრები სოხუმელი მწერალი გურამ ოდიშარია.

ჩემთან საუბარში ზაზა აბზიანიძემ მაღალი შეფასება მისცა სემინარის ერთ-ერთი ინიციატორის, ჰაიდი ტალიავინის, მოღვაწეობას კონფლიქტების მოგვარების სფეროში და აღნიშნა ისიც, რომ რამდენიმე წლის წინათ ქალბატონი ტალიავინი ეუთოს საგანგებო წარმომადგენლის მოვალეობას ასრულებდა კავკასიაში.

ჰაიდი ტალიავინის განაცხადებით, სემინარის მიზანია საერთოკავკასიური “ინტელექტუალური სივრცის” შექმნა. მისი თქმით, ამ სივრცემ ხელი უნდა შეუწყოს საზოგადოების ჰუმანიზაციას და იმ ნეგატიური სტერეოტიპების დაძლევას, რომლებმაც მნიშვნელოვნად განსაზღვრეს ეთნიკური კონფლიქტები კავკასიაში.

თბილისის სემინარის პირველი დღე დაეთმო კავკასიაში მიმდინარე მოვლენების ანალიტიკურ შეფასებას. ზაზა აბზიანიძე ამბობს: [ზაზა აბზიანიძის ხმა] “როდესაც სხვადასხვა ერების წარმომადგენლები, განსხვავებული პოზიციის მქონე ადამიანები ხვდებიან ერთმანეთს და მათ აერთიანებთ სურვილი, საერთო ენა მოძებნონ, ერთმანეთის არგუმენტებს მიუგდონ ყური, ეს, როგორც წესი, ყოველთვის ღირებულ შედეგს იძლევა.”

აღსანიშნავია, რომ სემინარის მონაწილეთა შორის იყვნენ: გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელი აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში, დიტერ ბოდენი, კავკასიაში ეუთოს მისიის ხელმძღვანელი ჟან-მიშელ ლაკომბი და საქართველოს საგანგებო საქმეთა მინისტრი მალხაზ კაკაბაძე, რომლებმაც შეაფასეს კავკასიაში და, კერძოდ, საქართველოში არსებული კონფლიქტური სიტუაციები.

სამუშაო შეხვედრის მეორე დღეს მიმდინარეობდა შემოქმედებითი მუშაობა სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით. დაისახა სამი კონკრეტული პროექტი. პირველი მათგანი ითვალისწინებს საკოორდინაციო-ინფორმაციული ცენტრის დაფუძნებას. მეორე პროექტის მიხედვით, უნდა შეიქმნას ვირტუალური ბიბლიოთეკა, სადაც განთავსდება კავკასიის პრობლემატიკასთან დაკავშირებული მასალები. მესამე და მთავარი პროექტი გულისხმობს ახალი კრებულის გამოშვებას, სადაც დაიბეჭდება კავკასიური ხალხების წარმომადგენელთა მიერ დახატული ეთნიკური ავტოპორტრეტები. ფსიქოლოგ გაგა ნიჟარაძის თქმით, [გაგა ნიჟარაძის ხმა] “ეს იქნება აზერბაიჯანი, საქართველო, დაღესტანი და ა.შ. და ვფიქრობ, რომ საკმაოდ საინტერესო უნდა გამოვიდეს, იმიტომ, რომ სინამდვილეში ჩვენ არ ვიცით, თუ რას წარმოადგენენ კავკასიის ხალხები და ძალიან ხშირად მხოლოდ შეზღუდული სტერეოტიპებით ვმსჯელობთ მათ შესახებ.”

მწერალი ზაზა აბზიანიძე უბრუნდება კრებულის – “კავკასია ეძიებს მშვიდობას” – მნიშვნელობას. მაგალითად, იგი აღნიშნავს, რომ 2000 წელს კრებულის პრეზენტაციას ვენაში 52 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებოდნენ. მწერლის თქმით, სწორედ ამ დიდმა ინტერესმა უკარნახა სემინარის ინიციატორებს, თბილისში შეეკრიბათ კრებულის ავტორები და კიდევ რამდენიმე დაინტერესებული ადამიანი იმისათვის, რომ მათ თანამშრომლობის ახალ ფორმებზე ეფიქრათ.

დაბოლოს: თბილისის საერთაშორისო სემინარი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტომ დააფინანსა.

