Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიპარტელიანი ევროპამაც აირჩია, შუშაკიც ევროპაზე ფიქრობს


ელგუჯა ბერიშვილი, თბილისი ტრადიციული და პოპულარული სათამაშო სახეობების - ფეხბურთისა და კალათბურთის სიახლეებზე

მოგვითხრობს ჩვენი დღევანდელი სპორტული პროგრამა.

შარშან შემოდგომაზე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად არჩეული ბესიკ ლიპარტელიანი დღეს უკვე ფიბა-ევროპის ქალთა კალათბურთის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა. ასე გადაწყვიტა ევროპული კალათბურთის ახალი ორგანიზაციის დამფუძნებელმა კონგრესმა, რომელიც ბელგიაში გაიმართა და რომელშიც 49 ქვეყნის დელეგაციები მონაწილეობდა.

ასეთ თავყრილობებზე, უმთავრესად უსახსრობის გამო, ქართველები აქამდე არასოდეს გამოჩენილან და სპონსორთა დახმარება რომ არა, ეს მივლინებაც ჩაიშლებოდა. ლიპარტელიანის თქმით, საერთაშორისო საკალათბურთო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა მეტად მნიშვნელოვანი საქმეა და უთუოდ წაადგება ქართული კალათბურთის განვითარებას. [ბესიკ ლიპარტელიანის ხმა] ”მე ერთი რამ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ 10 წლის განმავლობაში, რეგულარულად, ჩვენი ფედერაციიდან, ჩვენი ქვეყნიდან რომ ყოფილიყო მუშაობა, მე ვფიქრობ, რომ ახლა აღმასკომის წევრი ვიქნებოდი. იმიტომ, რომ იქ რადიკალურად შეიცვალა ყველაფერი – ახლებზე, ახალგაზრდებზე გაკეთდა აქცენტი.”

სხვათა შორის, ბელგიაში მომხდარი ამბები საკალათბურთო რევოლუციად მოინათლა, მთავარ რევოლუციონერად კი ბერძენი გიორგიოს ვასილოკოპულოსი სახელდება. მან კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციას ჯერ კიდევ შარშან წაუყენა ულტიმატუმი და ევროპული კალათბურთის სრული ავტონომია მოითხოვა. ამ იდეის მხარდამჭერთა მეცადინეობით, შარშანვე შეიქმნა დროებითი ევროპული ფედერაცია – ახლა უკვე ფიბა-ევროპად წოდებული ოფიციალური ორგანიზაცია, რომლის პრეზიდენტი სწორედ ვასილოკოპულოსი გახდა. მას ქართველები კონგრესამდე დაუმეგობრდნენ: ჯერ თავად ეახლნენ ათენში, მერე კი თბილისში ჩამოიყვანეს და კავკასიური ბიუროს შექმნაზე დაითანხმეს. ბესიკ ლიპარტელიანი იმედოვნებს, რომ ამ ბიუროს მეშვეობით და ფიბა-ევროპის ფინანსური მხარდაჭერით, მალე ამოქმედდება კალათბურთის განვითარების რეგიონული პროგრამა და საერთაშორისო დახმარებას უპირველესად სწორედ ეკონომიურად ჩამორჩენილი ქვეყნები მიიღებენ.

[ბესიკ ლიპარტელიანის ხმა] ”რატომ უნდა ფინანსდებოდეს, ვთქვათ, ესპანეთის ფედერაცია და საქართველოს ფედერაცია რატომ არ უნდა ფინანსდებოდეს. ამ საქმეს ინდივიდუალურად უნდა მივუდგეთ. მე ვფიქრობ, რომ ამის გარანტიები ჩვენ წინასწარ ავიღეთ ვასილოკოპულოსისგან და ერთი წლის განმავლობაში ამ პროექტის ამოქმედებას შევძლებთ.”

