Accessibility links

logo-print

38 ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორი უკვე საქართველოშია


კვირას თბილისის აეროდრომზე დაეშვა ამერიკული სამხედრო -სატრანსპორტო თვითმფრინავი, ჩ-17 გლობმასტერ-3, რომელმაც საქართველოში ამერიკელ სამხედრო ინსტრუქტორთა პირველი ჯგუფი ჩამოიყვანა.

მგზავრობით დაღლილი "მწვანე ბერეტები", რომლებმაც საქართველოსკენ გეზი სამი დღის წინ, კოლორადოში მდებარე სამხედრო ბაზა ფორტ კარსონიდან აიღეს, უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე პრესას არ შეახვედრეს და მიკროავტობუსებით პირდაპირ სასტუმროში გაამგზავრეს. ხოლო დასვენებისა და აკლიმატიზაციის შემდეგ, 27 მაისიდან ამერიკელი ინსტრუქტორები ქართველი საშტაბო ოფიცრების მომზადებას შეუდგებიან.

ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორების ჩამოფრენას თბილისის აეროპორტში უამრავი ჟურნალისტი სამი საათის განმავლობაში ელოდა. ამ ფაქტისადმი ასეთ დიდ დაინტერესებას განაპირობებს ის გარემოება, რომ საქართველო გახდა პირველი ქვეყანა პოსტსაბჭოთა სივრცეზე, სადაც ამერიკელები სამხედრო ინსტრუქტორები ორი წლის განმავლობაში განახორციელებენ სამხედრო ქვედანაყოფების "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამას.

ამერიკელ სამხედრო ინსტრუქტორთა ჯგუფის ხელმძღვანელის, პოლკოვნიკ რობერტ ვოლტემაიერის განცხადებით, 27 მაისიდან ისინი ეროვნული თავდაცვის აკადემიის ბაზაზე შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოფიცრებისა და ცალკეული ქვედანაყოფების სამეთაურო შემადგენლობის მომზადებას დაიწყებენ. დაახლოებით ას ქართველ ოფიცერს ინტენსიური მომზადების კურსი 70 დღის განმავლობაში ჩაუტარდება, თუმცა, მანამდე, ჩვენმა ინსტრუქტორებმა ერთი კარგად უნდა გამოიძინონო, განაცხადა ვოლტემაიერმა. მან ასევე დაადასტურა საქართველოს პრეზიდენტის სიტყვები იმის შესახებ, რომ საქართველოში ჩამოსვლამდე ამერიკელი ინსტრუქტორები ქართულ ენას და ქართულ ტრადიციებს აქტიურად ეუფლებიან.

[რობერტ ვოლტემაიერის ხმა] "ჩვენ მართლაც ასეთი წესი გვაქვს, შევისწავლოთ იმ ხალხების ენა და წეს-ჩვეულებები, სადაც ჩავდივართ, რაც გვიადვილებს საქამიანობას და კარგი საშუალებაა ურთიერთგაგების მისაღწევად".

ამერიკული მხარე ასევე ადასტურებს, რომ პირველი ქვედანაყოფი, რომლის მომაზადებასაც "მწვენე ბერეტები" საშტაბო სწავლების დამთავრების შემდეგ დაიწყებენ ქართველი "კომანდოსები" იქნებიან. სხვათა შორის, საქართველოს სწარაფი რეაგირების ძალების ამ ელიტური ქვედანაყოფის სამხედროები, საერთაშორისო სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში, მეოთხე წელია იცავენ მშვიდობას კოსოვოში და, აქედან გამომდინარე, მათზე არჩევანი შემთხვევით არ შეჩერებულა. პროგრამის თანახმად, "კომანდოს" ბატალიონი ერთადერთი იქნება, რომელიც წვრთნის დამთავრების შემდეგ, მსუბუქი ცეცხლსასროლი იარაღის გარდა, ამერიკელებისგან სამხედრო შვეულმფრენსაც მიიღებს.

ამერიკელები ასევე არ მალავენ, რომ ინსტრუქტორების მიერ მომზადებული ქვედანაყოფების ერთ-ერთი ამოცანა ტერორიზმის საფრთხის აღკვეთა და პანკისის ხეობაში წესრიგის დამყარება უნდა გახდეს. მით უფრო, რომ არავისთვის სიახლეს არ წარმოადგენს, რომ ამერიკული სამხედრო დახმარების იდეა თავის დროზე, სწორედ, პანკისის ხეობაში შექმნილმა ვითარებამ წარმოშვა.

ეს წინაისტორია გასულ კვირას საქართველოში მყოფმა ამერიკის თავდაცვის მინისტრის თანაშემწემ, პოლკოვნიკმა ოთარ შალიკაშვილმაც გაიხსენა და განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება სავსებით მართებულად მოიქცა, როცა მოტივირებული უარი უთხრა რუსეთს პანკისის ხეობაში ერთობლივი ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარებაზე და დახმარებისთვის ამერიკის მთავრობას მიმართა. თავის მხრივ, ამერიკას არ დაუმალავს რუსეთისთვის, რომ აპირებს დახმარების გაწევას საქართველოსთვის, რომელიც ამ პროგრამის დასრულების შემდეგ თავად შეძლებს საკუთარი პრობლემების მოგვარებასო, დასძინა შალიკაშვილმა, რომელიც მრავალამნიშვნელოვნად აცხადებს, რომ:

[ოთარ შალიკაშვილის ხმა] "ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მთავრობაც და რუსეთის მთავრობაც პასუხიხმგებლობით მოეკიდება ამ წვრთნებს და, საერთოდ, ღმერთს შეხთხოვთ, რომ ყველა პასუხისმგებლობით მოეკიდოს ამ საკითხს."

როგორც არაერთხელ აღინიშნა, საქართველოს ხელისუფლებას, ამ პროგრამის განხორციელება, დიდი პასუხისმგებლობას აკისრებს - პირველ ყოვლისა, ეს ეხება იმ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებმაც ძირფესვიანად უნდა შეცვალონ არმიის დაკომპლექტების მოქმედი წესი. მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო ცვლილებათა საკითხი პარლამენტში მომხდარი "ხავერდოვანი გადატრიალების" გამო არავის მოუკითხავს, საქართველოს სამხედრო უწყებაში იმედოვნებენ, რომ ამერიკელი ინსტრუქტორების ჩამოსვლა, ქართველ კანონმდებელთა აქტიურობაზეც მოახდენს დადებითი ზეგავლენა.
XS
SM
MD
LG