Accessibility links

logo-print

ახალგაზრდული პროგრამის დღევანდელი გადაცემა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვებს შეეხება


წამყვანი: დავით პაიჭაძე, თბილისი ახალგაზრდული პროგრამის დღევანდელი გადაცემა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვებს შეეხება,

ბავშვებ, რომელთაც ჩემი კოლეგის, ეკა წამალაშვილის აზრით,
მხოლოდ მაშინ შეუძლიათ სხვებისა და საკუთარი თავის სიყვარული, როცა მათ ასევე სიყვარულითა და გულისხმიერებით ეპყრობიან. სიყვარულით გარემოცულნი კი, ისინი, ზოგჯერ, საკუთარ ოჯახებშიც, არ არიან, არათუ მზრუნველობას მოკლებულთა თავშესაფარებში. საქართველოში მოქმედ ასეთ დაწესებულებებში მყოფ ბავშვებს მშობელთა სიყვარულის გარდა, სინათლე, სითბო და კვების პროდუქტებიც კი აკლიათ. ჩვენს საზოგადოებაში კი ეს პრობლემა ცოტას თუ აწუხებს. ჩვენც საზოგადოების ამ ძალზედ მცირე ნაწილის შესახებ გიამბობთ. ადამიანებზე, რომლებიც ობოლთა და მზურნველობას მოკლებულ ბავშთა ოჯახებში დაბრუნებას ცდილობენ. ეს საქმე მათ განათლების სამინისტროს, გაეროს ბავშვთა ფონდისა და ორგანიზაცია “every child”- ის ერთობლივი პროგრამის ფარგლებში დაიწყეს და უკვე პროფესიონალ სოციალურ მუშაკებად ჩამოყალიბდნენ. ეკა წამალაშვილი ერთ-ერთ მათგანს მარინე მენთეშაშვილს ესაუბრა.

სოციალური მუშაკის პროფესია დასავლეთში ერთ-ერთ პრესტიჟულ პროფესიად მიიჩნევა. ჩვენ შემთხვევაში კი სოციალური მუშაკის ინსტიტუტი ახალი ხილია და რომ არა განათლების სამინისტროს, “გაეროს ბავშვთა ფონდისა” და ბრიტანული არასამთავრობო ორგანიზაციის “every child” – ის ერთობლივი პროგრამა, არც ის 18 სოციალური მუშაკი გვეყოლებოდა, რომლებიც შვილობილობისა და ოჯახების დახმარების პროცესს წარმართავენ. ობოლ და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა ოჯახურ გარემოში დასაბრუნებლად ისინი ურთულეს სამუშაოს აწარმოებენ. მთელი თვეების მანძილზე სწავლობენ ოჯახებს, რომლებიც მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა შვილობილად აყვანას გადაწყვეტენ.

აქვე უნდა განვმარტოთ, რომ შვილობილობა არ ნიშნას შვილად აყვანას. ამ შემთხვევაში ბავშვი ინარჩუნებს ბიოლოგიური ოჯახის გვარს და ოჯახთან კავშირსაც. მიმღებ ოჯახს ის ორმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე, დროებით, აღსაზრდელად, გადაეცემა. ეს არის ბავშვთა სახლებისა და კოლექტიური აღზრდის ალტერნატივა და მის უპირატესობებზე სოციალური მუშაკი - პროფესიით ექიმი - მარინე მენთეშაშვილი მოგახსენებთ.