გიორგი კაკაბაძე, რადიო “თავისუფლებისათვის”, თბილისი.

[მუსიკა]

თბილისის მიწისძვრა და მასთან დაკავშირებული მითქმა-მოთქმა

[აუდიონაწყვეტი კინოფილმიდან “ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი”]

დავით კაკაბაძე:
ზუსტად ორი კვირის წინათ, ”მეათე სტუდიაში” ჩვენი საუბრის თემა შეთქმულების თეორიები იყო. შევეხეთ შეთქმულებების, ანუ კონსპირაციების ჩასახვის ზოგიერთ მიზეზს: ადამიანების შიშს მათდამი მტრული, ფარული ძალების შესაძლო მოქმედების გამო, აგრეთვე წინააღმდეგობრივი ინფორმაციის გავრცელებას, ერთი და იგივე თემაზე ოფიციალური და არაოფიციალური ვერსიების არსებობას. მოვიყვანეთ შეთქმულების თეორიების რამდენიმე მაგალითიც, რის შემდეგაც ერთ-ერთზე შევჩერდით. ეს გახლდათ კომუნისტური თეორია ”მსოფლიო რევოლუციის” შესახებ. გავიხსენოთ, რა თქვა მაშინ ”მეათე სტუდიის” სტუმარმა, მწერალმა დავით ზურაბიშვილმა: [დავით ზურაბიშვილის ხმა] “თავისთავად, მარქსიზმის თეორია კონსპირაციის ელემენტებს ატარებდა. იყო კაპიტალისტების კლასი, რომელიც ყველაფერს მართავდა... მარქსიზმით – არის მჩაგვრელთა და ჩაგრულთა კლასი. ეს მჩაგვრელი არის უხილავი. ეს არ არის კონკრეტული პირი – ანონიმია. კონსპირაციის თეორიისთვის ანონიმურობა ძალიან მნიშვნელოვანია. არ უნდა იცოდე, ვინ არის კონკრეტულად. ხელს ვერ დაადებ.”

რამდენად აქტუალურია შეთქმულების თემა, შეთქმულების შიში, ეს 25 აპრილს გამოჩნდა, როცა თბილისში მომხდარი მიწისძვრა ყველამ სტიქიურ უბედურებად როდი მიიჩნია: გამოითქვა ვარაუდიც, რომ მიწისძვრა მტრული ძალის მიზანმიმართული მოქმედების შედეგი იყო. ჩვენც გადავწყვიტეთ, ჩავძიებოდით შეკითხვას: არსებობს თუ არა რაციონალური არგუმენტები იმის დასამტკიცებლად, რომ მიწისძვრათა გამოწვევა ხელოვნურად არის შესაძლებელი და 25 აპრილის მიწისძვრა თბილისში სწორედ ასეთი იყო? ახლო წარსულში მომხდარ მიწისძვრათა შემდეგ (1988 წელს სომხეთში, 1991 წელს – საქართველოში) ამგვარ ეჭვებს ხშირად გამოთქვამდნენ. მიწისძვრების ხელოვნურად გამოწვევის შესახებ საქართველოში ყველაზე ხშირად მწვანეთა პარტიის თავმჯდომარე, გეოგრაფიის დოქტორი, გიორგი გაჩეჩილაძე ლაპარაკობს. ამასთან, ხელოვნური მიწისძვრა ჩვენთან ყოველთვის იმის მიერაა გამოწვეული, ვინც საქართველოს მტრობს. რამდენად სარწმუნოა რუსული კვალის ძიება ადამიანების დაღუპვასა და ასობით სახლის დანგრევაში? ამ საკითხზე დავით პაიჭაძე სწორედ გიორგი გაჩეჩილაძეს ესაუბრა.

დავით პაიჭაძე:
მიწისძვრის დაკავშირებას პოლიტიკასთან ყოველთვის იდუმალების საბურველი ახლავს. შეუძლებელია, სრული თავდაჯერებით ამტკიცო, რომ მიწისძვრით გაგისწორდა პოლიტიკურ ასპარეზზე შენდამი მტრულად განწყობილი ქვეყანა. ამგვარი მსჯელობისას მხოლოდ ირიბი მტკიცებულებების მოხმობა შეიძლება. რაგინდ ლოგიკურიც უნდა იყოს ეს მტკიცებულებანი, მაინც ვერასდროს დავიჩემებთ ცოდნას კონკრეტული მიწისძვრის ხელოვნურად გამოწვევის შესახებ. ასეთი ინფორმაცია შეიძლება მხოლოდ ირწმუნო, ეჭვით მოეკიდო ან დაუჯერებლად მიიჩნიო.

