Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა თანხებს განკარგავს საქართველოს ბიუჯეტი


ზურაბ ნოღაიდელის დიდი მცდელობის მიუხედავად, საქართველოს ბიუჯეტის ქრონიკული დაავადება, სახსრების უკმარისობა ვერადა ვერ დაიძლია.

ყოფილი ფინანსთა მინისტრის ძალისხმევა ძირითადად იმაში გამოიხატა, რომ წლის დასაწყისში ბიუჯეტის საპროიგნოზო მაჩვენებლები ხელოვნურად იყო შემცირებული. მიუხედავად ამისა 2002 წლის პირველი ოთხი თვის ბიუჯეტის შესრულებას 36 მილიონი ლარი დააკლდა. ნოღაიდელის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ კი საფინანსო გეგმის შესრულება თვითდინებით მიდიოდა, რამაც თავისი კვალი დაატყო მიმდინარე წლის ხუთი თვის საბიუჯეტო მონაცემებს.

მიწისძვრის შემდეგ და მოახლოებული ადგილობრივი თვითმართვლობის არჩევნების წინ საქართველოს მთავრობას დამატებითი ფინანსური რესურსები ჰაერივით ესაჭიროება. ბიუჯეტში თავდაცვის სფეროსათვის დაგეგმილზე მეტ სახსრებს საჭიროებს ამერიკის შეერთებული შატაების დახმარებით დაწყებული ანტიტერორისტული სამხერდო კამპანია. ამ დროს კი საკადრო ცვლილებებთან ერთად ხორციელდება სტრუქტურული ცვლილებებიც, რაც არასახარბიელო ზეგავლენას ახდენს ბიუჯეტის შესრულებაზე. ამ ცვლილებებმა კიდეც, რომ გაამართლონ ყველაზე ოპტიმისტსაც კი უჭირს იმის პროგნოზირება მოხერხდება თუ არა წლის ბოლომდე, წლის დასაწყისში არსებული საბიუჯეტო ჩავარდნის კომპენსირება.

20 მაისს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურმა ბოლო ხუთი თვის ბიუჯეტის შესრულების მონაცემები გამოაქვეყნა. საფინანსო გეგმის მიხედვით სახელმწიფო ბიუჯეტის 5 თვის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 379 მილიონ ლარს შეადგენდა, დღემდე კი მხოლოდ 283 მილიონი ლარია მობილიზებული. ანუ დარჩენილი 10 დღის მანძილზე 96 მილიონი ლარის შეგროვება უნდა მოხერხდეს. ეს თეორიულადაც კი შეუძლებელია, რადგან ყოველთვიურად საშუალოდ 76 მილიონის მობილიზება ვერ ხერხდებოდა, რაც ცხადყოფს, რომ ჩავარდნა ვერ გასწორდება. ასეთ ვითარებაში სახაზინო სამსახურის უფროსი დავით რამიშვილი მხოლოდ იმ მაჩვენებლებზე ამახვილებს ყურადღებას რომლის შესრულებაც ხაზინამ შეძლო.

[რამიშვილის ხმა] „მთლიანად დაიხურა აპრილის თვის შრომის ანაზღაურება, გასტუმრებული იქნა ყვაელა უწყება, გასტუმრებულია მაისის თვის შემწეობები, ლტოლვილებთან დაკავშირებული სოციალური ხარჯებიც. არჩევნებთან დაკავშირებით რაც განაცხადი არსებობს დაფინანსებაზე, ყველა ხარჯი არის გაწეული. ამ ეტაპზე ხაზინა ძირითადი თანხების მობილიზაციას აკეთებს, რათა გაისტუმროს მაისის თვის რეგიონალური ტრანსფერები, რაც არის ძირითადად მასწავლებლების ხელფასები.“


ამის გარდა ფინანსთა სამინისტროს მოუწევს 1 მილიონი ლარის გამონახვა პრეზიდენტის ფონდიდან თბილისის მერიისათვის ბუნებრივი აირის დავალიანების დასაფარად საჭირო კრედიტის გასაცემად. აქამდე ბიუჯეტმა ხელგაშლილად კვება თბილგაზი და დაახლოებით 16 მილიონი ბუნებრივ აირს ანაცვალა. ახლა კი შეერთებული შტატების 64 მილიონ დოლარიანი სამხედრო დახმარების პროგრამის თანადაფინანსებისათვის 5 მილიონი ლარის გამონახვა დიდ პრობლემადაა ქცეული.

ფინანსური სახსრების უკმარისობის გამო ჯერჯერობით ვერ ხერხდება იმ ვალდებულებების დაფინანსება, რომელიც ხელისუფლებისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ანუ ჯერაც არა გამონახული მიწისძვრით მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო თანხები. რამიშვილის თქმით:

[რამიშვილის ხმა] “მიწისძვრით დაზარალებულთა აღდგენის ფონში ფულის გადარიცხვაზე მიმდინარეობს შესაბამისი მუშაობა. ფული ჯერ არ არის გადარიცხული, პროცედურები არ არის დამთავრებული, იმიტომ რომ იქ რამდენიმე სქემა მუშავდება, რომელ სქემაზე ჩამოყალიბდებიან ამას აქვს დიდი მნიშვნელობა.“

მიუხედავად ამისა საქართველოს პრეზიდენტი 20 მაისს თავის ტრადიციულ რადიოინტერვიუში მიწისძვრით დაზარალებულებს მაინც დაჰპირდა, რომ უახლოეს მომავალში ბინების შესყიდვა დაიწყება და 150-მდე ოჯახს საცხოვრებელი ფართის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადაეცემა. როგორც ცნობილია სტიქიური უბედურების შედეგად მიყენებულმა ზარალმა 156 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა. რა რესურსების ხარჯზე მოხდება საჭირო ფინანსური რესურსების მობილიზება კარგად არავინ უწყის. რამიშვილის სიტყვების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ ჯერაც არაა შემუშავებული თანხების მობილიზების დეტალური სქემა. ამას ემატება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ნაკისრი ვალდებულებები ბიუჯეტის 25 მილიონი ლარით გაზრდის შესახებ. ეს ყველაფერი საქართველოს ხელისუფლების საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკას სერიოზულ გამოცდას უმზადებს.
XS
SM
MD
LG