Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკლებლივ ყველა გაზეთი შემაშფოთებელს უწოდებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების წინ


თამარ ჩიქოვანი, თბილისი უკლებლივ ყველა გაზეთი შემაშფოთებელს უწოდებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების წინ შექმნილ სიტუაციას. 17-20 მაისის გაზეთ “ახალი ეპოქის” შენიშვნით, საქართველოს მოსახლეობა,

პარტიული პროგრამებისა და საარჩევნო კონცეფციების ნაცვლად, ძირითადად, ყოფილი მმართველი პარტიის სხვადასხვა დაჯგუფების არცთუ ელეგანტურ, “მუშტის არგუმენტით” გაფორმებულ შოუს ადევნებს თვალყურს. გაზეთი წერს:

“ჟვანიას გუნდი” მამალაძის გუნდის წინააღმდეგ, “სააკაშვილის გუნდი” ყველას წინააღმდეგ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, გუნდ-გუნდად....ამომრჩეველს კი ვეღარაფერი გაურკვევია, ვინ აირჩიოს.

საქმე იქამდეც კი მივიდა, საქართველოს უშიშროებისა და შინაგან საქმეთა მინისტრებმა ერთხმად განაცხადეს, მოქკავშირულმა დაპირისპირებებმა შეიძლება ფართომასშტაბიან არეულობებს დაუდოს თავიო. “ჩვენ ვიღებთ პრევენციულ ღონისძიებებს ღონისძიებებს პროვოკაციის თავიდან ასაცილებლად და ქვეყანაში დესტაბილიზაციის წინააღმდეგ” – აცხადებს ვალერი ხაბურზანია. “პოლიცია ყველა ღონეს მიმართავს იმ პირების დასაკავებლად, ვინც არღვევს საზოგადოებრივ წერიგს, “ – უერთდება კოლეგას კობა ნარჩემაშვილი. აი, სახელმწიფო მინისტრი კი უსაფუძვლოდ მიიჩნევს ძალოვანი მინისტრების წინასაარჩევნო შეშფოთებას. “არანაირი პრობლემა დესტაბილიზაციასთან დაკავშირებით არ არსებობს იმდენად, რამდენადაც სახელმწიფოს აქვს ძალა იმისთვის, რომ შეინარჩუნოს სტაბილიზაცია’” – დარწმუნებულია ავთანდილ ჯორბენაძე.

შეიძლება ითქვას, თბილისში, ცსკ-ის შენობის წინ მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ექსტრაორდინარული მართლაც არაფერი მომხდარა. “საარჩევნო ციებ-ცხელების მთავარმა დებოშიორმა” “ნაციონალისტიტმა მოძრაობამ” მძიმე ექსცესების გარეშე მოიარა ქუთაისი და რუსთავი. ან ძალოვანი მინისტრების გაფრთხილებამ გაჭრა, ან სახელმწიფო მინისტრის თავდაჯერებულობამ, ანდა რუსეთვის დრამატული თეატრის –სადაც სააკაშვილის მომხრეები უნდა შეხვედროდნენ მოსახლეობას – წინ გამოფენილმა აფიშამ – “ცოდვის შვილები”...

14 მაისის “დილის გაზეთი” ერთ საინტერესო ფაქტზე ამახვილებს მკითხველის ყურადღებას – სოციოლოგიური გამოკითხვებით იტკვევა, რომ 2 ივნისის არჩევნებში მოსახლეობის დიდი ნაწილი მონაწილეობას საერთოდ არ მიიღებს. გაზეთის ვარაუდით, ამომრჩეველთა სიმპატიები მაინც იმ პარტიებისკენ გადაიხრება, ვინც წინასაარჩევნო ბობოქარი მოვლენებისგან შორს დგას. კერძოდ:

“უპირველეს ყოვლისა, ესენი არიან “მრეწველთა პარტია” და “ლეიბორისტები”. წარმატების შანსებს ინარჩუნებენ “აღორძინება” და “სოციალისტები.” როგორც ჩანს, სწორედ ეს ორგანიზაციები “ახლებთან” და “ნაციონალისტებთან” ერთად დააკომპლექტებენ თბილისის საკრებულოს.

