Accessibility links

გასულ კვირაში, როგორც მოსალოდნელი იყო, უცხოეთის პრესა აქტიურად გამოეხმაურა მსოფლიოში


გასულ კვირაში, როგორც მოსალოდნელი იყო, უცხოეთის პრესა აქტიურად გამოეხმაურა მსოფლიოში მომხდარ უმნიშვნელოვანეს მოვლენებს.

“ნიუ იორკ ტაიმსი” მიესალმება პალესტინელთა ლიდერის, იასირ არაფატის მიერ მიმდინარე კვირაში გაკეთებულ განცხადებას იმის თაობაზე, რომ უახლოესი ექვსი თვის მანძილზე იგი არჩევნების ჩატარებას აპირებს. გაზეთის თქმით, თუ პალესტინელთა ავტონომია უფრო დემოკრატიული გახდება, ისრაელთან მშვიდობის მიღწევის შანსიც მკვეთრად გაიზრდება.

“მაგრამ არსებობს უამრავი მიზეზი საიმისოდ – განაგრძობს “ნიუ იორკ ტაიმსი” სარედაქციო წერილში, – რომ სკეპტიკურად მოვეკიდოთ ბატონი არაფატის განზრახვასა და რეფორმის შესაძლებლობას. ჯერ კიდევ ხუთი წლის წინათ პალესტინელთა საპარლამენტო კომიტეტმა დაასკვნა, რომ ბატონი არაფატის ბიუროკრატიული აპარატი იმდენად კორუმპირებული იყო, რომ მან აპარატის დაშლისა და მისი ზოგიერთი წევრის გასამართლების რეკომენდაცია გამოთქვა.”

“ვაშინგტონ პოსტი” აქვეყნებს სახელმწიფო უშიშროების საკითხებში შეერთებული შტატების პრეზიდენტის ორი ყოფილი მრჩევლის, სემუელ ბერგერისა და ბრენტ სნოუკროფტის მოსაზრებებს ახლო აღმოსავლეთის კრიზისის მოგვარების გზებზე.

სემ ბერგერი დარწმუნებულია, რომ ფართომასშტაბიანი სამშვიდობო პროგრამა, უწინარეს ყოვლისა, პალესტინელთა თვითმმართველობაში დემოკრატიულ ცვლილებებს უნდა ითვალისწინებდეს. მისი აზრით, პალესტინელთა ლიდერი იასირ არაფატი ვერ იძლევა ძირფესვიანი გარდაქმნის რეალისტურ იმედს. ამასთანავე – აღნიშნავს ბერგერი, – აუცილებელია სტატუს კვოს დაუყოვნებელი შეცვლა. მისივე თქმით, კარგი იქნება, თუ ეკონომიკურსა და რეგიონულ თანამშრომლობას მხარეები პოლიტიკური ურთიერთკავშირის დამყარებამდე განავითარებენ. დაბოლოს, საჭიროა, საერთაშორისო შუამავლების მონაწილეობით, შემუშავებულ იქნეს მკაფიო ჩარჩოები, რომლითაც მოლაპარაკება უნდა წარიმართოს.

რაც შეეხება ამ საკითხზე ბრენტ სნოუკროფტის მოსაზრებას, აშშ-ის ექს-პრეზიდენტების ჯერალდ ფორდისა და უფროსი ჯორჯ ბუშის ყოფილი მრჩეველი აღნიშნავს, რომ პირველი ნაბიჯი როგორც ერთი, ისე მეორე მხარის მიერ ძალადობის აღკვეთა უნდა იყოს.

ისრაელმა უნდა შეასრულოს ოსლოს შეთანხმებები და დატოვოს ოკუპირებული ტერიტორიები, ხოლო პალესტინელებმა გადაჭრით უნდა უარყონ და დაგმონ ტერორიზმი. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ფიქრი სამშვიდობო კონფერენციის ჩატარებაზე და ფართომასშტაბიანი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევაზე.