მანამდე, მოკლედ, იმ პროგრამის შესახებ, რომლის წყალობითაც რამდენიმე ათეული ბავშვი დაუბრუნდა ოჯახს და ასევე, რამდენიმე ათეული ბავშვი გადაურჩა ობოლთა და მზრუნველობას მოკლებულთა თავშესაფრებში მოხვედრას. სოციალური მუშაკების კონსულტაციებისა და მიღებული ფულადი დახმარების მიზეზით, მათმა ოჯახებმა უარი თქვეს ბავშვების ბავშთა დაწესებულებებში ჩაბარებაზე. რაც შეეხებათ მშვილებლებს, თოთოეულ შვილობილ ბავშვზე მზრუნველობისთვის, ისინი ყოველთვიუარდ 50 დოლარის ეკვივალენტ თანხას იღებდნენ. განათლების სამინისტროს, “გაეროს ბავშვთა ფონდისა” და “every child” – ის ეს საქველმოქმედო პროგრამა აპრილში ამოიწურა და ჯერი სახელმწიფოზე დადგა. წამოწყებული საქმის გაგრძელებაზე პასუხისმგებლობა, სწორედ, მან უნდა იტვირთოს, მით უფრო, რომ ამ საქმისთვის ფინანსურ დახმარებას ევროკავშირი სთავაზობს. საკუთარი სიტყვის თქმა მართებს ამ სახელმწიფოს სისხლსა და ხორცს - დალხინებულებს, რომლებიც მარტო საკუთარი შვილების უზრუნველ მომავალს ქმნიან და ნაკლებად ფიქრობენ იმაზე, თუ რა პრობლემა შეიძლება შეუქმნას მათ შვილებს იმ უკვე სრულწლოვანმა ადამიანებმა, რომლებიც სკოლა-ინტერნატებიდან ბედისანაბარა გამოვლენ. რას იზამს სახელმწიფო და საზოგადოების ეს ნაწილი, ამაზე ვერაფერს ვიტყვით. კვლევები კი ადასტურებს, რომ სპეციალურ დაწესებულებებში მყოფ ბავშვებს, ხშირშემთხვევაში, ახასიათებთ მეტყველების შენელებული მანერა, ფიზიკური და ფსიქოლოგიური განვითარების შეფერხებები. სწორედ, ამიტომ იყო, რომ მზრუნველობას მოკლებული ბავშვების მოვლის ალტერნატიული მეთოდების დანერგვის პროგრამის განხორციელება ერთ-ერთ ბავშვთა დაწესებულების აღსაზრდელთა მშობლების შეკრებით და მათთვის კრების ჩატარებით დაიწყო. ამ ფაქტს ჩვენი გადაცემის სტუმარი, პროფესიით ექიმი, ამჯერად კი, სოციალური მუშაკი - მარინე მენთეშაშვილი გაიხსენებს:

[მარინე მენთეშაშვილის ხმა] “ ავუხსენთ ამ მშობლებს ჩვენი პროგრამის მიზნები. ვუთხარით, რომ თუ დაიბრუნებდნენ ბავშვებს დახმარებას მიიღებდნენ. ჩვენ გვეგონა, რომ ამ ყველაფერს ისინი დიდი ენთუზიაზმით მიიღებდნენ, მაგრამ, ჩვენდა გასაოცრად, მხოლოდ რამდენიმე მშობელმა მოისურვა ჩვენთან თანამშრომლობა.
თავიდან, უნდობლობის ფაქტორი მუშაობდა. ამ ხალხს არ ეგონა, რომ ამ სახელმწიფოში შეიძლება მივიდეს მათთან ვინმე და დახმარება შესთავაზოს ისე, რომ არაფერი მოითხოვოს.”

კეთილმა წამოწყებამ შედეგი, მაინც, გამოიღო. სოციალური მუშაკებისადმი ნდობა გაჩნდა და გაძლიერდა კიდეც. 38 ბავშვი თავის ბიოლოგიურ ოჯახებს დაუბრუნდა, პარალელურად, მზრუნველობას მოკლებული ბავშვების მიმღებ ოჯახებში შვილობილის სტატუსით გადაყვანაც დაიწყო. ეს უფრო რთული იყო. ოჯახებს, რომლებიც სოციალურ მუშაკებს მიმართავდნენ უჭირდათ შვილობილობასა და შვილად აყვანს შორის არსებული განსხვავების მიღება. უფრო, ბავშვის შვილად აყვანით იყვნენ დაინტერესებულნი. მაგრამ, გამოჩნდნენ ისეთებიც, რომლებმაც შეთავაზება მიიღეს და მზრუნველობას მოკლებული ბავშვების მშვილებელის მისია იტვირთეს. ასეთ ადამიანთა უმეტესობას საკუთარი შვილები ჰყავთ და ჩვენი საზოგადოების ერთი ნაწილისგან განსხვავებით, დალხინებულები არ არიან. ეს არის, რომ მათ ამ ბავშვებზე პასუხისმგებლობის და საერთოდ, მთელ საზოგადოებაზე პასუხისმგებლობის გრძნობა გააჩნიათ. სწორედ, მათ იკისრეს იმ ორი პატარა და-ძმის მეურვეობაც, რომელთა მამაც აფხაზეთისთვის ბრძოლას შეეწირა.