2 ივნისის არჩევნები ერთგვარი “სარეიტინგო გამოკითხვაა”, რომელიც დაადასტურებს, თუ რა “ღირს” ესა თუ ის პარტია ანუ რა საწყისი პოზიციები აქვთ მათ 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. “ფასის” ცოდნა მნიშვნელოვანი რამაა, რაკი პოლიტიკური პროცესები საქართველოში ვაჭრობის გარეშე არ ვითარდება. ძალიან საინტერესოა “საპრეზიდენტო რეიტინგებიც”. თითქმის ყველა გამოკითხვით, საპრეზიდენტო არჩევნები 2 აივნისს რომ ჩატარებულიყო და მასში ედუარდ შევარდნაძეს მონაწილეობა არ მიეღო, საქართველოს პრეზიდენტი ჯუმბერ პატიაშვილი გახდებოდა. ფაქტობრივად, მას კონკურენტი არ ეყოლებოდა.

თბილისის ახალი საკრებულოს არჩევის შემდეგ თითქმის ასპროცენტიანი დარწმუნებით შეიძლება ვივარაუდოთ ვითარების გამწვავება საკრებულოსა და მერს – ვანო ზოდელავას შორის, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში, რომელმა პოლიტიკურმა ძალამაც არ უნდა გაიმარჯვოს 2 ივნისის არჩევნებში, გამარჯვებული პარტიის ლიდერი ან პირადად ჩაუდგება სათავეში საკრებულოს, ან თავისი “წარმომადგენლის” მეშვეობით შეეცდება ქალაქში ფაქტობრივი ძალაუფლების მოპოვებას, რისთვისაც აუცილებელი გახდება ვანო ზოდელავას “შევიწროება.” ეს აუცილებლად წარმოშობს ინტერესთა სერიოზულ კონფლიქტს: ზოდელავა “ხელწამოსაკრავი” ფიგურა არ არის. მას თბილისში ძალიან ძლიერი დასაყრდენი აქვს.

იმის მიუხედავად, რომ არჩევნებამდე ორი კვირაა დარჩენილი, პოლიტიკოსთა ერთი ჯგუფი პერიოდულად აცხადებს, რომ არჩევნები ჩაიშლება. ის გარემო, რომელშიც ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უხდება მუშაობა, მართლაც ქმნის ასეთი ვარაუდის გამოთქმის საფუძველს. გასულ კვირას ცენტრალური საარჩევნო კომისია მუდმივი დაძაბულობის ეპიცენტრში აღმოჩნდა. და, მაინც, ყველაზე სკანდალური, ალბათ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება გახლდათ, რომელმაც საარჩევნო სიიდან მოხსნა ყოფილი მმართველი პარტიის ორად გახლეჩილი ორივე ორგანიზაცია. 14-15 მაისის გაზეთ “ალიას” შენიშვნით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ჯუმბერ ლომინაძეს აზდაკის როლის შესრულება მოუწია. გაზეთი წერს:

“რა ხდებოდა დახურულ კარს მიღმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე? კომისიის წევრთა ხმები შუაზე გაიყო. საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად კი არც ერთ ხმები არ ჰყოფნიდა. საკითხი ღიად ვერ დარჩებოდა, რადგან გუშინ პარტიების რეგისტრაციის ვადა იწურებოდა. საბოლოოდ, ორივესთვის უარის თქმა აღმოჩნდა ოპტიმალური გზა. მიღებულ გადაწყვეტილებას ჯუმბერ ლომინაძე გონივრულს უწოდებს. მისი განმარტებით: “ ცსკ-ს კომპეტენციას აღემატება შიდაპარტიული პრობლემების გადაწყვეტა, ჩვენ ნუ ჩაგვაყენებენ სასამართლოს მდგომარეობაში. მართალი რომელია, სასამართლომ დაადგინოს.”