განვლილი კვირის პრესაში დიდი ადგილი დაეთმო იმ მნიშვნელოვან სასიკეთო ცვლილებებს, დასავლეთისა და რუსეთის ურთიერთობაში რომ შეინიშნება. ამ “დათბობის” უმთავრეს მაგალითებად მიმომხილველებს ორი მოვლენა მოჰყავთ: ერთი დაგეგმილი და ერთიც – უკვე მომხდარი. ესენი გახლავთ ნატო-რუსეთის ერთობლივი საბჭოს შექმნა, რაც ჩრდილოატლანტიკური კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ამ კვირის დასაწყისში მოიწონეს; და რუსეთსა და შეერთებულ შტატების შორის მომავალი კვირისთვის დაგეგმილი ხელმოწერა ხელშეკრულებისა, რომელიც სტრატეგიული ბირთვული შეიარაღების მკვეთრ შემცირებას ითვალისწინებს. ჟურნალმა “ეკონომისტმა” ეს საკითხები თავისი ბოლო ნომრის მთავარ თემად აქცია.

ყოველკვირეულის თქმით, ეს მოვლენები ნაწილია უფრო ფართო ისტორიული პროცესისა, რომელიც კომუნიზმის დამხობისთანავე დაიწყო. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მიზანმიმართულ ნაბიჯებს დგამს, რათა მისი ქვეყანა თვითიზოლაციიდან გამოვიდეს და თავისი ხმა შეუერთოს ამერიკისა და ევროპის განვითარებული, დემოკრატიული სახელმწიფოების კონცერტს. თუმცა, “ეკონომისტი” იმ სკეპტიკოსებსაც ეთანხმება, რომელთა აზრით, მოსკოვის პოლიტიკური გეზის შეცვლა მისმა დღევანდელმა სისუსტემაც განაპირობა. ბრიტანეთის ყოველკვირეული აღნიშნავს, რომ პუტინის პოლიტიკა უწინარესად პრორუსულია, და არა პროდასავლური, მაგრამ იქვე დასძენს: მოსკოვის სტრატეგიული გეზის შეცვლა დასავლეთსაც უთუოდ წაადგებაო.

ამავე თემას ეხება შეერთებული შტატების გაზეთ “ბოსტონ გლოუბში” გამოქვეყნებული სარედაქციო წერილი.

გაზეთის აზრით, მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის მიღწეული შეთანხმება სტრატეგიული ბირთვული შეიარაღების ორი მესამედით შემცირების შესახებ არ შეიძლება ჩაითვალოს ცივი ომის დასასრულად, რადგან ისტორიის ამ “უსიამოვნო ფურცელს” ათ წელიწადზე მეტი ხნის წინათ დაესვა წერტილი. თავიანთი შეთანხმებით, - აღნიშნავს “ბოსტონ გლოუბი” – ორი ქვეყნის პრეზიდენტები ხაზს უსვამენ იმას, თუ რამდენად უსარგებლო გახდა დღეს ცივი ომის ეპოქიდან მემკვიდრეობით მიღებული დიდძალი არსენალები.

პარასკევს ბრიტანეთის ”ფაინენშლ ტაიმსის” სარედაქციო წერილში საუბარი იყო ნიდერლანდებში ჩატარებული არჩევნების შესახებ, რომელშიც ქრისტიან-დემოკრატებმა მოიპოვეს გამარჯვება. ”მაგრამ”, წერს გაზეთი, ”რეალური გამარჯებული პიმ ფორტოინია – იმიგრაციის მოწინააღმდეგე პოპულისტი, რომელიც ათი დღის წინ მოკლეს. ფორტოინმა და მისმა მომხრეებმა მოახერხეს თვითკმაყოფილი პოლიტიკური ელიტის შენჯღრევა.”

