Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოდერნიზმი პოსტმოდერნისტულ საქართველოში


პოლიტიკური ბრძოლა, რომელიც ამ კვირაში კიდევ უფრო დაიძაბა,

გაწევ-გამოწევა პარტიებში, გაწევ-გამოწევა ცენტრალური საარჩევნო კომისიის, ყოფილი მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის, შენობის წინ - ქართველ პოლიტიკოსთა მომძლავრებული "ლიბიდო" 2002 წლის გაზაფხულზე ჯერჯერობით კულტურაში არ აისახება. გაშმაგებული პოლიტიკური ლიდერებისა და პარლამენტარებისგან განსხვავებით, ხელოვნების მუშაკები, იმ ხელოვანთა ჩათვლით, რომლებიც საარჩევნო სიებში მოხვდნენ, აშკარად, პასიურობენ. შესაბამისად, სანახაობის მოყვარულებს ჯერჯერობით მხოლოდ იმ სპექტაკლებით ტკბობა უხდებათ, რომლებშიც მთავარ როლს პოლიტიკოსები ასრულებენ. თუმცა პოლიტიკური პარტიები ამომრჩეველს არამარტო მომძლავრებული "ლიბიდოთი" აწონებენ თავს: ამ კვირაში "ახალმა მემარჯვენეებმა" "ცისფერ გალერეაში" ზუგდიდის დადიანების სასახლეთა მშვენიერი ექსპონატების გამოფენა მოაწყვეს. ძვირფასი ნივთების ექსპოზიციამ მშვენივრად გამოხატა პარტიის ესთეტიკური კრედოც - "ლამაზია ის, რაც ძვირად ფასობს".

თუმცა საქართველოში არიან მხატვრები, რომლებიც სილამაზეს, ფაქტობრივად, არაფრისგან ქმნიან. მინიმალიზმის ტენდენციებს ქართულ ხელოვნებაში თავად დღევანდელობამ, კულტურის მუშაკთა უმძიმესმა ყოფამ შეუწყო ხელი. ამ თვალსაზრისით, უაღერსად საყურადღებოა ექსპოზიცია, რომელიც ახლახან გაიხსნა ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში - ამირ კაკაბაძის პერსონალური გამოფენა, რომელზედაც, ძირითადად, ქართველი მოდერნისტის კოლაჟებია წარმოდგენილი. დავით კაკაბაძის ვაჟის ესთეტიზმი, მისთვის დამახასიათებელი პედანტურობა და, ასე ვთქვათ, "ურთიერთგანლაგების წესრიგისკენ" მიდრეკილება ქართულ კულტურაში შექმნილი ქაოსის ფონზე გამომწვევადაც კი აღიქმება. უბრალო, ყოფითი ნივთებისგან ამირ კაკაბაძე დიზაინის ნიმუშებს ქმნის, მისი პოპ-არტი არა იმდენად დამოუკიდებელ კომპოზიციად, რამდენადაც საერთო დეკორის შემადგენელ ნაწილად აღიქმება. ოღონდ ეს "საერთო დეკორი", პირველ რიგში, სისადავეს ითვალისწინებს და ამტკიცებს, რომ "ლამაზია ის, რაც უბრალოა". ამირ კაკაბაძის გამოფენაზე შემთხვევით არ იძენს ყველაზე დიდ მნიშვნელობას წიგნის სახე. წიგნი კოლაჟში ცოცხლდება და არა მარტო ისტორია, ხსოვნა, კულტურა მოაქვს, არამედ თავის პირველად მნიშვნელობასაც წარმოაჩენს, თავის "დაკარგულ მნიშვნელობას", დაკარგულს პოლიტიკური სპექტაკლებით გართული საზოგადოების ცნობიერებაში. როგორც ფილოსოფოსი გია ტალახაძე აღნიშნავს [გია ტალახაძის ხმა]: "მე მინახავს ჩვენს ყოფაში წიგნები, რომლებიც, როგორც ციხეში, ისე არიან და აბსოლუტურად მოწყვეტილები ჩანან რეალობიდან,"