გიორგი გაჩეჩილაძის არგუმენტებიც ირიბია. ის კარგა ხანია მიანიშნებს ეშერის ლაბორატორიაზე და მოითხოვს საერთაშორისო კომისიის შექმნას მის შესამოწმებლად. ამბობს, რომ ბოლოდროინდელი დიდი მიწისძვრები ყოველთვის ემთხვეოდა მწვავე პოლიტიკურ სიტუაციებს და ამდენი დამთხვევა ნამდვილად არ არის შემთხვევითი. რუსეთი ყველაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ საქართველო დააჩოქოსო, – განუცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ გაზეთ “ახალ თაობას”. ჩემთან საუბრისას კი იხსენებს, რომ 25 აპრილამდე, 11 აპრილს მომხდარი მიწისძვრის შემდეგ, სახელმწიფო ტელევიზიამ დაუშვა მართული მიწიძვრის შესაძლებლობა, ხოლო 25 აპრილის მიწისძვრის მიმართ კატეგორიულად უარყო ასეთი დაშვება.

გიორგი გაჩეჩილაძე ვითარებას ასე ხსნის [გიორგი გაჩეჩილაძის ხმა]: “ყველაზე საინტერესო არის ერთი რამ: 1987 წელს მიღებული იქნა სკკპ ცენტრალური კომიტეტისა და მინისტრთა საბჭოს ერთობლივი გადაწყვეტილება სწორედ ტექტონიკურ იარაღთან დაკავშირებით. ეს იყო დახურული გადაწყვეტილება და, ფაქტობრივად, ბიძგს აძლევდა ამ იარაღის, რომელსაც დიდი ხანია ამუშავებდა საბჭოთა კავშირი, ოფიციალურად გამოყენებასა და ლეგალიზაციას. ჩვენ მერეღა მივხვდით: რადგან არსებობს ეს დადგენილება, ის, ბუნებრივია, არ უნდა ყოფილიყო უცნობი ჩვენი დღევანდელი პრეზიდენტისათვის, რომელიც მაშინ პოლიტბიუროს წევრი იყო. როგორც ჩანს, მას, უფრო ზუსტად, ოფიციალურ საინფორმაციო საშუალებებს არ უნდათ, საკითხი აჟიტირებულ იქნეს ძალიან მაღალ დონეზე. ჩვენ ასე ავხსენით ჩვენი უცაბედი დაბლოკვა, მთელი ინფორმაციის შეტრიალება და საპირისპირო პოზიციების ჩვენება.”

მეტი დამაჯერობლობისათვის გიორგი გაჩეჩილაძემ დაასახელა დადგენილების ნომერი და მიღების თარიღი: 1987 წლის 30 ნოემბერი, ნომერი 1384-345.

რამდენად აღწევს მიწისძვრა, თუ მას პოლიტიკური ბრძოლის იარაღად მივიჩნევთ, თავის მიზანს? გიორგი გაჩეჩილაძე მიპასუხებს: [გიორგი გაჩეჩილაძის ხმა] “მე ვფიქრობ, რომ აღწევს. იმიტომ, რომ ეს არის არა მარტო ფიზიკური განადგურების იარაღი, – შეიძლება ითქვას, ყველაზე სამარცხვინო და უბედური, – არამედ ეს არის წმინდა მორალური განადგურების იარაღიც.”

[აუდიონაწყვეტი და მუსიკა კინოფილმიდან “ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი”]

დავით კაკაბაძე:
მწვანეთა პარტიის ლიდერთან, გეოგრაფიის დოქტორ გიორგი გაჩეჩილაძესთან საუბრის საფუძველზე ეს მასალა რადიო ”თავისუფლების” თბილისელმა თანამშრომელმა დავით პაიჭაძემ მოამზადა. ახლა კი, შეკითხვას: საერთოდ, თუ არის შესაძლებელი მიწისძვრის ხელოვნურად გამოწვევა, ან მისი, ასე ვთქვათ, დამიზნება, სეისმოლოგიის ექსპერტთა კუთხით მივუდგებით. საამისოდ მარიამ ჭიაურელი ტელეფონით დაუკავშირდა ორ ავტორიტეტიან მკვლევარს – დოქტორ კარლ კოხს, რომელიც გერმანიის ქალაქ ჰანოვერში განთავსებული ”სეისმური მონაცემების ანალიზის ცენტრის” თანამშრომელია და პროფესორ თამაზ ჭელიძეს – საქართველოს გეოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორს. აი, რა შეიტყო მარიამ ჭიაურელმა მათთან საუბრებიდან.

