Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ალ ყაიდა”კვლავ იმუქრება ტერორისტული აქტებიf შეერთებული შტატების წინააღმდეგ


ელენე ლორთქიფანიძე ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში შეერთებული შტატების სადაზვერვო სამსახურები ახერხებენ “ალ ყაიდის” წევრებს შორის გაცვლა-გამოცვლილი ინფორმაციის დაჭერას.

ეს ინფორმაცია მიუთითებს, რომ ტერორისტული ორგანიზაციები 11 სექტემბრის ტერაქტებზე უფრო მასშტაბური ოპერაციების ჩატარებას გეგმავენ.

პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის ოფიციალური პირების თქმით, ბოლო დროს სადაზვერვო ორგანოები ხშირად ისმენენ ალ ყაიდის წევრებს შორის დიალოგებს, როცა ისინი იკვეხნიან, რომ მალე ისევ დაარტყამენ შეერთებულ შტატებს.

შარშან ზაფხულში აგრეთვე მოდიოდა ასეთი ცნობები, მაგრამ კონტრტერორიზმის ექსპერტებმა მაშინ დაასკვნეს, რომ “ალ ყაიდა” შეერთებული შტატების საზღვარგარეთის ობექტებს ემუქრებოდა. ამჟამად მიღებული ცნობები იმდენად ბუნდოვანია, რომ შეუძლებლია დროის, ადგილისა და მეთოდის დადგენა, ან რა ირაღი იქნება გამოყენებული (ბირთვული, ბიოლოგიური თუ ქიმიური).

ვიცე-პრეზიდენტმა დიკ ჩეინიმ ამერიკის ტელევიზიით გამოსვლისას თქვა, რომ დგას საკითხი, არა მოხდება თუ არა დარტყმა, არამედ როდის.

“ეს შეიძლება მოხდეს ხვალ, შეიძლება მოხდეს მომავალ კვირაში, მომავალ წელს, მაგრამ ისინი არ შეწყვეტენ მცდელობებს… და ჩვენ ამას მომზადებული უნდა შევხდეთ”, თქვა ჩეინიმ.

მუქარის ასეთი გაურკვეველი ხასიათის გამო, მთავრობის მიერ მიღებული თავდაცვის ზომების სპექტრი ვიწროა.

ინფორმაციის ნაწილი “ალ ყაიდის” ავღანეთში დაკავებული წევრების დაკითხვების შედეგად იქნა მიღებული. ირკვევა, რომ მიუხედავად 11 სექტემბრის შემდეგ “ალ ყაიდის” უჯრედების დარბევისა მთელს მსოფლიოში, მიუხედავად ანტიტეროისტული საქმიანობის დაფინანსების ზრდისა, შეერთებული შტატების ოფიციალური პირების აღიარებით, მათ ვერ შეძლეს ინფორმაციის ნაწყვეტებიდან სრული მოზაიკური სურათის შექმნა “ალ ყაიდის” გეგმების თაობაზე.

კანონაღმსრულებელი და სადაზვერვო ორგანიზაციების წარმომადგენლების თქმით, 11 სექტემბრის შემდეგ გასული რვა თვის განმავლობაში, მთავრობას კვლავაც არა აქვს “ალ ყაიდის” შემდგომი ნაბიჯების პროგნოზირების შესაძლებლობა და კონტრტერორისტული ოპერაციები ჯერჯერობით თავს ვერ ამართლებს. და ეს მიუხედავად იმისა, რომ ავღანეთის ომის წყალობით, შეერთებულმა შტატებმა დღეს გაცილებით უფრო მეტი იცის “ალ ყაიდის” სტრუქტურისა და მუშაობის მეთოდების შესახებ ვიდრე ერთი წლის წინ იცოდა.

ბოლო დღეებში ბუშის ადმინისტრაციას აკრიტიკებენ, რომ მან, როგორც ახლა გამოირკვა, 11 სექტემბრამდე რამდენიმე თვით ადრე შესაძლო ტერორისტული აქტის შესახებ მიიღო ინფორმაცია, რომელიც ვერ გაიშიფარა .

მას მერე მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა მსგავსი ინფორმაციის შესწავლის მიმართულებით. ცეტრალური სადაზვერვო სამმართველო და გამოძიების ფედერალური ბიურო პირველად ადარებენ ტერორისტული მუქარის თაობაზე მიღებულ ყველა ცნობას და მათი ანალიზის შედეგები გადაეცემა პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებ ყველა მაღალი რანგის პირს, მათ შორის, შინაური უშიშროების უწყების დირექტორს ტომ რიჯს.
პრეზიდენტი ბუში, აგრეთვე ყოველდღიურად იღებს როგორც ცეტრალური სადაზვერვო სამმართველოს, ისე გამოძიების ფედერალური ბიუროს ანაგრიშებს და ამ უწყებების დირექტორები ჯორჯ ტენეტი და რობერტ მიულერი ხშირად ესწრებიან თეთრ სახლში გამართულ სხდომებს და ისმენენ ერთმანეთის აზრს. 11 სექტემბრამდე ბუში მხოლოდ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ბრიფინგებს ისმენდა.

მართალია, ოფიციალური პირების თქმით, რამდენიმე პოტენციური თავდასხმა იქნა გახსნილი, მაგრამ ეს, უმეტესწილად, საზღვარგარეთ უცხო მთავრობის მიერ ტერორისტების დაპატიმრების, და არა ამერიკული სადაზვერვო სამსახურების მიერ ხელში ჩაგდებული ინფორმაციის წყალობით მოხდა.
XS
SM
MD
LG