Accessibility links

logo-print

სამხედრო პრობლემატიკა რუსეთის ელექტრონულ პრესაში


გიორგი კაკაბაძე, თბილისი საქართველოს სამხედრო მოსამსახურეთა სწავლება და მომზადება ამერიკული პროგრამის მიხედვით, სეპარატისტული აფხაზეთის თავდაცვის ახალი მინისტრის დანიშვნა,

რუსეთის მიერ ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის გაძლიერება საქართველო-ჩეჩნეთის საზღვრის მონაკვეთზე. წინა კვირის რუსეთის ელექტრონულ პრესაში ამ საკითხების ირგვლივ გამოქვეყნებული წერილების შესახებ თამარ ჩიქოვანი და გიორგი კაკაბაძე გესაუბრებიან.

17 მაისის ინტერნეტგაზეთი “იზვესტია” წერს, რომ საქართველოს სამხედრო მოსამსახურეთა სწავლებისა და მომზადების პროგრამის მეთაურის, აშშ-ის არმიის პოლკოვნიკის, რობერტ ვოლტემეერის განცხადებით, აღნიშნული პროგრამა 27 მაისს ამოქმედდება. ვოლტემეერი იმედოვნებს, რომ ქართველ სამხედროთა მორალური სულისკვეთება სათანადო დონეზე იქნება, თუმცა, მისი თქმით, ისინი, რასაკვირველია, დაიღლებიან. პოლკოვნიკი, რომელმაც 21 თვის განმავლობაში უნდა გაწვრთნას სამხედროები, უკვე გაეცნო კონტინგენტს და კმაყოფილი დარჩა მისი მომზადებით. ”მათი მომზადების დონე განსაცვიფრებელია. ეს ბიჭები მზად არიან, მათ სურთ და შეუძლიათ სწავლა. ისინი დისციპლინირებულები არიან და მძიმე მუშაობა მათთვის უცხო არ არის” – განაცხადა პოლკოვნიკმა ვოლტემეერმა სატელეფონო ინტერვიუში, რომელიც რუსეთში აშშ-ის საელჩომ მოაწყო.

გაზეთი აღნიშნავს, რომ ამერიკელ სამხედროთა მიერ ქართული არმიის ინსპექცია მხოლოდ დასაწყისია საქართველოს სამხედრო მოსამსახურეთა სწავლების გრძელვადიანი პროგრამისა, რომლის ღირებულება 60 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს. ქართველი სამხედრო მოსამსახურეები გაეცნობიან საბრძოლო მომზადების ისეთ ელემენტებს, როგორიცაა “საველე პირობებში ბრძოლის წარმართვის საფუძვლები” და “მათაურისა და მისი მოადგილეების როლი ბრძოლის დროს”, შესწავლიან სამხედრო დაგეგმარებას და კომპიუტერთან მუშაობას. ნავარაუდევია 4 ბატალიონისა და ერთი მექანიზებული ასეულის მომზადება, რაც მთლიანობში 2 ათას კაცს გულისხმობს.

“იზვესტიას” ცნობით, ამერიკის ხელმძღვანელობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს პოლკოვნიკ ვოლტემეერის მისიას. აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ “პროგრამა ხორცს ასხამს პრეზიდენტ ბუშის გადაწყვეტილებას, უპასუხოს საქართველოს მთავრობის თხოვნას ტერორიზმთან ბრძოლის შესაძლებლობების გაფართოების თაობაზე პანკისის ხეობაში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით”. თუმცა, როგორც გაზეთი შენიშნავს, პოლკოვნიკი ვოლტემეერი პანკისის ხეობაში ჩასვლას არ აპირებს. მისი თქმით, “ყველა წვრთნა თბილისის მიდამოებში გაიმართება”.

საქართველოში ამერიკელთა ყოფნა რუსეთის სამხედროთა დაძაბულ რეაქციას იწვევს. ”საქართველოში მათი ყოფნა არ შეიძლება განვიხილოთ აზიასა და სხვა რეგიონებში აშშ-ის ექსპანსიისაგან მოწყვეტით” – ასეთია ერთ-ერთი ტიპიური მოსაზრება. “ექსპერტები შიშობენ, რომ საქართველოს არამეგობრული პოლიტიკა რუსეთის მიმართ მტრულ ხასიათს შეიძენს“ – წერს “იზვესტია” და აქვე დასძენს, რომ რუსეთის ოფიციალური პოზიცია ამერიკელთა ყოფნასთან დაკავშირებით, დიდი ხანია, რაც პრეზიდენტმა ჩამოაყალიბა. “თუ ეს დასაშვებია შუა აზიის სახელმწიფოებისთვის, საქართველოს რატომ უნდა ეკრძალებოდეს”- თქვა პუტინმა ამა წლის მარტში.

18 მაისის ინტერნეტგაზეთი “ლენტა” წერს, რომ აფხაზეთი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე ზრუნავს. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა არძინბამ თავდაცვის მინისტრი შეცვალა. ამ თანამდებობაზე, ვლადიმერ მიქანბას ნაცვლად, დაინიშნა მთავრობის პირველი ვიცე-პრემიერი რაულ ხაჯინბა, რომელმაც ძველი პოსტიც შეინარჩუნა. გასულ პარასკევს მან უკვე ჩაატარა პირველი თათბირი სამინისტროში.
გაზთის ცნობით, სოხუმში არ გამორიცხავენ შარშან ოქტომბერში კოდორის ხეობაში მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების გამეორებას. ამიტომ აფხაზური არმიის მზადყოფნის შესამოწმებლად სამდღიანი მანევრები ჩატარდა ხეობის ქვედა ნაწილში.

18 მაისის ინტერნეტგაზეთ “სტრანას” ინფორმაციით, რუსეთის მე-4 არმიის სამხედრო-საჰაერო ძალებისა და ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის რამდენიმე ქვედანაყოფი რუსეთის სახელმწიფო საზღვრის საქართველო-ჩეჩნეთის მონაკვეთზე ამჟამად საბრძოლო მორიგეობის ფუნქციას ასრულებს. საავიაციო გაერთიანების სარდლის, გენერალ-ლეიტენანტ ალეკსანდრ ზელინის განცხადებით, ეს ძალები, ძირითადად, საჰაერო სივრცის აღნიშნულ მონაკვეთს გააკონტროლებენ. მისი თქმით, მთავარი ამოცანა – ესაა იმ მსუბუქიმოტორიანი თვითმფრინავების ფრენის აღკვეთა, რომლებსაც ჩეჩნეთის ტერიტორიაზე მოქმედი შეიარაღებული ფორმირებებისთვის ტვირთი და იარაღი გადააქვთ. იგივე ეხება საბრძოლო თვითმფრინავებს. “სტრანას” ცნობით, ჰეაერსაწინააღმდეგო დაცვის საშუალებებს უკვე მიღებული აქვთ შესაბამისი ბრძანებები – საჰარეო სივრცის დამრღვევთა განადგურების ჩათვლით.
XS
SM
MD
LG