მარიამ ჭიაურელი:
პირველი საკითხი, რომლის გარკვევაც ვცადე, თითქოსდა უტყუარ, ობიექტურ ინფორმაციას, მიწისძვრის სიმძლავრეს უკავშირდებოდა. საქმე ის არის, რომ საქართველოდან გავრცელებული ცნობების დიდ ნაწილში ლაპარაკი იყო 6, ზოგ შემთხვევაში 7 ბალზე რიხტერის სკალით. არადა, როცა ამ ცოდნით აღჭურვილმა თვალი გადავავლე ზოგიერთი სეისმოლოგიური ცენტრის, მათ შორის შეერთებული შტატებისა და ავსტრიის წამყვანი კვლევითი ინსტიტუტების მიერ გამოქვეყნებულ მაჩვენებლებს, აღმოჩნდა, რომ თბილისში 25 აპრილს აღრიცხული მიწისძვრის მაგნიტუდა რიხტერის სკალით დაახლოებით 4,5 შეადგენდა.

მოგეხსენებათ, მიწისძვრის შემთხვევაში მაჩვენებლებს- 4,5 და 6, მითუმეტეს 7 შორის სხვაობა ძალიან დიდია – ასე რომ, შეუსაბამობა სრულიად აშკარა იყო, რაც გერმანელმა მეცნიერმა, კარლ კოხმა დაადასტურა კიდეც: [კოხის ხმა] ”მაჩვენებლები, რომელთა შესახებ ჩემთვის არის ცნობილი 4,5 და 5 შორის მერყეობს, უმეტეს შემთხვევაში 4,5-ის გარშემო. საიდანა აქვთ ქართულ წყაროებს მაგნიტუდის მაჩვენებელი 6 ან 7, ჩემთვის ნათელი არ არის. შესაძლოა, საინფორმაციო საშუალებებში ერთმანეთში აერიათ მონაცემები სხვადასხვა მიწისძვრის შესახებ. საერთოდ, სხვადასხვა ადგილას ჩატარებული გაზომვები სხვადასხვა შედეგს აჩვენებს, მაგრამ სხვაობა მინიმალურია ხოლმე. მე კი მახსოვს, რომ გერმანიის საინფორმაციო საშუალებებშიც (თბილისში მომხდარ მიწისძვრის მაგნიტუდის შესახებ) ლაპარაკი იყო 6-ზე და მეტზეც კი. ეს არანაირად არ არის დასაბუთებული. ვვარაუდობ, რომ ინფორმაცია არასწორად გავრცელდა, რაღაც გაუგებრობა მოხდა.”

დოქტორ კარლ კოხის ეს ვარაუდი დადასტურდა. როგორც ქართველმა მკვლევარმა, პროფესორმა თამაზ ჭელიძემ გვითხრა, საინფორმაციო საშუალებებმა შეცდომით გაავრცელეს მაჩვენებელი ”რიხტერის სკალით 6 ბალი”: [თამაზ ჭელიძის ხმა] ” ეს შეცდომა იყო, ცხადია! 6-7 ბალი იყო რხევის ინტენსიობა. ეს სულ სხვა სკალაა. ასე რომ, ეშლებათ კორესპონდენტებს: ყველამ არ იცის, ეტყობა და ურევენ. რიხტერის სკალით 6 ბალი რომ ყოფილიყო, დაინგრეოდ დედა-ბუდიანად! კორესპონდენტებს ვაფრთხილებ, რომ ნუ აერევათ ეს ორი სკალა – მაინც ერევათ! რიხტერის სკალით მაგნიტუდა იყო 4,4, ხოლო ინტენსიობა 6-დან 7-მდე ბალი. ინტესნიობა ბალებშია.”