ცსკ-ის ამ გადაწყვეტილებით, ჟვანია და მისი რაზმი ნაკლებად დაზარალებულია. მათ მარტო ორი რამ დაკარგეს – ტალახში ნაგორავები სახელი და გარანტირებული თითო წევრი კომისიებში. მამალაძეს თავისი ხალხი, კვარაცხელიას ხელმოწერილი სიის გარდა, სხვა პარტიების სიებშიც ჰყავს ჩასმული. მაგრამ ცსკ-ის ამ გადაწყვეტილებას ორივე მხარე გაასაჩივრებს.”

ქართველი ჟურნალისტების ვარაუდით, ოპონენტებს შორის კომპრომატების ომი კვლავაც გაგრძელდება და, გამორიცხული არ არის, ერთმანეთს ისინიც კი დაუპირისპირდნენ, ვინც აქამდე თანამოაზრედ აღიქმებოდა. 17 მაისის გაზეთ “ახალი თაობის” ცნობით, ამ დღეებში ერთერთ ელიტარულ ბარში საიდუმლო შეხვედრა შედგა, სადაც ზურაბ ჟვანიამ და მიხეილ სააკაშვილმა ერთმანეთი ინტრიგების ხლართვაში დაადანაშაულეს. გაზეთის ინფორმაციით:

“ეს შეხვედრა საპარლამენტო ხავერდოვანი გადატრიალების წინა საღამოს მოხდა. თბილისელებმა სუფრასთან ზურაბ ჟვანია, მიხეილ სააკაშვილი, მიხეილ მაჭავარიანი, ზურაბ ადეიშვილი და კიდევ რამდენიმე პირი შენიშნეს. პრინციპში, ეს შეხვედრა ერთ ჩვეულებრივ შეხვედრად დარჩებოდა, რომ არა წონასწორობიდან გამოსული ჟვანიას ხმამაღალი საუბარი, შეიძლება ყვირილიც, რომ მან წააგო და ეს ყველაფერი დანარჩენი ბატონების დამსახურება იყო. როგორც გაირკვა, ჟვანიასთვის მოქკავშირის ოპოზიციურ პარტიად გამოცხადების იდეა სააკაშვილს და იქ დამსწრეთ ურჩევიათ. ჟვანია მათ საყვედურობდა, რომ პრეზიდენტობის რეალური შანსი დააკარგვინეს, რომ პრეზიდენტთან მისასვლელი ყველა გზა მოუჭრეს, რომ ნაციონალური მოძრაობის იდეა სააკაშვილმა სწორედ მას მოპარა.

იმ საღამოს გაქრისტიანებულ-გაკონსერვატორებულმა ჟვანიამ დახმარება ითხოვა, სააკაშვილმა თავი შეიკავა. მეორე დღეს კი, კომიტეტების თავმჯდომარეების გადაყენების სკანდალურ დღეს, სააკაშვილი და მისი მხარდამჭერები პარლამენტში არ მივიდნენ. სააკაშვილმა თამაშგარედ დარჩენილი ჟვანიას აკიდება არ ისურვა. პრინციპში, საკმაოდ კარგი გათვლაა, ამბიციური ჟვანია, რომელსაც მუდამ ექნება მის ჩაძირვის სურვილი, ნაცმოძრაობის ლიდერს არაფერში სჭირდება...მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო ორგანოში ძალთა გადანაწილება ისე ხდება, რომ ჟვანია-სააკაშვილს ახლა ერთად დგომა ჰაერივით სჭირდებათ, მომავალში მათი ერთად ყოფნა საეჭვოდ გამოიყურება. სააკაშვილი არჩევნების შედეგს ელოდება. ნაცმოძრაობას მნიშვნელოვანი გამარჯვების იმედი აქვს. ასეთ შემთხვევაში მითი ჟვანია-სააკაშვილის ერთად ყოფნის შესახებ საბოლოოდ დაიმსხვრევა.
XS
SM
MD
LG