კულტურა რეალობას, როგორც წესი, იმიტომ სწყდება ხოლმე, რომ მას რეალობა ეწინააღმდეგება და ხელოვანს არა აქვს საშუალება გამოავლინოს თავი მაშინ, როცა რეალობას ეშინია ხელოვნების. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ კულტურა ამ დროს საერთოდ არ ვითარდება. საქართველოში დღეს კონტრკულტურაც, ეგრეთ წოდებული "სარდაფის კულტურაც" არსებობს. უამრავი ნიჭიერი მხატვარი მტკვრის სანაპიროზე ყიდის თავის ნამუშევრებს, უამრავი ნიჭიერი მუსიკოსი მიწისქვეშა გადასასვლელებში უკრავს. მათთვის არ არის ადგილი ქართულ შოუ-ბიზნესში, სადაც ცენზურის ახალი ფორმა მკვიდრდება - "არსებობის უფლება არა აქვს იმას, რაც არ იყიდება". რაც შეეხება ცენზურის ძველ, კლასიკურ ფორმას, ამის შესახებ ჯერ კიდევ "პერესტროიკის" ეპოქაში დაიწყო მსჯელობა. მაგრამ გარკვეული ხნის შემდეგ ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების უახლეს ისტორიაზე საუბარი თითქმის შეწყდა. მით უფრო მნიშვნელოვანი უნდა იყოს ფილოლოგ რუსუდან ნიშნიანიძის წიგნი "მეოცე საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორიიდან", რომლის პრეზენტაცია და განხილვა 14 მაისს მოეწყო ჟურნალ "ომეგას" რედაქციაში. როგორც "ომეგას" რედაქტორმა როსტომ ჩხეიძემ განაცხადა [როსტომ ჩხეიძის ხმა]:1.14 "წიგნის სახელწოდება შეიძლება იყოს "ქართული იატაკქვეშა ლიტერატურის ისტორიიდან".. ეს წიგნი თვალსაჩინოდ წარმოადგენს, თუ რას ნიშნავდა ის ქართული ლიტერატურა, რაც იქმნებოდა ასეთი სასტიკი რეჟიმის პირობებში."

რუსუდან ნიშნიანიძის წიგნი შეიცავს მონოგრაფიას ნიკო სამადაშვილზე, პოეტზე, რომელიც წერილობითი ფორმით, ფაქტობრივად, არ არსებობდა, რადგანაც სწორედ რეალობამ, ისტორიამ განდევნა იგი კულტურიდან. აქვეა რამდენიმე მნიშვნელოვანი წერილი სიმონ ბერეჟიანზე, ლადო ბალიაურზე, კონსტანტინე გამსახურდიას ნოველაზე "დიდი იოსები", გალაკტიონზე, საქართველოს მწერალთა პირველ ყრილობაზე. შეიძლება ითქვას, რომ ეს ნაშრომი არა მარტო აქამდე აკრძალული ლიტერატურის რეაბილიტაციაა, არამედ ის ლიტერატურათმცოდენეობის რეაბილიტაციაც არის. ყოველ შემთხვევაში, ასე მიაჩნიათ რუსუდან ნიშნიანიძის კოლეგებს - კერძოდ, ქალბატონ ბელა წიფურიას, რომელმაც წიგნის პრეზენტაციაზე საკმაოდ საინტერესო მოხსენება წაიკითხა. [ბელა წიფურიას ხმა]: 6. 00 "ჩვენ ვიცით, რომ უკანასკნელი ათწლეული ქართული ლიტერატურისთვის არის ერთგვარი სარეაბილიტაციო პერიოდი, აღდგენითი... არა მარტო ქართული ლიტერატურისთვის, საერთოდ, ქართული სახელმწიფოსთვის. მაგრამ ამ რეაბილიტაციას უფრო მეტად საჭიროებს არა იმდენად ლიტერატურა, რამდენადაც ლიტერატურათმცოდნეობა, რადგან საბჭოთა პერიოდში ლიტერატურას ჰქონდა გარკვეული შეზღუდვები, უამრავი ტაბუ, მაგრამ ლიტერატურა ფლობდა შესაძლებლობას მხატვრულ-მეტაფორული განზოგადებისა, ამიტომ სირთულეებს თავს არიდებდა და მწერლის მიზანი, მართალია, დიდი მსხვერპლის ფასად, იყო განხორციელებული... ლიტერატურათმცოდნეობა კი პირდაპირი გამოხატვის ფორმაა"