გერმანელ ექსპერტს კიდევ ერთ საკითხთან დაკავშირებით არ დაუმალავს თავისი და თავისი კოლეგების გაოცება: კარლ კოხის თქმით, მათ თბილისის მიწისძვრის მაჩვენებლებთან გაცნობისას გაუკვირდათ, რატომ გამოიწვია 4,5 მაგნიტუდის ბიძგებმა ასეთი ძლიერი ნგრევა და მსხვერპლიც კი. პროფესორი ჭელიძე გერმანელი მეცნიერების რეაქციას სავსებით გასაგებად და ბუნებრივად მიიჩნევს - მან შეკითხვას, ეთანხმება თუ არა მოსაზრებას, რომ ნგრევის მასშტაბი უჩვეულოდ დიდი იყო, უპასუხა: [თამაზ ჭელიძის ხმა] ”რა თქმა უნდა! და ამას აქვს ახსნა – 2 ახსნა. ერთი, რომ მიწისძვრა მოხდა ქალაქის ცენტრში: ეპიცენტრი იყო ცენტრში. როცა ეპიცენტრი შორსაა, რხევები ცხრება. მეორე: ავარიული სახლები საკმაოდ ბევრი იყო და კიდევ – თბილისი დგას ნალექებზე და ეს აძლიერებს რხევას”.

მაგრამ, მოდით, დავუბრუნდეთ ჩვენი სიუჟეტის მთავარ შეკითხვას: არის თუ არა შესაძლებელი მიწისძვრის ხელოვნურად გამოწვევა და მისი, ასე ვთქვათ, დამიზნება?

ამ შეკითხვის პირველ ნაწილზე პასუხი ეჭვს არ იწვევს: მიწისძვრის ხელოვნურად გამოწვევა შესაძლებელია და ამის სხვადასხვა მეთოდიც კი არსებობს. აქ სჯობს, მეცნიერებს, ჯერ დოქტორ კარლ კოხს მოვუსმინოთ: [კარლ კოხის ხმა] ”არსებობს მეთოდიკა, რომელსაც, მაგალითად, სამთო მრეწველობაში იყენებენ. როცა მაღარო კრიტიკულ მდგომარეობაშია, მომცრო აფეთქების მეშვეობით იწვევენ მიწისძვრას – ეს უბრალოდ უშიშროების ზომაა. ანუ, თუ ვიცით, რომ მაღაროს ჩანგრევა ემუქრება, სასურველი ხდება ამ პროცესის გაკონტროლება. თუ ცხადია, რომ მაღარო მაინც უნდა ჩაინგრეს, ცდილობენ მიწისძვრის ხელოვნურად გამოწვევას”.

ახლა ქართველი ექსპერტი უპასუხებს შეკითხვას, როგორ შეიძლება მიწისქვეშა ბიძგების ხელოვნურად გამოწვევა: [თამაზ ჭელიძის ხმა] ”მაგალითად, წყლის, სითხის ჩაჭირხვნით ჭაბურღილში. ის შედის ფორებში, ბზარებში და აადვილებს რღვევას. ე.ი. წყლის წნევის ზრდამ ფორებში შეიძლება გამოიწვიოს მიწისძვრა. რა თქმა უნდა არის ჩამონგრევითი მიწისძვრები, ვულკანური – ბევრი მიწისძვრა არსებობს”.

რაც შეეხება მიწისძვრის დამიზნებას... როგორც ზემოთ უკვე ითქვა, მითქმა-მოთქმა იმის შესახებ, რომ მიწისქვეშა ბიძგები ერთგვარ იარაღად იქნა გამოყენებული, მხოლოდ 25 აპრილის მიწისძვრას არ მოჰყოლია. მაგალითად, 1988 წელს, სპიტაკის ტრაგიკული მოვლენების შემდეგ სომხეთში სხვადასხვა ხმა გავრცელდა: ერთი ვერსიით, მიწისძვრა გამოიწვია ე.წ. გეოდეზიური, ანუ ტექტონიკური, იარაღის ამოქმედებამ; მეორე ვერსიით, რომელიმე ქვეყანაში ჩატარებულმა ბირთვული იარაღის მიწისქვეშ გამოცდამ. ამის შესახებ რადიო ”თავისუფლების” სომხური რედაქციის თანამშრომლებმა გვითხრეს.

