Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველ სამართალდამცავებს რელიგიურ უმცირესობათა უფლებების დაცვაზე პასუხისმგებლობა დაეკისრათ


ედუარდ შევარდნაძემ სამართალდამცავებს რელიგიურ უმცირესობათა წარმომადგენლების უფლებების დაცვაზე, მკაცრი, პასუხისმგებლობა დააკისრა.

ამის მიზეზი კი, საქართველოს ხელისუფლებისადმი ამერიკელ სენატორთა და ევროსაბჭოს წარმომადგენელთა მოწოდება გახდა. მაგრამ, ამ უკანასკნელთა მიერ საქართველოში რელიგიურ უმცირესობათა წარმომადგენლების შევიწრობის გამო გამოთქმულმა შეშფოთებამ ბასილ მკალავიშვილის ჯგუფიც გაააქტიურა. მკალავიშვილის მიმდევრებმა საპროტესტო აქციებს მიმართეს. ჯერ თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი სახალხო დამცველის ოფისთან.
მოუსმინეთ ეკა წამალაშვილს

საქართველოს ხელისუფლებისათვის მკალავიშვილი პრობლემა მაშინ გახდა, როცა ამ უკანასკნელის და მის ირგვლივ გაერთიანებულების “დამსახურებით” საქართველო რასისტულ ქვეყნად გამოცხადდა. ევროსაბჭოს მიერ გავრცელებულ გაცხადებაში ჩვენი ქვეყანა, სწორედ, რასისტულ ქვეყნად არის მოხსენიებული. სივრცედ, სადაც რელიგიურ უმცირესობათა უფლებები ფეხ ქვეშ ითელება. ამერიკელ სენატორთა მიერ ედუარდ შევარდნაძის სახელზე გამოგზავნილ წერილში კი (მას შეერთებული შტატების ყოფილი პირველი ლედი ჰილარი კლინტონიც აწერს ხელს) საქართველოს ხელისუფლება “კრიმინალური სექტის” დამცველად სახელდება.

სამწუხაროა, მაგრამ საქმის აქამდე მიყვანა გახდა საჭირო იმისთვის, რომ პრეზიდენტს რელიგიურ საწყისებზე ადამიანის უფლებთა დარღვვეის ფაქტები დაეგმო და სამართალდამცავებისთვის შეეხსენებინა, რომ პიროვნების შეურაცხყოფის თუ პიროვნებისა და პიროვნებათა ჯგუფის ქონების უკანონო განადგურების აღკვეთაზე პასუხისმგებლობა, სწორედ, მათ აკისრიათ. რელიგიურ უმცირესობათა წარმომადგენლების უფლებების შელახვაზე მკაცრ რეაგირებს სამართალდამცავებს ახლა უკვე პრეზიდენტის ბრძანებულებაც ავალებთ. არადა, რელიგიურ უმცირესობათა რისხვად მოვლენილი მკალავიშვილი პოლიციას თანადგომას და მართლმადიდებლობას უქებდა.

[ბასილ მკალავიშვილის ხმა] “მადლობა ღმერთს იმისათვის, რომ ჩვენს პოლიციაში არიან მართლმადიდებლური სარწმუნოების დამცველები. ისინი იცავენ მართლმადიდებლობას ისე, როგორც ამას წინაპართა ადათ-წესები გვკარნახობს და იცავენ უკეთ, ვიდრე ზოგიერთი მართლმადიდებელი მღვდელი და ეპისკოპოსი იცავს.”

ეს ძველი ჩანაწერი იყო. მკალავიშვილის მიმდევრების მიერ ორშაბათს გამართულ საპროტესტო აქციებზე, თავად, ბასილი არ გამოჩენილა. მას დაპატიმრების შეეშინდა. ასე, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და სახალხო დამცველის ოფისის წინ გამართულმა აქციებმა ლიდერის გარეშე ჩაირა. მკალავიშვილის მომხრეებმა ამერიკელი სენატორების მიერ პრეზიდენტის სახელზე გამოგზავნილი წერილი საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევად შეაფასეს.

[აქციის მონაწილის ხმა] “ ამერიკელები არ არიან საქმის კურსში. 15 სენატორი მთელ ამერიკას არ წარმოადგენს და თუ ეს ყველაფერი ამერიკის მთელი მთავრობის აზრია, მაშინ აქციები სხვა ხასიათს მიიღებს.”

აქციის მონაწილეებმა ასეთი მუქარით დატოევს საელჩოს მიმდებარე ტერიტორია, სახალხო დამცველის ოფისის შენობასთან გადაინაცვლეს და იქ ნანა დევდარიანის თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვეს. მიზეზი გახლდათ მოსაზრება, რომლის მიხედვითაც, ამერიკელ სენატორთა წერილი დევდარიანის მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობა.

მკალავიშვილის მომხრეების ამ აქციებს პოლიცია მშვიდად ადევნებდა თვალს. ექსცესები არ მომხდარა. ზოგადად მართლმადიდებლობის, ამჯერად კი განკვეთილი მოძღვრის დასაცავად ამხედრებულები იმ პირობით დაიშალნენ, რომ რელიგიური სექტების პარპაშს არ დაუშვებენ, ბასილ მკალავიშვილის დაპატიმრების შემთხვევაში კი დიდ საპროტესტო აქციებს გამართავენ. მთელი ამ პრობლემის დაძლევა პრეზიდენტს რელიგიის შესახებ კანონის მიღებით წარმოუდგენია.
XS
SM
MD
LG