Accessibility links

logo-print

ევროსაბჭოს ექპერტები საქართველოში უმცირესობათა დისკრიმინაციის შესახებ


ევროსაბჭოს რასიზმისა და შეუწყნარებლობის საკითხებზე მომუშავე კომისიის ანგარიშის გამოქვეყნება დროში დაემთხვა ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო პერიოდს საქართველოში,

თორემ სხვა მხრივ კონკრეტულად არჩევნებთან მას კავშირი არ გააჩნია.
თუმცა, ევროპელ ექსპერტთა შეფასება ძალიან აქტუალურად ჟღერს სწორედ ახლა, როცა პოლიტიკოსებმა კვლავ მოიცალეს უმცირესობებისთვის.

ყოველი წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას საქართველოში აუცილებლად წამოიწევს ხოლმე ეთნიკურ უმცირესობათა საკითხი. ეს ბუნებრივიც არის, რადგან ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლები ისევე, როგორც ყველა ჩვენგანი, საქართველოს მოქალაქეები არიან და შესაბამისად ხმის უფლებაც აქვთ, რაც მათ სახელისუფლებო და ხელისუფლების გარეთ მყოფი პოლიტიკური პარტიებისთვის ისევე მიმზიდველს ხდის, როგორც არჩევნებამდე ასევე წარმატებით იგნორირებულ მოსახლეობის დანარჩენ ნაწილს.

დასაწყისშივე გეტყვით, რომ ევროსაბჭოს რასიზმისა და შეუწყნარებლობის საკითხებზე მომუშავე კომისიის წევრები საქართველოში არსებული სიტუაციის გაშუქებისას უმწვავეს საკითხთა შორის არ განიხილავენ ეროვნულ უმცირესობათა დისკრიმინაციის საკითხს. ყველაზე ყურადსაღებ პრობლემებად ისინი რელიგიურ უმცირესობათა მიმართ გამოვლენილ დარღვევებს და ეროვნული უმცირესობებისთვის ქართული ენის სწავლების უზრუნველყოფას თვლიან.

რასიზმისა და შეუწყნარებლობის კუთხით ქართული კანონმდებლობის მიმოხილვისას ევროპის საბჭოს კომისიის ექსპერტები აუცილებლად თვლიან სისხლის სამართლის კოდექსში რასობრივი შუღლის წაქეზების ამკრძალავი მუხლის შეტანას. ანგარიშის ავტორები მიესალმებიან 1999 წლის საკანონმდებლო ცვლილებას პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებსა და დაბადების მოწმობებში ეროვნების მაჩვენებელი გრაფის ამოღების შესახებ და გამოთქვამენ იმედს, რომ აღნიშნულ საკითხზე ჯერ კიდევ არსებული წინააღმდეგობის მიუხედავად გრაფა აღარ აღდგება.

ეროვნულ უმცირესობათა დაუცველი ჯგუფების მდგომარეობის აღწერისას ევროპელი ექსპერტები პირველ რიგში ე.წ. “მესხეთელი თურქების” საკითხს მიმოიხილავენ. ბუნებრივია, ისინი საქართველოს ხელისუფლებას აღნიშნული ჯგუფის მიმართ ევროსაბჭოში გაწევრიანებისას აღებულ ვალდებულებას შეახსენებენ, რომლის თანახმადაც მას უკვე უნდა მოემზადებინა საკანონმდებლო ბაზა 1944 წელს სამხრეთ საქართველოდან დეპორტირებულთა დასაბრუნებლად და მათთვის მოქალაქეობის მისანიჭებლად და დაეწყო კიდეც მათი დაბრუნების პროცესი. როგორც ცნობილია, ჯერ მხოლოდ კანონპროექტია მომზადებული. მის განხილვასა და დამტკიცებას რა დრო დასჭირდება ვერავინ იწინასწარმეტყველებს, რადგან ეს საკითხი არათუ კანონპროექტის დონეზე, საფუძველშივე უდიდეს წინააღდეგობას და პრობლემებს წარმოშობს როგორც ხელისუფლების, ისე მოსახლეობის დონეზე. სხვათაშორის ევროსაბჭო სწორედ ხელისუფლებას აკისრებს პასუხისმგებლობას დეპორტირებულთა დაბრუნების მარეგულირებელი კანონპროექტის თაობაზე გამართული დებატებისას ე.წ. “მესხეთელი თურქების” მიმართ აგრესიული გამოსვლების თავიდან აცილების უზრუნველყოფაზე.

დაუცველ უმცირესობათა შორის ევროსაბჭოს ანგარიშში პოლიტიკოსებისთვის საარჩევნო კამპანიისას ასევე ნაკლებად საინტერესო ჯგუფი ბოშებიც დასახელდა, რომელთა რაოდენობა საქართველოში 1989 წლის აღწერით 1200-ს შეადგენს. ევროსაბჭოს ექსპერტები საქართველოს ხელისუფლებას ბოშათა მდგომარეობის შესწავლასა და მათი უფლებების დაცვასაც სთხოვს ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში როგორიც არის განათლება და დასაქმება.

რასიზმისა და შეუწყნარებლობის საკითხებზე მომუშავე კომისიის წევრები თვლიან, რომ ქართულ საზოგადოებაში ქვეყნის ყველა მოქალაქისა და საქართველოში მუდმივად მცხოვრებ პირთა ინტეგრაციისათვის აუცილებელია ქართული ენის სწავლების ხელშეწყობა სახელმწიფოს მხრიდან.

არჩევნების მოლოდინში პოლიტიკოსების ნაწილი ერთმანეთს ეროვნული შუღლის გაღვივებაში, რასიზმსა და ფაშიზმშიც კი ადანაშაულებს. მეორენი მათ სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. რეალურად, ჩვეულებრივ დროს ეროვნული უმცირესობების და უმრავლესობის პრობლემები პოლიტიკოსთა ორივე ჯგუფს ნაკლებად აღელვებს. ერთ-ერთი მრავალრიცხოვანი ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელმა პოლიტიკოსთა აქტიურობის საპასუხოდ გააკეთა კომენტარი, რომლითაც არჩევნების ვნებებით შეპყრობილ ყველა პოლიტიკოსს ღირსეული პასუხი გასცა:

[აზერბაიჯანელი ეროვნების საქართველოს მოქალაქის ხმა]
“ვინც გინდა მოვიდეს, ჩვენი კარები ღია არი, გული ღია არი. მივიღებთ, როგორც ჩვენი ოჯახის წევრი, როგორც ჩვენი ერის ხალხი, რა ნაციაც გინდა იყოს. მითუმეტეს, ჩვენ აქ თბილისში დაბადებულები ვართ. მამა-პაპა აქ არი დასაფლავებული. ჩვენც ამ მიწიდან არსად წასასვლელი არა ვართ. რო გაგვირეკონ, მაინც არ წავალთ”.
XS
SM
MD
LG