ბირთვული იარაღის გამოცდას მოგვიანებით დავუბრუნდებით, მაგრამ, რაც შეეხება გეოდეზიურ, თუ ტექტონიკურ იარაღს - როგორც გერმანელ, ისე ქართველ ექსპერტებს ცნება ”გეოდეზიური იარაღი” გაგონილიც კი არ ჰქონდათ. ხოლო ”ტექტონიკურ” იარაღთან დაკავშირებით მათ, საქართველოს მწვანეთა პარტიის თავმჯდომარისაგან განსხვავებით, თქვეს, რომ არაფერი იციან ასეთი იარაღის არსებობის შესახებ და, რაც მთავარია, მეცნიერების განვითარების დღევანდელ ეტაპზე ასეთი იარაღი არც შეიძლება არსებობდეს. ანუ, პროფესორ თამაზ ჭელიძის თქმით, მიწისძვრის: [თამაზ ჭელიძის ხმა] ”გამოწვევა შეიძლება, მაგრამ დამიზნება არ შეიძლება, ჩვენი აზრით და ძალიან ბევრი სპეციალისტის აზრით. დამიზნება თუ არ შეგიძლია, აბა რა იარაღია? ე.ი. საქმე რა არის: ჩვენი ზემოქმედება იმ ძალებთან შედარებით, რაც მოქმედებს დედამიწის ქერქში, არის ძალიან უმნიშვნელო. ამიტომ მას შეუძლია გაუშვას მიწისძვრა მხოლოდ მაშინ, როცა ეს არის მომზადებული. ისევ ვიმეორებ, რომ დამიზნება არ შეიძლება, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით, რა ხდება დედამიწის ქერქში, იქ სადაც მიწისძვრები იწყება: ეს არის 5-10 კილომეტრის სიღრმე, ქერქში. იქ ჩვენთვის სრულიად უცნობია დაძაბულობის მდგომარეობა. თუ თქვენ იცით, სად უნდა მოხდეს მიწისძვრა უახლოეს დროში, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გადაწყვიტეთ პროგნოზის პრობლემა, მიწისძვრების პროგნოზის პრობლემა! ყველა გამოჩენილი მეცნიერი თვლის, რომ ეს პრობლემა ჯერ არ არის გადაწყვეტილი”.

ხოლო რაც შეეხება მიწისქვეშ ატომურ გამოცდასა და მიწისძვრას შორის კავშირს, ის, ზოგადად, შეიძლება არსებობდეს, მაგრამ თბილისის მიწისძვრის შემთხვევაში, როგორც ჩანს უნდა გამოირიცხოთ, რადგან დოქტორ კოხის თქმით: [კარლ კოხის ხმა] ”რომ მომხდარიყო ისეთი სიმძლავრის ატომური გამოცდა, რომელსაც, შესაძლოა თბილისის მიწისძვრა გამოეწვია, ჩვენ ამის შესახებ გვეცოდინებოდა. ეს მოვლენა ”ატომური იარაღის გამოცდის აკრძალვის დაცვის მეთვალყურე ორგანიზაციამაც” (ორგანიზაციის აბრევიატურაა CTBTO )გამოიკვლია, რის შედეგად დადგენილი პარამეტრების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ, როგორც ჩანს, ეს იყო ჩვეულებრივი მიწისძვრა და არა აფეთქების შედეგი. ზოგადად, არსებობს შესაძლებლობა, რომ მიწისძვრა ატომური აფეთქებაც იყო. ამიტომაც არსებობს ”ატომური იარაღის გამოცდის აკრძალვის დაცვის მეთვალყურე ორგანიზაცია” – მან უნდა შეამოწმოს ყველა სეისმოლოგიური ძვრა იმის დასადგენად, თუ რასთან გვაქვს საქმე: აფეთქებასთან (ანუ ბირთვული იარაღის გამოცდასთან), თუ მიწისძვრასთან (ანუ ბუნებრივ მოვლენასთან). საერთოდ, სეისმოლოგმა, რომელსაც ”ატომური იარაღის გამოცდის ამკრძალავი ხელშეკრულების” დაცვის მეთვალყურეობა ევალება, უნდა გაითვალისწინოს შემდეგი: შესაძლოა, ვინმემ ”გამოიყენოს” მიწისძვრა, დაელოდოს მიწისძვრას, რათა ის გამოიყენოს ატომური გამოცდის ფარულად ჩასატარებლად. მაგრამ ჩვენთვის, პრინციპში, შესაძლებელია ასეთი ”მიჩქმალული” აფეთქების აღმოჩენა”.