[მარინე მენთეშაშვილის ხმა] “ ეს ბავშვები მარტყოფის ბავშთა სახლში იყვნენ, მაგრამ იქ ვერ გაძლეს. ბებიამ ისინი უკან წამოიყვანა. მამა აფხაზეთის ომში დაეღუპათ, დედამ მიატოვათ. ეს პატარები ჩვენ დახმარების პროგრამაში ჩავრთეთ, მაგრამ ასეთი დახმარება საკმარისი არ აღმოჩნდა. ბებიას ფიზიკურად არ შეეძლო ბავშვების მოვლა, მათ სკოლაშიც კი ვერ ატარებდა. ბავშვებმა, რომლებიც 10-12 წლისანი არიან, წერა-კითხვა არ იცოდნენ. ბებიას შვილობილობის პროგრამა შევთავაზეთ. დაგვთანხმდა და ბავშვები უკევ 2 თვეა არაჩვეულებრივ მიმღებ ოჯახში არიან. მათ შესანიშნავი შედეგები აქვთ. სკოლაში დადიან და უკვე ოთხებს და ხუთებს იღებენ.”


ასეთია ერთი ისტორია, მაგრამ, არსებობს უამრავი სხვა ისტორიაც. “ მე ბედნიერი ვიქნებოდი აქ რომ არ მოვხვედრიიყავი.” “მე მიყვარს ოჯახი, რომელშიც არის დედა და მამა”. “მე მინდა ვიტირო, როცა ვხედავ, რომ ხალხს უჭირს,” - წერენ ბავშვები, რომლებიც ბავშვთა სახლებში იზრდებიან.



როგორც ვთქვით, ბავშვებზე ზრუნვას ეხება შემდგომი სიუჟეტიც, რომელშიც მოგითხრობთ ორგანიზაცია “ბავშვი და გარემოს” საქმიანობის შესახებ. მისი მიზანია ფიზიკური და სულიერი დახმარება გაუწიოს საქართველოში მცხოვრებ ბავშვებს, დაიცვას მათი უფლებები, გააღვივოს ბავშვებში გარემოსთან ჰარმონიული თანაცხოვრების მოთხოვნილება. მე ვესაუბრე “ბავშვი და გარემოს” პრეზიდენტს ნანა იაშვილს.

არასამთავრობო ორგანიზაცია “ბავშვი და გარემო” 7 წელია არსებობს და ამ ხნის მანძილზე მან თითქმის 6 ათეული პროექტი განახორციელა ბავშვთა დასახმარებლად. დღეს ორგანიზაციას გახსნილი აქვს ბავშვების სარეაბილიტაციო სამი ცენტრი, აქედან ორი თბილისში, სადაც ძირითადად 4 მიმართულებით მუშაობენ: ესენია საგანმანათლებლო, კულტურული, სპორტული და შრომითი პროგრამები. ნანა იაშვილმა ისინი ზოგადად ასე აღწერა [იაშვილის ხმა]: “საგანმანათლებლო პროგრამა გულისხმობს დამატებითი გაკვეთილების ჩატარებას ამ ბავშვებისათვის და მათ სკოლაში ტარებას. კულტურული პროგრამა გულისხმობს ამ ბავშვების ექსკურსიებზე წაყვანას, შეხვედრების მოწყობას. ექსკურსიები ყოველკვირა ტარდება, შეხვედრები ორ კვირაში ერთხელ ეწყობა და აქ ჩვენ ვიწვევთ სხვადასხვა გამოჩენილ ადამიანს – მეცნიერებს, კულტურის მოღვაწეებს... რაც შეეხება შრომით პროგრამას, ჩვენ ცენტრში გვაქვს სპეციალური სადურგლო, სადაც ბიჭები მუშაობენ და სადურგლო საქმეს სწავლობენ; გოგონები ქსოვენ, ქარგავენ, კერავენ”.

