Accessibility links

სამართლდამცავი ორგანოების ხელმძღვანელები არჩევნებში მონაწილე პარტიებს წესრიგისკენ მოუწოდებენ


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებამდე პარლამენტი სხდომებს აღარ გამართავს. სამაგიეროდ, პარლამენტარებმა თავისებური “შაბათობა” მოაწყვეს და დასვენების დღე,

შაბათი კანონ-პროექტების განხილვა-დამტკიცებას დაუთმეს. პარლამენტი სესიაზე მხოლოდ 4 ივნისს შეიკრიბება, თუმცა, არჩევნების შედეგის გათვალისწინებით, გამორიცხული არ არის, პარლამენტართა ერთ ჯუფთან გამომშვიდობების საკითხი დადგეს დღის წესრიგში.

ვიხილავთ თუ არა პარლამენტში მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ბარამიძეს, გოგი თოფაძეს, ლევან გაჩეჩილაძეს, გიორგი თარგამაძეს – ეს 4 ივნისს, პარლამენტის მორიგ სესიაზე უკვე საბოლოოდ გარკვეული იქნება. თუ, რა თქმა უნდა, 2 ივნისს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები ნამდვილად ჩატარდება. პოლიტიკოსთა ერთი ჯგუფი სულ უფრო ხშირად იმეორებს, რომ გამორიცხული არ არის, არჩევნები გადაიდოს.

მანამდე კი, გენერალური პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო ასე ვთქვათ პრევენციულ განცხადებას აკეთებენ და აცხადებენ. რომ, “წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში, ცალკეული პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრები ხშირად მიმართავენ სამართლებრივად გაუმართლებელ, შეურაცხმყოფელ და ცილისმწამლებლურ ქმედებებს და ამ კამპანიებს იყენებენ ურთიერთანგარიშსწორების საშუალებად, რაც ყოვლად დაუშვებელია. ამასთან, სახეზეა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხულიგნობის ნიშნებიც. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, გენერალური პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო აუცილებლობის წინაშე დადგნენ, რომ აღნიშნული სახის ქმედებებს მიუხედავად მათი ჩამდენის რანგისა და დამსახურებისა, მისცენ სამართლებრივი შეფასება და შესაბამისი რეაგირება მოახდინონ.”
18 მაისს პარლამენტი ისე დაიშალა, რომ არ მიიღო ფრაქცია “მოქალაქეთა კავშირის” მიერ მომზადებული განცხადება, რომელიც ამ კვირაში ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმდებაზე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, როცა შენობის მოპიკეტეებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არ შეუშვეს ფრაქცია “მოქალაქეთა კავშირის” წევრები და მათ მუშტი-კრივი გაუმართეს. კვირის ბოლოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მუშაობა მშვიდ ვითარებაში გაგრძელდა. კომისიამ გადაწყვიტა არჩევნების დღისთვის სპეცჯგუფების შექმნა, რომელიც არჩევნების ღიად და დემოკრატიულად ჩატარების მონიტორინგს მოახდენს. ყოფილი მმართველი პარტიის ზურაბ ჟვანიას ჯგუფის წარმომადგენლები ვარაუდს გამოთქვამენ, რომ ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთი ბერკეტია, არჩევნების პროცესის გასაყალბებლად, რადგან ამ სპეცჯგუფებს ერთმანეთთან “შეამხანაგებული” პარტიების წარმომადგენლები დააკომპლექტებენ.

ისევ არჩევნების თემას თუ დავუბრუნდებით, შეიძლება ითქვას, რომ თბილისისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტასთან დაკავშირებით ხელისუფლების გაკრიტიკების თემით ბევრი პარტია შეეცდება თბილისელების გულის დაპყრობას. სამაგიეროდ, საარჩევნოდ ქალაქის გაზის მომარაგების შეწყვეტამ, შესაძლოა, წერტილი დაუსვას თბილისის მერის ვანო ზოდელავას კარიერას. ბოლო ინფორმაციით, “იტერა” საქართველოსთვის გაზის მიწოდების აღდგენას არ აპირებს.
XS
SM
MD
LG