და ბოლოს, რაც შეეხება ეშერის პრობლემას, რომლის შესახებ საქართველოს მწვანეთა პარტიის თავმჯდომარის მოსაზრებას ამ რამდენიმე წუთის წინ დავით პაიჭაძე შეეხო, პროფესორმა თამაზ ჭელიძემ ეშერასთან დაკავშირებით მოგვითხრო ის, რაცი მისთვის რუს კოლეგასთან, ალექსეი ნიკოლაევთან საუბრებიდან არის ცნობილი: [თამაზ ჭელიძის ხმა] ”აკადემიკოსი ნიკოლაევი იყო ჩახედული. მე მას ვესაუბრე არაერთხელ და ვკითხე. მან მიპასუხა, რომ ეშერის ლაბორატორია იყო, ძირითადად, ატომური აფეთქებების საკონტროლოდ, მაგრამ არ იყო კარგი ხარისხის პუნქტი, ვინაიდან ზღვის ხმაური უშლიდა ხელს. ოღონდ სამხედროებს მაინც მოსწონდათ ადგილი ზღვისპირას და მაინც არ ეშვებოდნენ. ეშერა ვის არ მოსწონს! ცხადია, მათ არ უნდოდათ მისი დათმობა, ისევე როგორც მთელი აფხაზეთის. მე სხვა წყარო არა მქონია. ბატონი ნიკოლაევი იყო ჩახედული, როგორც გითხარით. მან თქვა, რომ აპარატურა გატანილია, ე.ი. ახლა იქ თავის ფუნქციას არ ასრულებს”.

იმისგან დამოუკიდებლად, დავიჯერებთ თუ არა ამ ინფორმაციას, ექსპერტთა ნათქვამზე დაყრდნობით შეგვიძლია დავასკვნათ: ძლიერი მიწისძვრის დამიზნების ვერსია უნდა გამოირიცხოს.

ანუ, თბილისში 25 აპრილს მომხდარი მიწისძვრის შემთხვევაში შეთქმულების შიში გაუმართლებელია.

[მუსიკა კინოფილმიდან “ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი”]

კანის 55-ე საერთაშორისო კინოფესტივალი

დავით კაკაბაძე:
და რაკი მიწისძვრების თემაზე საუბარი ელდარ შენგელაიას შესანიშნავი ფილმის, ”ცისფერი მთების” ნაწყვეტებით გავაფორმეთ, დღევანდელი ”მეათე სტუდიის” ბოლო სიუჟეტზეც, ასე ვთქვათ, უმტკივნეულოდ გადავალთ. ოთხშაბათს, 15 მაისს, საფრანგეთის საკურორტო ქალაქ კანში საზეიმოდ გაიხსნა 55-ე საერთაშორისო კინოფესტივალი – კინოხელოვნების ყველაზე მნიშვნელოვანი ფორუმი. წლევანდელ კინოფესტივალზე მთელი რიგი სახელოვანი კინემატოგრაფისტები შეიკრიბნენ: ვიმ ვენდერსი და დევიდ ლინჩი, შარონ სტოუნი და მარტინ სკორსეზე. კინოკრიტიკოსების ყურადღება ყველაზე მეტად მიმართულია გამოჩენილი ამერიკელი კინორეჟისორის, ვუდი ალენისკენ, რომელმაც კანში თავისი უკანასკნელი ფილმი წარმოადგინა. ფესტივალის შესახებ უფრო მეტს ბიძინა რამიშვილისგან შეიტყობთ.

ბიძინა რამიშვილი:
როგორც ერთმა კინოკრიტიკოსმა იხუმრა, კანის წლევანდელი კინოფესტივალი დასასრულით იწყება. იგი ვუდი ალენმა გახსნა თავისი ახალი ფილმით Hollywood Ending – ”ჰოლივუდური დასასრული”. ეს არის დახვეწილი გემოვნებით და ფაქიზი იუმორით შესრულებული ნაწარმოები, რომელშიც კინოინდუსტრიაში უკანასკნელი 30 წლის მანძილზე მომხდარ ცვლილებებზეა ლაპარაკი. ლაკონური პასუხი, რომელსაც იძლევა ეს ფილმი, ასე ჟღერს: ჰოლივუდის მარკეტინგულ გეგმებში უფროსების ადგილი თითქმის აღარ დარჩა, ყველაფერი ბავშვებზეა გათვლილი.

