Accessibility links

logo-print

პარტიების წინასაარჩევნო ''მესიჯები''


განვაგრძობთ ოთხშაბათს დაწყებულ საუბარს წინასაარჩევნო "მესიჯებზე". "მესიჯები", ანუ მოკლე შეტყობინებები, ის საყრდენი წინადადებებია,

რომელთა მეშვეობითაც ესა თუ ის პარტია საზოგადოებას უხასიათებს საკუთარ თავს და პოლიტიკურ ოპონენტებს. დღეს საუბარი შეეხება ახალი მემარჯვენეების, ნაციონალური მოძრაობისა და ჟვანიას გუნდის საარჩევნო "მესიჯებს".

არჩევნების წინ ყველა პარტია ცდილობს, ეფექტურად გამოიყენოს საინფორმაციო საშუალებები და საზოგადოებას მკაფიოდ განუმარტოს თავისი საარჩევნო დაპირებები. საინფორმაციო საშუალებების ყურადღების ცენტრში მოსახვედრად კი უმოკლესი გზა ასეთია: პოლიტიკურმა ძალამ დღის განმავლობაში უნდა შექმნას ყველაზე საინტერესო ახალი ამბავი, ანუ დღის მთავარი "ნიუსი". თუკი პარტია ახერხებს, რომ არჩევნების წინა დღეებში - დადებით ან უარყოფით კონტექსტში - საინფორმაციო საშუალებები სწორედ მის შესახებ საუბრობენ, მიზანი მიღწეულია.

ბოლო დღეების განმავლობაში ასეთი აქტიურობა შეიმჩნევა ოთხი პოლიტიკური ძალის მხრიდან. "ღამის მოამბეშიც" და "ღამის კურიერშიც" ყველაზე ხშირად იწვევენ მოქალაქეთა კავშირის ორივე ფრთის წარმომადგენლებს, ნაციონალური მოძრაობის ლიდერებსა და ახალი მემარჯვენეების პარტიის თავმჯდომარეს - ლევან გაჩეჩილაძეს. გაზეთების ფურცლებზეც ყველაზე ხშირად სწორედ მათ შეხვდებით.

სააკაშვილი, გაჩეჩილაძე და ჟვანია ბოლოხანს უწყვეტად ქმნიან დღის "ნიუსების" ნაკადს. უნდა ითქვას, რომ მიზნის მისაღწევად სამივემ ინდივიდუალური გზა აირჩია. სააკაშვილი ყოველდღე ხვდება ამომრჩეველს და მისი დაპირებები უაღრესად რადიკალურია. გაჩეჩილაძემ სწორედ წინასაარჩევნო პერიოდს დაამთხვია "ხავერდოვანი საპარლამენტო რევოლუცია", რაც ბუნებრივად უზრუნველყოფს მედიის ყურადღებას მის მიმართ. ჟვანია კი მამალაძე-ჯორბენაძესთან დაპირისპირებით ყოველდღე თავიდან ქმნის ახალ ამბავს. დღის "ნიუსი", რომელიც ეკრანზე სულ სამიოდე წუთს გრძელდება, სინამდვილეში, ერთგვარი ორთქლმავალია, რომელიც პოლიტიკურ ძალებს ღამის ეთერს უხსნის. ღამის საინფორმაციო ეთერი კი მათ საშუალებას აძლევს, ვრცლად წარმოადგინონ საკუთარი პოზიცია.

თუმცა არჩევნებში ხმების მისაღებად სულაც არ კმარა, მავანი პოლიტიკოსი ხშირად გამოჩნდეს ტელევიზორის ეკრანზე. ზოგჯერ ეს საპირისპირო შედეგს იძლევა. მთავარია, წინასაარჩევნო "მესიჯები", რომლებიც ეკრანიდან ისმის, მკაფიო შინაარსს ატარებდეს და საზოგადოებას მოსწონდეს. დღეისათვის ყველაზე მკაფიო "მესიჯი" მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის: "თბილისი შევარდნაძისა და მისი კლანის გარეშე". აშკარაა, რომ ნაციონალური მოძრაობა ელექტორატის იმ ნაწილს იზიდავს, რომელიც აგრესიულია პრეზიდენტის მიმართ. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილი თავის მთავარ პოლიტიკურ ოპონენტად ედუარდ შევარდნაძეს სახავს.

ზურაბ ჟვანიას უარყოფითი "მესიჯი" უფრო ზოგადია: "ოლიგარქების 15-20 ოჯახს სურს, ხელში აიღოს ძალაუფლება და მართოს საქართველო". სიტყვა "ოლიგარქები" "მესიჯისთვის" მოუხერხებელია, რადგან საზოგადოების ნაწილისთვის ეს სიტყვა, შესაძლოა, უცხოდ ჟღერდეს. მაგრამ, მთლიანობაში, "მესიჯის" შინაარსი გასაგებია. რომელი აღმოჩნდება უფრო მეტად წარმატებული: სააკაშვილის კონკრეტული მოწოდება თუ ჟვანიას ზოგადი შეტყობინება, ამას მხოლოდ არჩევნების შედეგი გაარკვევს.

ლევან გაჩეჩილაძის მთავარი უარყოფითი მესიჯი ადასტურებს, რომ ახალი მემარჯვენეები უშუალო პოლიტიკურ ოპონენტად ჟვანიას გუნდს მიიჩნევენ; თავად შეტყობინება კი ასე ჟღერს: "ჟვანიამ ყველა მიმართულებით პირი იტეხა და ამიტომაც ჩავარდა მძიმე მდგომარეობაში". არსებობს ამავე "მესიჯის" სახეცვლილი ვარიანტი: "ჟვანიამ ყველა მოატყუა და ამიტომაც ყველასთან გაუჩნდა პრობლემები". უნდა ითქვას, რომ ლევან გაჩეჩილაძე, სააკაშვილისა და ჟვანიასგან განსხვავებით, უფრო მეტად ცდილობს, გამოკვეთოს დადებითი, პოზიტიური საარჩევნო შეთავაზება. ეს შეთავაზება უკავშირდება ფულს და ფულის ნაკადების მართვის უნარს. "მესიჯი" ასე ჟღერს: "ჩვენი მოსვლის შემდეგ საკრებულოში უფრო მეტი ფული გაკეთდება ქალაქისთვის და ქალაქის ბიუჯეტისთვის". დამოუკიდებელ შემოსავლებს უკავშირებს ლევან გაჩეჩილაძე დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოების გარანტიასაც.

ჟვანიასა და სააკაშვილის დადებითი "მესიჯები" კი ერთმანეთისგან თითქმის არ განსხვავდება. ორივე ლიდერი საზოგადოების თითოეულ წევრს სთავაზობს, თავად მართოს საკუთარი ქვეყანა და გადაწყვეტილებების მიღება სხვებს არ გადააბაროს, ეს უფლება სხვებს არ დაუთმოს. ტიპური დადებითი "მესიჯი" ასე ჟღერს: "საკუთარი მომავალი უნდა გადაწყვიტონ ადამიანებმა, რომლებიც, შესაძლოა, გაღატაკდნენ, მაგრამ რომლებსაც ღირსება არ დაუკარგავთ." მოქალაქეობრივი და პიროვნული ღირსება სწორედ ის საყრდენი ფრაზებია, რომლებსაც ეფუძნება სააკაშვილისა და ჟვანიას დადებითი შეტყობინებები.

იმის მიხედვით, თუ რომელ პოლიტიკურ ძალებს და რომელ "მესიჯებს" მიანიჭებს უპირატესობას თბილისის მოსახლეობა, საშუალება გვექნება, ვისაუბროთ საზოგადოებაში არსებული ღირებულებების სისტემაზე. ესეც უაღრესად საინტერესო თემაა.
XS
SM
MD
LG