Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტის მორიგი ბრძანებულება ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით


სოზარ სუბელიანი, თბილისი გაეროს მორიგი რეკომენდაციების პასუხად, საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ მორიგი ბრძანებულება გამოაქვეყნა, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვას ისახავს მიზნად.

როგორც ბრძანებულებაში, ისე პრეზიდენტის საპროგრამო სიტყვაში, ვრცლად არის მიმოხილული ის პრობლემები, რაც საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში დგას და ის ღონისძიებები, რომლებიც ქვეყანამ უნდა გაატაროს ადამიანის უფლებათა დაცვის გაუმჯობესების მიზნით. უფლებადაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ შევარდნაძის საკანონმდებლო ინიციატივა საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის თვალში ნაცრის შეყრის მორიგი მცდელობაა, რომლის მსგავსიც საქართველოს პრეზიდენტს არაერთხელ განუხორციელებია.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 18 და 19 მარტს გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში გაიმართა მოსმენა, თუ როგორ ასრულებს საქართველო იმ ვალდებულებებს, რომელთა შესრულებაც “ადამიანის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის” ხელმოწერის შემდეგ იტვირთა. გაეროს შესაბამისი კომიტეტის სხდომაზე საქართველოდან ორი მოხსენება იყო წარმოდგენილი – სახელმწიფო და ალტერნატიული, რომელიც სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ – “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის”, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცამ” და თავისუფლების ინსტიტუტმა” – მოამზადა.

გაეროს რეკომენდაციები უაღრესად მძაფრი და კრიტიკული აღმოჩნდა, რაც, ძირითადად, სწორედ ალტერნატიულმა, ანუ, როგორც მას პრეზიდენტმა შევარდნაძემ უწოდა, “ჩრდილოვანმა” მოხსენებამ გამოიწვია. რეკომენდაციებს, ჩვეულებისამებრ, პრეზიდენტის მორიგი ბრძანებულება მოჰყვა, რომელსაც 17 მაისს მოეწერა ხელი. პრეზიდენტის მოხსენებას, რომელიც ბრძანებულებასთან ერთად გამოქვეყნდა, მყვირალა სათაური აქვს – “ადამიანის უფლებათა დაცვა – ქართული სახელმწიფოს ძირითადი პრიორიტეტი”.

ბრძანებულების თანახმად, “ქართული სახელმწიფოს პრიორიტეტად” შემდეგი სფეროებია მიჩნეული:


წინასწარი დაკავებისა და თავისუფლების აღკვეთის ადგილებში პირთა წამების, ღირსების შემლახავი მოპყრობისა და დასჯის ფაქტების გამოვლენა-აღმოფხვრა და ამგვარ ქმედებებში მხილებულ პირთა პასუხისგებაში მიცემა;


დაკავების ნებისმიერ სტადიაზე დამცველისა და ექიმის მომსახურებით სარგებლობის უფლების რეალიზაცია;


დაკავებულთა დაუყოვნებელი ინფორმირება მათთვის კანონით მინიჭებული უფლებების შესახებ;


ქალთა მიმართ ძალადობისა და ქალებით ვაჭრობის ფაქტების გამოვლენა და თრეფიკინგის დანაშაულად გამოცხადება;


საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული “წამების” ცნების შესაბამისობაში მოყვანა საერთაშორისო კონვენციასთან “წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობისა და დასჯის წინააღმდეგ” და სისხლის სამართლის კოდექსში შესაბამისი ცვლილებების შეტანა;


კანონპროექტის მომზადება ეთნიკური ან რასობრივი შუღლის გაღვივების, მოქალაქეთა ეთნიკური ან რასობრივი კუთვნილების მიხედვით მათი უფლებების პირდაპირი ან არაპიდაპირი შეზღუდვის დანაშაულად აღიარებისა და ამ დანაშაულისთვის შესაბამისი სანქციების გათვალისწინების თაობაზე სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ და სხვა.

ჩამონათვალი ზემოთქმულით არ ამოიწურება, თუმცა, უფლებადაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების აზრით, ყოველი მსგავსი ბრძანებულება ერთადერთი მიზნით – საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის თვალის ასახვევად – კეთდება. “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” გამგეობის წევრის, თინათინ ხიდაშელის, თქმით, პრეზიდენტი ამ მიზნით ყოველწლიურად “აცხობს” ანალოგიურ ბრძანებულებებს: [თინათინ ხიდაშელის ხმა] “ასეთი ბრძანებულებები გამოდიოდა ყოველ წელს: შარშანაც, შარშანწინაც. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის გამოქვეყნებისთანავე პრეზიდენტმა გამოსცა ბრძანებულება, ზუსტად იმავე სახელწოდებით – “ადამიანის უფლებათა განსაკუთრებული ღონისძიებების შესახებ”, რომელსაც მერე, გამოცემიდან 1 წლის თავზე, აუქმებდა ხოლმე. შარშანდელი ბრძანებულება წელს, 18 იანვარს, გაუქმდა “ღონისძიებების შესრულების გამო”. ყველა ბრძანებულების ტექსტი, როგორც წესი, ერთი და იგივეა…”[სტილი დაცულია]