ასეთი "პირდაპირი გამოხატვა" სულაც არ გულისხმობს ერთი მითოლოგიური ხატის ჩანაცვლებას მეორეთი... ანუ აკრძალული, იატაკქვეშა მწერლობის გაფეტიშებას და მის იდეალიზაციას მხოლოდ იმიტომ, რომ ოდესღაც აკრძალული იყო. წიგნი "მეოცე საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორიიდან" ამ მხრივაცაა გამორჩეული თანამედროვე ქართულ ლიტერატურათმცოდნეობაში. ავტორი თითქმის არსად კარგავს ობიექტურობის გრძნობას. არადა "ახალი მითების" შექმნის ცდუნება აქ საკმაოდ დიდი იყო. ნუ დაგვავიწყდება, რომ ამ მწერლების ბიოგრაფია უაღრესად ტრაგიკულია და რომ მათ შესახებ ინფორმაცია აქამდე თითქმის მხოლოდ ზეპირ დონეზე არსებობდა. როგორც ბელა წიფურია შენიშნავს [ბელა წიფურიას ხმა]: 9.16 "რა არის ეს ისტორია... ჩვენთვის ეს არის ამოუცნობი წარსული, უახლესი ისტორია, როგორც გაუცხოებული წარსული. ის ისტორიული ხედვა, რომელიც ამ წიგნშია დაფიქსირებული, იყო მხოლოდ ფოლკლორული არეალით შემოსაზღვრული, ანუ ადამიანებს შეეძლოთ ერთმანეთისთვის გაენდოთ თავიანთი შეხედულებები, დაეფიქსირებინათ ფაქტები, მაგრამ არა წერილობითი ფორმით. ეს იყო მსოფლმხედველობით-ფოლკლორული არეალი, რომელშიც არ იყო დაფიქსირებული წერილობითი ნიშნები, რადგან წერილობითი ფიქსირების ფორმა იკრძალებოდა.

ასე რომ, რუსუდან ნიშნიანიძის წიგნი მეოცე საუკუნის ქართული ცენზურის ისტორიადაც შეიძლება მივიჩნიოთ. ცენზურისა და მწერლის ურთიერთდამოკიდებულების წარმოსაჩენად კი მნიშვნელოვანი ხდება არა მარტო ტექსტი (თუნდაც აქამდე გამოუქვეყნებელი), არამედ ამ წიგნში ჩართული ეპოქის ყველა ნიშანი - ფოტოები, წარწერები, აფიშები, მნიშვნელოვანი ხდება თვით მწერლის გამომეტყველებაც კი ფოტოზე... ასეთი წიგნის გამოცემა საქართველოში დღეს ძალიან ძვირი ჯდება, მაგრამ, როგორც ჩანს, მონდომებული ხალხი ისევ და ისევ დღევანდელი "მინიმალიზმის" პირობებში ამას მაინც ახერხებს. ბელა წიფურიას თქმით [ბელა წიფურიას ხმა]: 16.08 "ასევე, იყო მცდელობა გამქრალიყო ქართული ლიტერატურის ისტორიიდან არა მარტო სახეები ქართველი მწერლებისა, არამედ სახელები და მათი ტექსტები და მისი ადგილი დაეკავებინა შავ ლაქას...16.50 "ასეთივე მცდელობა იყო საბჭოთა პერიოდში ამ შავ ლაქებში გაუჩინარებულიყო ფასეულობანი, ცოდნა, ადამიანები, მათი ბედი, გაუჩინარებულიყო ის, რისთვისაც ეს სამყარო თავისი არსით არის შექმნილი"

რუსუდან ნიშნიანიძის წიგნი მინიმალური ტირაჟით, ხუთას ეგზემპლიარად, გამოიცა. საეჭვოა, რომ, სპეციალისტების გარდა, ამ ნაშრომს ფართო საზოგადოება გაეცნოს.. და მაინც, ეს რომ მოხდეს და წიგნი იმ ადამიანებმაც წაიკითხონ, რომელთაც ქართული ლიტერატურის "შავი ლაქები" დღეს ნაკლებად აინტერესებთ, აუცილებლად გაჩნდება კითხვა: "აქვს თუ არა ასეთი შავი ლაქები დღევანდელ ქართულ კულტურას?" რაღა თქმა უნდა, ეს რიტორიკული კითხვაა - ქვეყანაში, სადაც "მშვენიერია ის, რაც ძვირფასია", ან პირიქით, "მშვენიერია ის, რაც კარგად იყიდება", ქვეყანაში, რომელიც უკიდურესობებით და ამ უკიდურესობათა "გაწევ-გამოწევით", დაპირისპირებებით ცხოვრობს, ისევ გრძელდება ცოდნის, ფასეულობების გაუჩინარების პროცესი. ცოდნა და ისტორია თავად საზოგადოებისგან, ადამიანისგანაა გაუცხოებული, ნიკო სამადაშვილის იმ ლექსის მსგავსად, რომელიც პოეტმა თბილისს მიუძღვნა: "ჩემო ქალაქო, ისტორიას მე რას დაგიწერ, / ჩემი ცხოვრებაც კი არ ვიცი, როგორ იწყება..."
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG