Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერ-მინისტრის ავადმყოფობამ გაამახვილა ყურადღება თურქეთის პოლიტიკური სისტემის ჯანმრთელობაზე


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა პარასკევს 17 მაისს თურქეთის-პრემიერ მინისტრი ბულენტ ეჯევითი საავადმყოფოში მოათავსეს, ნეკნის მოტეხილობის დიაგნოზით. 4 მაისს ის აგრეთვე აღმოჩნდა ერთი დღე-ღამით საავადმყოფოში და მას მერე ბიულეტენზე იმყოფებოდა.



ნეკნის მოტეხილობის შედეგად გადაიდო ეჯევიტის მოგზაურობა ავღანეთში. თუმცა ექიმების თქმით, პრემიერ-მინისტრს არაფერი სერიოზული არ სჭირს, თურქეთში მაინც დაიწყო კამათი არჩევნების ვადაზე ადრე ჩატარებისა და, საერთოდ, იმის შესახებ რამდენად ჯანსაღია თურქეთის პოლიტიკური სისტემა.

6 მაისს თურქეთის ოფიციოზურმა გაზეთმა "საბაჰმა" მოიყვანა პარლამენტის სპიკერის უკიდურესი მემარჯვენე ნაციონალისტური მოქმედების პარტიის წევრის ომერ იზგის სიტყვები, რომ ის აიღებს თავის თავზე ეჯევითის ფუნქციას ახალ საპალამენტო არჩევნებამდე.

მედიის კიდევ ერთმა წყარომ დაწერა, საგარეო საქმეთა მინისტრი ეჯევიტის მემარცხენე დემოკრატიული პარტიის წევრი ისმაილ ჯემი, პრემიერ-მინისტრობის შესაფერისი კანდიდატიაო.

14 მაისს ინგლისურენოვანი გაზეთის "ტერკიშ დეილი ნიუსის" კომენტატორმა ილნურ ჩევიკმა ქვეყანა დაახასიათა, როგორც "გემი კაპიტნის გარეშე".

13 მაისს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა თანსუ ჩილერმა, ყველაზე დიდი ოპოზიციური ჯგუფიდან პარლამენტში - ჭეშმარიტების პარტიიდან - განაცხადა, რომ საჭიროა ვადამდელი არჩევნების ჩატარება; კეთილდღეობის პარტიამ კი ეჯევითს გადადგომიკენ მოუწოდა. ამ პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ მეჰმეტ ბექაროღლუმ თქვა, რომ ეჯევითის ავადმყოფობით გამოწვეული "ხელისუფლების ვაკუუმი" სასწრაფოდ უნდა შეივსოს.

ეჯევითი, რომელიც 28 მაისს 77 წლისა ხდება, ყველაზე სტაჟიანი პოლიტიკოსია თურქეთში. განათლებით ჟურნალისტი, ის 1950-იანი წლების მიწურულში აირჩიეს პარლამენტში - თურქეთის დიდ ეროვნულ ასამბლეაში. 1973 წელს ის პრემიერ-მინტსრად დაინიშნა. სწორედ მისი მმართველობის დროს შეიჭრა თურქეთის ჯარები კვიპროსზე ბერძნების სამხედრო ხუნტის მხარდაჭერით მოწყობილი გადატრიალების საპასუხოდ. 1974 წელს მან დატოვა პოსტი; მას მერე კიდევ ორჯერ იქნა ამ თანამდებობაზე არჩეული 1978 და 1999 წლებში. მისი მემარცხენე-დემოკრატიული პარტია ბოლო ორნახევარი წლის განმავლობაში მართავს ქვეყანას, მემარჯვენე-რადიკალურ ნაციონალური მოქმედების პარტიასა და მემარჯვენე-ცენტრისტულ დედა-სამშობლოს პარტიებთან კოალიციაში.

