Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავისუფალი პრესა და საზოგადოება


მიმდინარე კვირის ოთხშაბათს, მთავრობის სხდომაზე, ქვეყნის პრეზიდენტმა უსაყვედურა თავისუფალ მედიას და, განსაკუთრებით, სატელევიზიო საინფორმაციო პროგრამებს იმის გამო, რომ ისინი არაარსებით თემებს აშუქებენ.





ამის დამადასტურებელ მაგალითად პრეზიდენტმა დაასახელა ცენტრალური საარჩევნო კომისიის პიკეტირება მოქალაქეთა ერთი ჯგუფის მიერ და ხელჩართული ჩხუბი, რომელიც ამ ფაქტს მოჰყვა. პრეზიდენტმა პრესას ურჩია, გააშუქოს ის, რასაც ხელისუფლება ხალხისთვის აკეთებს.

მსოფლიოს ცივილიზებულ ქვეყნებში, იქ, სადაც თავისუფალ მედიას არსებობის ხანგრძლივი ისტორია აქვს, ავტორიტეტულ გაზეთებსა და "ყვითელ" პრესას შორის განსხვავებას ამგვარად განმარტავენ: ავტორიტეტული პრესა აშუქებს ფაქტებს, რომლების მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს, ხოლო "ყვითელი" პრესა აშუქებს ფაქტებს, რომლებიც საზოგადოებისთვის საინტერესოა.

ეს ორი დეფინიცია - საზოგადოებრივი ინტერესი და საზოგადოებისთვის საინტერესო - ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებულ შინაარსს გულისხმობს. საზოგადოებისთვის საინტერესო და "ყვითელი" პრესისთვის მასალაა, მაგალითად, პოპულარული ადამიანების პირადი ცხოვრების დეტალები; საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროს კულუარებში განვითარებული შემთხვევითი მოვლენები; კურიოზები, გასართობი ამბები.

სულ სხვაა საზოგადოებრივი ინტერესი. იგი ყოველთვის უკავშირდება ფაქტებს და მოვლენებს, რომლებიც ქმნიან სამოქალაქო საზოგადოებას, ან, პირიქით, ხელს უშლიან სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას. საზოგადოებრივი ინტერესი უკავშირდება მოქალაქის უფლებას, მიიღოს ის ინფორმაცია, რომელსაც დაეყრდნობა პოლიტიკური არჩევანის გაკეთებისას.

ბრიტანული ეთიკური ჟურნალისტიკის თვალსაჩინო წარმომადგენელმა - დენ ვან დერ ვატმა - გასული წლის გაზაფხულზე ქართველ ჟურნალისტებს, აი, რა გვიამბო: ბრიტანელებისთვის ერთმნიშვნელოვნად არის ნათელი, ავტორიტეტულ პრესაში მოხვდება თუ "ყვითელ" გაზეთში რომელიმე პოლიტიკოსის ფოტო, ვთქვათ, თავის საყვარელთან ერთად. მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ეს პოლიტიკოსი თავის საჯარო გამოსვლებში ქადაგებს ოჯახის სიწმინდეს, შემდეგ კი საზოგადოების წინაშე ჩნდება საყვარელთან ერთად - მისი ორმაგი მორალი გამოიწვევს საზოგადოებრივ ინტერესს. ხოლო თუ ამ ადამიანს საჯაროდ არასოდეს უსაუბრია ოჯახის ინსტიტუტზე და საყვარელი ჰყავს, ეს ფაქტი შეიძლება აღმოჩნდეს საზოგადოებისთვის საინტერესო და შესაბამისი ფოტოც მხოლოდ "ყვითელი" პრესის ფურცლებზე მოხვდება. ავტორიტეტული პრესისთვის კი ასეთი ფაქტის გამოქვეყნება არაეთიკური და მიუღებელია.

დასავლური სტანდარტით, ის შემთხვევა, თუ როგორ გადაუკეტეს სახელმწიფო მოხელეებმა სახელმწიფო დაწესებულების შესასვლელი პარლამენტის წევრებს და როგორი მიმტევებელი აღმოჩნდა პრეზიდენტი მოპიკეტეების მიმართ, ნამდვილად შეიცავს საზოგადოებრივ ინტერესს. ამ ფაქტის მიფუჩეჩება და იმგვარად წარმოჩენა, თითქოს ეს იყო მხოლოდ საზოგადოებისთვის საინტერესო და სასეირო სანახაობა, სიმართლეს არ შეესაბამება. პრესამ, ამ ფაქტზე ყურადღების გამახვილებით, შეასრულა თავისი პირდაპირი მოვალეობა სამოქალაქო საზოგადოების მიმართ.
XS
SM
MD
LG