ვუდი ალენის ფილმის გმირი, კინორეჟისორი უოქსმენი – მის როლს, რა თქმა უნდა, თავად ალენი ასრულებს – ბედნიერი შემთხვევის წყალობით მიიღებს შეკვეთას ფილმის გადასაღებად. ფილმზე მუშაობის პროცესში იგი მხედველობას კარგავს, მაგრამ ცდილობს არ შეიმჩნიოს ეს და ფილმს ამთავრებს. ბოლოს უოქსმენს მხედველობა კვლავ უბრუნდება. მის ფილმს კი მთელ მსოფლიოში აძაგებენ, გარდა საფრანგეთისა. ფილმის დასარულს ვუდი ალენი ჰოლივუდსაც დასცინის შეზღუდულობისთვის და საფრანგეთსაც იმისთვის, რომ იქ მოდაშია ყველაფერი, რაც ჰოლივუდში არ მოსწონთ.

მართლაც ასეა, ვისაც ჰოლივუდში არ სწყალობენ, კანში გუნდრუკს უკმევენ. ამის კარგი მაგალითია კინორეჟისორი დევიდ ლინჩი, რომელიც წლევანდელი კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარეა. მას გვერდს უმშვენებს კინოვარსკვლავი შარონ სტოუნი, რომელიც აგრეთვე ერთგვარად ჩრდილში მოექცა ჰოლივუდში.

მარტინ სკორსეზე, ამერიკის კრიმინალური სამყაროს დიდი მემატიანე, თავისი ეპოსის ”ნიუ იორკის ბანდების” ნაწილს წარმოდგენს. იგი მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჟიურის თავმჯდომარეც არის ამავე დროს.

კანში ვიმ ვენდერსიც შინ გრძნობს თავს. არც ერთი სხვა გერმანელი რეჟისორი არ ყოფილა აქ მასზე უფრო ხშირად. ”კანთან ერთობ პრივილეგირებული ურთიერთობა მაქვს. ფესტივალში ათჯერ მივიღე მონაწილეობა. ჟიურის თავმჯდომარეც გახლდით და სტუმრის სტატუსითაც არაერთხელ ვყოფილვარ. კანმა მიჩვევა იცისო,” განუცხადა მან ჟურნალ ”შპიგელს”.

იმ ფილმებს შორის, რომელთაც მოუთმენლად ელიან კინოს მოყვარულები, არის Ten Minutes Older, ”ათი წუთით უფროსი”, რომელშიც შვიდი რეჟისორი მონაწილეობს – ვენდერსით და კაურისმიაკით დაწყებული, ჯარმუშით დამთავრებული. ფილმის თემაა ”დრო”.

ბევრი ლაპარაკია ალექსანდრ სოკუროვის ფილმის ”რუსული კიდობნის” გარშემო, რომელიც უკანასკნელი ორი საუკუნის რუსეთის ისტორიაში მოგზაურობას წააგავს. ”მე ავანგარდისტი არ გახლავართ”, თავს იცავს სოკუროვი, ”კლასიციზმის პრინციპებს მივდევ და სილამაზეს, კომპოზიციასა და სიმფონიას ვაქცევ ყურადღებასო”.

მუსიკაა მთავარი თემა რომან პოლანსკის ფილმში ”პიანისტი”, რომლითაც პოლონელი რეჟისორი 25 წლის შესვენების შემდეგ კვლავ ჩავიდა კანში. ფილმში მოთხრობილია ებრაელი პიანისტის, ვლადისლავ შპილმანის შესახებ, რომელსაც მისი დაკვრით მოხიბლული გერმანელი ოფიცერი გადაარჩენს.

ფესტივალი თერთმეტ დღეს გასტანს. მისი შედეგების შესახებ მოგვიანებით შეგატყობინებთ.

[მუსიკა]

დავით კაკაბაძე:
”მეათე სტუდია” და, მასთან ერთად, ჩვენი დღევანდელი გადაცემა დასასრულს მიუახლოვდა. რადიოჟურნალი პრაღაში მოამზადეს მარიამ ჭიაურელმა, ბიძინა რამიშვილმა და დავით კაკაბაძემ. თბილისის სტუდიაში ხმის ოპერატორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე. გადაცემას დავით კაკაბაძე უძღვებოდა. მომავალ პარასკევამდე.

[მუსიკა]
XS
SM
MD
LG