პოლიტიკური ანალიტიკოსების თქმით, ვეტერანი პრემიერ-მინისტრის წასვლა მეტად არახელსაყრელ მომენტს ემთხვევა, როცა ევროპის კავშირში თურქეთის გაწევრიანების პროცესი დაიწყო, ხოლო ერაყზე შესაძლო თავდასხმა შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის დღის წესრიგში დგას.

მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, რომ ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებაში ცვლილებამ შეიძლება საფრთხეში ჩააგდოს მთავრობის მცდელობები გამოიყვანოს თურქეთი ეკონომიკური კრიზისიდან, ყველაზე მძიმე კრიზისიდან მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

ეჯევითი და მისი კოალიცია ცდილობენ ეკონომიკური კრიზისიდან თავის დაღწევას საერთაშორისო სავალუტო ფონდის დახმარებით, რომელიც უკვე დაპირდა თურქეთს 16 მილიარდის ოდენობის საგანგებო დახმარების პაკეტს.

თვით ეჯევითი არ ამჟღავნებს თავისი კაბინეტის 5 წლიან ვადამდე გადადგომის სურვილს. გაზეთ "საბაჰისთვის" 10 მაისს მიცემულ ინტერვიუში მან თქვა, რომ თუ დაემორჩილება ზეწოლას და გადადგება, კოალიცია დაიშლება და მისი კაბინეტის ბოლო თვეების ყველა მიღწევა წყალში ჩაიყრება.

"ჩემი გადადგომა რომ პრობლემებს არ წარმოქმნიდეს, დიდი სიხარულით გადავდგებოდიო", თქვა მან.

საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვა აჩვენებს, რომ საპარლაენტო არჩევნების უახლოეს ხანში ჩატარების შემთხვევაში მმართველი პარტიებიდან ვერც ერთი ვერ გადალახვავს პარლამენტში მოსახვედრად საჭირო 10 პროცენტიან ზღურბლს.

ექსპერტების აზრით, არჩევნების ვადაზე ადრე ჩატარება ხელსაყრელია ზომიერი ისლამური ჯგუფებისთვის, როგორიცაა სტამბოლის ყოფილი მერის რეჯეპ ტაიიპ ერდოჰანის სამართლიანობისა და პროგრესის პარტია. ერდოჰანმა 6 თვე გაატარა პატიმრობაში და 1990-იანი წლების ბოლოს მას პოლიტკური საქმიანობა აეკრძალა გამოსვლების გამო, რომლებმაც რელიგიურ სიძულვილი გამოიწვია და თურქეთის სეკულარულ სახელმწიფოებრიობას დაემუქრა.

ორშაბათს ერდოჰანმა განაცხადა, რომ ეჯევითს ქვეყანა ქაოსისკენ მიჰყავს და რომ თურქეთის ეკონომიკური პრობლემები კი არ აწუხებს, არამედ "დრომოჭმული პოლიტიკური აზროვნება."

მოწოდებები პოლიტიკური ცვლილებების თაობაზე არა მარტო ოპოზიციიდან, არამედ ეჯევითის საკუთარი ბანაკიდანაც გაისმის. 10 მაისს სტუდენტთა თავშეყრაზე გამოსვლისას სტამბოლში სახელმწიფო მინისტრმა ქემალ დერვისმა თქვა, რომ ვადამდელი არჩევნების თარიღის დანიშვნა სიტუაციის სტაბილიზებას შეუწყობს ხელს.

დერვისი, მსოფლიო ბანკის ყოფილი დირექტორი, გასული წლის მარტში დაბრუნდა თურქეთში, ეჯევითის თხოვნით, რათა აეღო ხელში ქვეყნის ეკონომიკის სადავეები. 53 წლის ეკონომისტს თურქეთის მედია და პოლიტიკური მიმომხილველები დიდი ხანია პრემიერ-მინისტრის პოსტს უწინასწარმეტყველებენ, თუმცა ის პარლამენტის წევრი არ არის, რაც თურქეთის კონსტიტუციით აუცილებელი წინაპირობაა მთავრობის მეთაურის თანამდებობის დასაკავებლად.
XS
SM
MD
LG