ავტორი პარტია ”პიმ ფორტოინის სიის” წარმატებას უწოდებს ნიდერლანდების ყველასათვის მოხერხებული კონსენსუსის პოლიტიკისთვის ზურგის შექცევას და დასძენს: ”ქვეყანაში, რომელშიც ძალაუფლება ხშირად ნაწილდებოდა ხოლმე სხვადასხვა ძალებს შორის და მთავრობები თითქოს არ იცვლებოდა, ჰოლანდიელები მარჯვნივ გადაიხარნენ.” ”ფაინენშლ ტაიმსის” თქმით, ”ევროპის ერთ-ერთი ყველაზე უფრო პოპულარული სოციალ-დემოკრატიული მთავრობის” დამარცხება უმთავრესად იმითაა გამოწვეული, რომ ”ჰოლანდიელი ამომრჩევლები იმედგაცრუებული არიან ფლეგმატური პოლიტიკური კლასით.”

მაგრამ გაზეთი დასძენს, რომ მემარცხენე-ცენტრისტულმა პარტიებმა სხვა გაკვეთილიც უნდა ისწავლონ: ”ეკონომიკური კომპეტენცია,” ვკითხულობთ წერილში, ”აღარ კმარა არჩევნებში წარმატებისთვის. კეთილდღეობის პირობებში სხვა საზრუნავი იბადება. კომუნალური მომსახურება, დამნაშავეობა, კულტურული დაუცველობა და ცვლილებების შიში – ყოველივე ამასაც ანგარიში უნდა გაეწიოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ძირითადი მიმართულების პარტიებს გაუჭირდებათ პოპულიზმის მოთოკვა”.

გაზეთ ”ვაშინგტონ ტაიმსის” სარედაქციო სტატიაში საუბარია იმაზე, რომ – გაზეთის სიტყვებით – ”შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ უგულებელყო მთელი რიგი გაფრთხილებები იმის თაობაზე, რომ შეერთებული შტატების ტერიტორიაზე ტერორისტული აქტები იყო მოსალოდნელი.” გაზეთის აზრით, შეერთებული შტატების ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებს, რომ 11 სექტემბრამდე მიღებული ვერცერთი ცნობა ვერ შეუწყობდა ხელს ამ თავდასხმების თავიდან აცილებას, ”სკეპტიციზმით უნდა მოვეკიდოთ.”

”ვაშინგტონ ტაიმსის” ავტორი ჩამოთვლის იმას, თუ რა იცოდა ადმინისტრაციამ 11 სექტემბრის ტერაქტებამდე. ჯერ ერთი, რომ ბინ ლადენი თვითმფრინავის გატაცებას გეგმავდა; მეორე – გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტი ქალაქ ფენიქსიდან ითხოვდა, რომ ორგანიზაციას გამოეძიება ეწარმოებინა ახლო აღმოსავლელი მამაკაცების გამო, რომლებიც ამერიკის საფრენოსნო სკოლებში ჩაეწერნენ ტერორისტული ოპერაციებისთვის მოსამზადებლად; და მესამე – 1994 წელს ”შეიარაღებულმა ისლამურმა დაჯგუფებამ” – ”ალ ყაიდის ” პარტნიორმა ორგანიზაციამ – სცადა თვითმრინავის გატაცება და ეიფელის კოშკისთვის მისი დატაკება.”

გაზეთის თანახმად, ეს ინფორმაცია და ის, რომ ვერ მოხერხდა 11 სექტემბრის ტერაქტების, როგორც ჩანს, მე-19 მონაწილის, ზაქარიას მუსაუის წესიერად დაკითხვა, იყო შერთებული შტატების ხელისუფლების მიერ ხელიდან გაშვებული შესაძლებლობები. ”ვაშინგტონ ტაიმსი” დაასკვნის: ”ამერიკელები იმას მაინც იმსახურებენ, რომ იცოდნენ, როგორ გააუმჯობესებს ამ ქვეყნის ეროვნული უშიშროების ისტებლიშმენტი ამგვარი სადაზვერვო მონაცემების გამოყენებას, რათა ქვეყანას 11 სექტემბრის განმეორება ააცილოს თავიდანო.”
XS
SM
MD
LG