“ბავშვი და გარემო” სოციალურად უკიდურესად გაჭირვებულ ბავშვებს ეხმარება: ხელმოკლე, ობოლ, ინვალიდ, დევნილ, ქუჩის ბავშვებს. ზემოთ განათლების პროგრამა ვახსენეთ. თუ რა ვითარებაა განათლების თვალსაზრისით ქუჩის ბავშვებში, ამაზე ერთი მაგალითიც მეტყველებს [იაშვილის ხმა]: “არის 14 წლის ბავშვი, რომელსაც აქვს მხოლოდ პირველი კლასის განათლება – მერე მას სკოლაში აღარ უვლია. ხშირად მათ რომ ჰკითხოთ, თბილისის რომელი უბანია, რომელი საუკუნეა, რომელი წელია – არაფერი ბავშვებმა არ იციან, აბსოლუტურად არავითარი ინფორმაცია არა აქვთ. სამაგიეროდ, კარგად იციან ფულის თვლა”.

მე ვთხოვე ნანა იაშვილს, ერთმანეთისთვის შეედარებინა დღევანდელობა და სიტუაცია, როცა, რამდენიმე მოხალისესთან ერთად, წლების წინ ამ საქმეს იწყებდა. მისი დაკვირვებით, სურათი სავალალოა [იაშვილის ხმა]: “თუ ადრე, 4-5 წლის წინათ, ვიცნობდით უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებს და მათ ბავშვები ჯერ კიდევ სახლში ჰყავდათ, დღეს ეს ოჯახები უკვე ქუჩაში უშვებენ შვილებს, შვილიშვილებს სამათხოვროდ, სამუშაოდ. სურათი ცოტა შეიცვალა: თუ 1995 წელს ბავშვები ძირითადად მათხოვრობდნენ, დღეს ისინი მუშაობენ, ეწევიან წვრილმან ვაჭრობას... ქურდობასაც კი მუშაობას ეძახიან. მაგრამ, ფაქტია, რომ მათი რაოდენობა არ მცირდება. განსაკუთრებით თბილისშია მათი რიცხვი ძალიან დიდი.”

ამას ემატება შეგუება ვითარებასთან, რასაც ბავშვის ისეთი ექსპლუატაცია ახლავს, როგორიც წარმოუდგენელი იყო გასული საუკუნის 50 წლების შემდეგ, როცა საბჭოთა კავშირში არასრულწლოვანთა მუშაობა აიკრძალა [იაშვილის ხმა]: “სიტუაცია სულ უფრო მძიმდება. რაც მთავარია, თუ ადრე ამ ოჯახებსა და ბავშვებს რცხვენოდათ იმ საქმისა, რასაც აკეთებდნენ, დღეს ეს უკვე წაშლილია: აღარ რცხვენიათ და ამბობენ, აბა, რა ვქნათ, ჩვენ სამსახურს ვერ ვშოულობთ, ე.ი. ცდილობენ ისევ ამ ბავშვების ხარჯზე იცხოვრონ და შეინახონ თავიანთი ოჯახები”.

