Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წინასაარჩევნო გამოკითხვებით, ლიდერთა ჯგუფი გამოკვეთილია


თამარ ჩიქოვანი, თბილისი საქართველოში სოციოლოგიური გამოკითხვების მაინცდამაინც დიდად ბევრს არ სჯერა – საკმაოდ გავრცელებული მოსაზრებით, სხვადასხვა ჯგუფის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგი ზუსტად ასახავს გამოკითხვის შემკვეთის სურვილს.

ამჯერად, 2 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების წინ თითქმის ყველა სოციოლოგიური გამოკითხვა მოწმობს, რომ ამომრჩევლის სოლიდური ნაწილი ან არ აპირებს არჩევნებში მონაწილეობას, ან ჯერ არ გადაუწყვეტია, რომელ პოლიტიკურ ორგანიზაციას მიანიჭებს უპირატესობას. სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგად გამოკვეთილი ლიდერი-ორგანიზაციების შესახებ თამარ ჩიქოვანი გესაუბრებათ.

თითქმის ყველა სოციოლოგიური გამოკითხვა ნათელყოფს, რომ 2 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებზე ამომრჩევლის აქტიურობა მოსალოდნელი არ არის. კონკრეტულად რაა ელექტრორატის ინერტულობის მიზეზი – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დანიშნულების უცოდინარობა, პოლიტიკოსადმი გულგაციება თუ ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილების გამოხატვის “მდუმარე” ფორმა – დღეს ძველი განსასაზღვრია. მეორე მხრივ, წინასაარჩევნო ბატალიები, რაც პოლიტიკური პაექრობის ნებისმიერ საზღვარს სცილდება – გამორიცხული არ არის, ამომრჩევლის დაბნეულობის მიზეზად ქცეულიყო. დღეს რიგითი მოქალაქისთვის ძალიან ძველია იმაში გარკვევა, ვინ ვისი ოპოზიციაა და, საერთოდ, რომელი ძალა რა პრობლემის მოგვარების დაპირების აღსასრულებლად ცდილობს ამომრჩევლის სიმპატიის მოპოვებას.
რაც შეეხება მათ, ვინც ყველაფრის მიუხედავად მაინც აპირებს 2 ივნისს საარჩევნო უბნებში მისვლას, მათი სიმპატიები სხვადასხვა სოციოლოგიური გამოკითხვით უკვე ჩამოყალიბებულია. იმ პოლიტიკური პარტიების ჩამონათვალი, ვისაც 4 პროცენტიანი ბარიერის გადალახვის შანსი აქვს, ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდება. სხვადასხვა სოციოლოგიური გამოკითხვით, ეს პარტიებია ლეობორისტული პარტია, “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს”, ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატიული ფრონტი, ახალი მემარჯვენეები, აღორძინების დემოკრატიული კავშირი-მეოცე საუკუნე. თუმცა, იგივე ეს გამოკითხვები მოწმობს, რომ უმრავლესობის მოპოვებას ვერც ერთი პოლიტიკური პარტია ვერ შესძლებს და, როგორც ჩანს, საკრებულოები, უმეტესწილად, ასე ვთქვათ, კოალიციური აღმოჩნდება.
თუმცა, გამოკითხვის შედეგების ერთი ტენდენცია უდავოდ იმსახურებს ყურადღებას – მაღალი რეიტინგი თბილისში ხშირად არ ნიშნავს, რომ ესა თუ ის პოლიტიკური პარტია მთელს საქართველოში ასეთივე პოპულარულობით სარგებლობს. მაგალითად, საზოგადოებრივი აზრის კვლევისა და მარკეტინგის ასოციაციის “გორბის” გამოკითხვების შედეგებით, ნაციონალურ მოძრაობას-დემოკრატიულ ფრონტს თბილისელი რესპოდენტების 9,1 პროცენტი უჭერს მხარს მაშინ, როცა საქართველოს მასშტაბით იმავე საარჩევნო ბლოკს გამოკითხულთა 3,8% უჭერს მხარს. საწინააღლდებო შედეგი აქვს საქარტველოს დემოკრატიული აღორძინების კავშირს, რომელსაც საქართველოს მასშტაბით გამოკითხულთა 6,4 პროცენტი ენდობა, თბილისში კი აღორძინების მომხრეთა რაოდენობა 3, 9%-ს არ აღემატება. როგორც ჩანს, 1998 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მსგავსად, 2002 წლის არჩევნებზეც ფავორიტობას ლეიბორისტული პარტია შეინარჩუნებს, რომელიც ყველა გამოკითხვით სამეულში მაინც ხვდება. სამაგიეროდ, მხოლოდ “გორბის” გამოკითხვაში ფიგურირებს მოძრაობა “ერთობა” – შეგახსენებთ, ამ ორგანიზაციის ლიდერები ჯუმბერ პატიაშვილი და ალექსანდრე ჭაჭია გახლავთ. მათ თბილისში გამოკითხულთა 7,2 პროცენტი უჭერს მხარს. საქართველოს მასშტაბით საკმაოდ მოკრძალებული შედეგი აქვს ახალ მემარჯვენეებს - 3,5 პროცენტი.
თუ “გორბის” გამოკითხვით, ქრისტიანულ-კონსერვატორულმა პარტიამ ჯერ შესძლო ამომრჩევლის თვალში ზურაბ ჟვანიას გუნდთან ასოცირება, სოციოლოგიური და მარკეტინგული კვლევის სააგენტოს “ნეა ინტერმედიას” გამოკითხვის შედეგებით, ამ პარტიას გამოკითხულთა 4,9 პროცენტი უჭერს მხარს – ანუ, ასეთ შემთხვევაში, ზურაბ ჟვანიას გუნდს თბილისის საკრებულოში მოხვედრის შანსი უჩნდება. თუმცა, სპეციალისტების განმარტებით, ყოფილ სპიკეტს ძალზე ცოტა დრო დარჩ საარჩევნო კამპანიის წარმოებისთვის. საერთო აღიარებით, ამომრჩევლის ყურადღების მისაპყრობად, ჟვანიას გუნდს ასე ვთქვათ აგრესიული საარჩევნო კამპანიის წარმოება მოუწევს. თუმცა, ამ ჯგუფის წარმომადგენლის გიორგი ბარამიძის განცხადებით, პირიქით, სწორედ ხელისუფლება გეგმავს მათ წინააღმდეგ აგრესიული ქმედებებსი გამოყენებას, რაც, შესაძლოა, გამოკვეთილი ლიდერების ფიზიკური ლიკვიდაციის მცდელობაშიც გამოიხატოს, რომ არაფერი ითქვას ჩაფიქრებულ მორალურ ტერორზე რეფორმატორების მიმართ. სავარაუდოა, რომ ასეთი განცხადებები სწორედ აგრესიული საარჩევნო კამპანიის შემადგენელ ნაწილად თუა ჩაფიქრებული.
XS
SM
MD
LG