Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამოქალაქო საზოგადოება ხელისუფლების წინააღმდეგ გამოდის


დავით პაიჭაძე, თბილისი ორშაბათს, 20 მაისს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების რამდენიმე წარმომადგენელმა მოკლე შეხვედრა გამართა ჟურნალისტებთან.

შეხვედრაზე წარმოადგინეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც გამოთქმულია უკიდურესი შეშფოთება დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ღირებულებების წინააღმდეგ წამოწყებული შეტევის გამო. არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ამან ქვეყანა შესაძლოა ავტოკრატიულ მმართველობამდე მიიყვანოს ან საყოველთაო განუკითხაობისა და ძალადობის მორევში ჩაითრიოს.

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა განცხადების ტექსტი სრულად გამოქვეყნდა ორშაბათის გაზეთ “ახალ ვერსიაში”. განცხადებაში წვრილად არის აღნუსხული ყველა ის დასამახსოვრებელი ანტიდემოკრატიული გამოსვლა თუ ნაბიჯი, რომელიც ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე ხელისუფლებამ გადადგა, აღწერილია პოლიტიკური, რელიგიური თუ სამართლებრივი ძალადობის ტენდენცია.

შეხვერდაზე სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა რამდენიმე კომენტარიც გააკეთეს. ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში დემოკრატიის კოალიციის პროექტის რეგიონულმა დირექტორმა, კახა ლომაიამ აღნიშნა, რომ საქართველოში დემოკრატიული სივრცე შაგრენის ტყავივით მცირდება. რაც ორი-სამი წლის წინათ შეუძლებლად მოჩანდა – ვთქვათ, ხელახალი შეტევა თავისუფალ მედიაზე, სრულიად უკანონო და ანტიკონსტიტუციური გალაშქრება საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე – დღეს შესაძლებელია. [ლომაიას ხმა]: “რაც წარმოუდგენელი იყო თუნდაც ერთი წლის წინ – მაგალითად, პარლამენტის წევრს დაუფარავად ეთქვა, რომ ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ ინფორმაციის გავრცელება წარმოადგენს სამშობლოს ღალატსა და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს, ჩვენ ვიტყოდით, რომ, უბრალოდ, ცუდი სიზმარი გვესიზმრება. ჩვენ მიამიტურად გვეგონა, რომ ეს ეტაპი მოვილიეთ. მაგრამ თურმე ასე არ ყოფილა; თურმე შეიძლება, შეიარაღებული რაზმები შეუვარდნენ დამოუკიდებელ მედიას, თურმე შეიძლება, ქვეყნის პირველი პირი მოიხსენიებდეს საზოგადოებრივ სექტორს ტერორისტული და ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის კონტექსტში. თუ ჩვენი საზოგადოება ამ ყველაფერს აიტანს და ჩაყლაპავს... მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება ამას არ აიტანს და აუცილებლად ზღვარს დაუდებს ანტიდემოკრატიულ ტენდენციებს. თუ ისინი არ დაწყნარდნენ – მე ვგულისხმობ პრეზიდენტსა და ხელისუფლების მთელ უმაღლეს ეშელონს – მაშინ ჩვენ სხვა ხელისუფლებას მოვიყვანთ, ჩვენ – როგორც მოქალაქეები”.

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” გამგეობის წევრი, თინა ხიდაშელი ვარაუდობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციათა აქტიურ პროტესტს ხელისუფლების პასუხიც მოჰყვება. არსებული კანონმდებლობა ხელისუფლებას აძლევს საშუალებას, სამოქალაქო სექტორის საქმიანობას სერიოზული პრობლემები შეუქმნას და მოსალოდნელია, რომ საამისოდ უახლოეს მომავალში კანონით დაშვებული ყველა მექანიზმი ამოქმედდება [ხიდაშელის ხმა], “რომელიც ჩვენს აზროვნებასა და თავისუფლებას ვერ შეზღუდავს, მაგრამ, უამრავი წინააღმდეგობის შექმნით, გვაქცევს ორგანიზაციებად, მხოლოდ საკუთარი პრობლემების მოგვარებით რომ არიან დაკავებული და “გარეთ” ვერაფერს აკეთებენ. ამის კარგი მაგალითია ის, რომ 1994 წლიდან შარშანდლამდე, მე არ მახსოვს, რომელიმე დიდ არასამთავრობო ორგანიზაციაში შესულიყოს საგადასახადო ინსპექცია. აი, შარშანდლიდან კი დაიწყო მიზანმიმართული, სისტემატური, თვეების მანძილზე მიმდინარე საგადასახადო შემოწმება მთელი ათი წლის ფინანსური დოკუმენტაციისა. ამის საწინააღმდეგო ჩვენ არაფერი გვაქვს – უფლებას კანონი აძლევთ, მაგრამ ასეთი ქცევა, თავისთავად, ტენდენციაზე მეტყველებს”.

ასეთი პერსპექტივის მიუხედავად, რაც საგადასახადო სამსახურის არაკომპეტენტური დასკვნების სასამართლოში გასაჩივრებასა და საქმეთა ლამის უსასრულოდ გაჯანჯლებას გულისხმობს, თინა ხიდაშელს იმედი აქვს – არასამთავრობო სექტორს ეყოფა ძალისხმევა, იყოს საზოგადოების ადვოკატი და ღირსეული პასუხი გასცეს ხელისუფლებას.
XS
SM
MD
LG