რა თქმა უნდა, “ბავშვსა და გარემოში” ეხმარებიან ყველას, ვინც ამას მართლა საჭიროებს, თუმცა, არცთუ იშვიათად უარის თქმაც უწევთ. ეს მაშინ ხდება, თუ მშობლებს ან მშობელს აქვს საშუალება, იზრუნოს შვილზე და უბრალოდ, მისი მოშორება უნდა თავიდან. მე დავინტერესდი, ძირითადად სადაურ ბავშვებს უჭირთ ჩვენს ქვეყანაში. ნანა იაშვილის თქმით [იაშვილის ხმა]: “ძირითადად ქართველები არიან და გეტყვით, რომელი რეგიონიდან: ზემო იმერეთიდან. ეს არის ყველაზე გაჭირვებული, ყველაზე ღარიბი მხარე ჩვენი ქვეყნისა. ამის გამო ჩვენ ჭიათურაშიც გავხსენით სარეაბილიტაციო ცენტრი 150 ბავშვისათვის. იქ მათხოვარი ბავშვები, რასაკვირველია, არ არიან იმიტომ, რომ იქ ვერ იმათხოვრებენ, ისეთი გაჭირვებაა – მაგრამ იქ არიან ძალიან მძიმე ვითარებაში მყოფი ბავშვები, გამოკითხვის შედეგად შევაგროვეთ 150 ბავშვი და მათთან ვმუშაობთ”.

7 წელი საკმარისი დროა საიმისოდ, რომ საკუთარ ნამოქმედარს თვალი მიადევნო და შეაფასო. ამ ხნის მანძილზე “ბავშვი და გარემოს” აღსაზრდელები ბავშვებიდან მოზარდებად იქცნენ, მოზარდობიდან სრულწლოვანებაში შეაბიჯეს. ნანა იაშვილი ამბობს, რომ ბევრი მათგანი კავშირს მათთან არ წყვეტს და ორგანიზაცია მათ ახლაც ეხმარება [იაშვილის ხმა]:

“რასაკვირველია, ვცდილობთ, ჩვენი ცენტრიდან გასულ ბავშვებთან არ დავკარგოთ კონტაქტი და რითაც შეგვიძლია, დავეხმაროთ. ბავშვები ხშირად დადიან ჩვენთან, ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია მოვიდეს და ისადილოს. ზოგიერთი მოდის, რათა უბრალოდ, გვნახოს, თავის პრობლემებზე გვესაუბროს, ან იმაზე, რა წარმატებას მიაღწია. მაგალითად, იყო ორი შემთხვევა, როცა დაქორწინდნენ, მოვიდნენ ჩვენთან და თავიანთი ცოლები მოიყვანეს გასაცნობად. ჩვენ ვეხმარებით პასპორტიზაციაში, რადგან ამ ბავშვების უდიდეს ნაწილს არანაირი საბუთი არა აქვს. აგრეთვე, ვეხმარებით სამსახურის მოძებნაში”.

ვინ ეხმარება თავად ბავშვსა და გარემოს? რა თქმა უნდა, უცხოური ორგანიზაციები და ფონდები, ქართული საშუალო ბიზნესის თითო-ოროლა წარმომადგენელი. იკლო კერძო პირების შემწეობამ. “დიდ” ქართულ ბიზნესს ეს საკითხები არ აღელვებს. ნანა იაშვილი ამბობს, რომ ქალაქის მერიის ბიუჯეტში ბოლო სამი წლის მანძილზე იდო სარეაბილიტაციო ცენტრებში კვების ხარჯები, ახლა კი რატომღაც ამოიღეს და პრობლემა ღიად რჩება. არადა, მერია აქამდე მათი შემწე ერთადერთი სახელმწიფო სამსახური იყო.

ძნელია, გადაცემა ამ თემაზე ოპტიმისტურად დაამთავრო. ჩვენ, უბრალოდ, გაგაცანით ჩვენი საზოგადოების რამდენიმე წევრი, რომელსაც, შეიძლება ითქვას, საყოველთაო საზრუნავი აქვს ნაკისრი. ერთმანეთს მომავალ შაბათს, 25 მაისს შევხვდებით.
XS
SM
MD
LG