ამ თემაზე საუბარი ალბათ ივნისშიც გაგრძელდება, როცა ფიბა-ევროპის უფროსობა კვლავ ჩამოვა თბილისში, ამჯერად – ნიკოლოზ დერიუგინის დიდი კალათბურთიდან გასაცილებლად. საბენეფისო მატჩი და ცერემონია 8 ივნისს გაიმართება და მრავალი საპატიო სტუმარი დაესწრება, მათ შორის – მსოფლიო კალათბურთის ვარსკვლავები და გამოჩენილი მწვრთნელები. მოგვიანებით, ალბათ შემოდგომაზე, აღინიშნება ქართული კალათბურთის უმნიშვნელოვანესი გამარჯვების დიდი იუბილე. შეგახსენებთ: 40 წლის წინ, ჟენევაში თბილისის “დინამომ” მადრიდის “რეალს” მოუგო და ევროპის ჩემპიონთა თასი მოიპოვა. ასეთი ტრადიციების ქვეყანაში, წესით და რიგით, კალათბურთს ხელისუფალთა ყურადღება არ უნდა მოკლებოდა, მაგრამ ბოლო წლების პრაქტიკა სხვა რამეზე მეტყველებს: სპორტის ეს სახეობა, სამწუხაროდ, გერის როლში აღმოჩნდა და ცალკეულ ენთუზიასტთა ძალისხმევა რომ არა, დღეს საერთოდ არაფერი გვექნებოდა. ავად თუ კარგად, მაინც იმართება ეროვნული ჩემპიონატი, ჩვენი გუნდები რეგურალურად გამოდიან საერთაშორისო ტურნირებში, თუმცა საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ დაუძლევიათ. ასე დაემართა ევროპის ჩემპიონატში მოასპარეზე ჩვენს ეროვნულ ნაკრებს და ამ მიზეზით წლევანდელ სახელმწიფო ბიუჯეტში კალათბურთი საერთოდ არ გაუთვალისწინებიათ. როგორც კალათბურთის ფედერაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარემ მერაბ რატიშვილმა გვაცნობა, მომავალი ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი ახალი წესით გაიმართება და სახელმწიფოს დაუხმარებლად არაფერი გამოვა.

[მერაბ რატიშვილის ხმა] ”ფიბა-ევროპის აღმასკომმა საბოლოოდ დაადგინა, რომ ევროპის 2005 წლის ჩემპიონატი გაიმართება საკვალიფიკაციო ეტაპის გარეშე, შესარჩევი თამაშები დაიწყება 2003 წლის 19 ნოემბერს. საქართველოს ნაკრებს ექნება 10 გარანტირებული თამაში: 5 თამაში შინ, 5 – სტუმრად.”

აი, ასეთი ამბებია კალათბურთში, ახლა კი თბილისის “დინამოს” საფეხბურთო კლუბის ოფისშიც შევიხედოთ, სადაც ოფიციალური საკლუბო ჟურნალის “ჩვენი დინამოს” პრეზენტაცია მოეწყო. ეს არის ყოველთვიური, მაღალპოლიგრაფიული გამოცემა, რომელიც ძველ-ახალი თაობის დინამოელებზე და კლუბში მიმდინარე პროცესებზე მოგვითხრობს. “დინამოს” კიდევ ერთი საქმე მოუგვარებია: ამოქმედდა კლუბის ვებ-გვერდი, მაგრამ ჯერ კიდევ გადასაჭრელია უმთავრესი ამოცანა – საქართველოს ჩემპიონის ტიტულის დაბრუნება. მე-13 ეროვნული ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტური რჩება, მაგრამ გამარჯვებული ჯერაც არ გამოვლენილა. ქუთაისის “ტორპედოს”, თბილისის “დინამოს” და “ლოკომოტივის” მეტოქეობა ფინიშამდე გაგრძელდა და ამან, ცხადია, ჩემპიონატს მეტი ინტრიგა შესძინა. დინამოელთა ხორვატიელი მთავარი მწვრთნელი ივო შუშაკი შედეგით და კლუბში არსებული ვითარებით კმაყოფილი ჩანს და ჩემპიონთა ლიგას უმიზნებს.

[ივო შუშაკის ხმა]: ”როცა გუნდში მოვედი და რამდენიმე კარგი ფეხბურთელის გადმოყვანა მოვინდომეთ, უპირველესად ქართველი ფეხბურთელები გავსინჯეთ, მერე – უცხოელებიც. ეს პროცესი დღემდე გრძელდება. “დინამოს” უკვე აქვს იმის პოტენციალი, რომ ევროტურნირებშიც გარკვეულ წარმატებას მიაღწიოს, ოღონდ, საამისოდ საჭიროა მეტი შრომა და მონდომება. კლუბის ხელმძღვანელობამ მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობები შეგვიქმნა და ახლა ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული.”
XS
SM
MD
LG