ბრძანებულებები არა მხოლოდ შინაარსით იმეორებენ ერთმანეთს, არამედ მათში მითითებული ვადებიც წვეთი წყალივით ჰგავს ერთმანეთს, ისევე, როგორც ამ ბრძანებულებებით მიღწეული შედეგი:

[თინათინ ხიდაშელის ხმა] “აბსოლუტურად ასეთი ვადები იყო მითითებული ყველა ბრძანებულებაში, თავისი გვარებით, პასუხისმგებელი პირებით… ჩვენ, როდესაც ვნახეთ გაუქმების ბრძანებულება, კანცელარიიდან გამოვითხოვეთ მთელი ინფორმაცია, თუ რა შესრულდა სინამდვილეში და მერე რატომ გააუქმეს. ამ საქმეში მასალების მთელი ტომები არსებობს, რომლებიც პროკურატურიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროდან, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროდან და სხვა უწყებებიდან გაიგზავნა კანცელარიაში. აბსოლუტურად კურიოზული მასალებია. მაგალითად, პროკურატურის დასკვნა, დაახლოებით, 40 გვერდს მოიცავს. მასში საუბარია ყველა იმ გახმაურებულ საქმეზე, რომელთაც შარშან პრესა, ტელევიზია და არასამთავრობო ორგანიზაციები ახსენებდნენ. არც ერთ შემთხვევაში პროკურატურამ არ აღიარა არც ერთი ფაქტი და ყველა შემთხვევაზე დაწერა, რომ ეს იყო ან მონაჭორი, ან ვიღაცის ფანტაზიის ნაყოფი, მაგრამ ბოლოს დასკვნა გაკეთებული აქვს, რომ სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ ადამიანის უფლებები ირღვევაო, მაგრამ რატომ აღიარეს, ეს გაუგებარი იყო.”[სტილი დაცულია]

“თავისუფლების ინსტიტუტის” წევრი დავით ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტ შევარდნაძის საქციელს ერთადერთი ანალოგია მახლობელ აღმოსავლეთში შეიძლება მოეძებნოს. ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუებში პალესტინის ლიდერი იასირ არაფატი ზუსტად შევარდნაძის მსგავს განცხადებებს აკეთებს იმის შესახებ, თუ როგორ გმობს ტერორიზმს: [დავით ზურაბიშვილის ხმა] “აი, დაახლოებით, იგივეა: “პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის” წევრები და არაფატის სტრუქტურების წარმომადგენლები მიდიოდნენ და თავს იფეთქებდნენ და აწყობდნენ ტერაქტებს, ამ დროს იასირ არაფატი გამოდიოდა და ხმამაღლა გმობდა ამ ტერაქტებს, ხოლო სახლში რას ლაპარაკობდა, ამას ვერავინ შეამოწმებს. ზუსტად იგივე სიტუაციაა აქაც: შევარდნაძე სულ ამბობს, რომ გმობს ადამიანის უფლებების დარღვევებს, მაგრამ ყველა მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურა, ვისაც უშუალოდ მოეკითხება ამაზე პასუხი, არათუ გმობს, პირიქით, ხელს უწყობს ადამიანის უფლებების დარღვევას. სწორედ მათი უშუალო ხელდასხმით ხდება რელიგიური ექსტრემიზმის ფაქტები. ასე რომ, მის ლაპარაკს, როგორც იტყვიან, დღეს არავინ “ჭამს”…

იმ ფონზე, როდესაც იუსტიციის სამინისტრო, პრეზიდენტის დავალებით, ამუშავებს კანონპროექტს, რომელიც კიდევ უფრო შეზღუდავს სიტყვისა და პრესის თავისუფლებას, ცოტა არ იყოს, ირონიულად ჟღერს პრეზიდენტის შემდეგი სიტყვები: “ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში სერიოზულ მონაწილეობას იღებს “მეოთხე ხელისუფლება” – მასმედია, რაც სიტყვის თავისუფლების ერთ-ერთი თვალსაჩინო გამოვლინებაა”. ამგვარი ირონიის შემდეგ პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ პრესა პოზიტიური მომენტების დანახვასა და გაშუქებასაც შეძლებს: “იმედი მაქვს, ჩვენი მასმედია კვლავაც შეიტანს თავის წვლილს ამ პროცესების გაშუქებაში, ამასთან, დაინახავს არა მხოლოდ ნეგატიურ მომენტებს, არამედ პოზიტიურ ძვრებსაც.”

პრეზიდენტის სურვილის მიუხედავად, არასამთავრობო სექტორი ამ “პოზიტიური ძვრების” დანახვას ჯერჯერობით ვერ ახერხებს: [დავით ზურაბიშვილის ხმა] “აი, რა არის ეს პოზიტიური და რა უნდა დავინახოთ, ძალიან მაინტერესებს”.

მოხსენებაში პრეზიდენტი სამოქალაქო სექტორის გააქტიურებითაც იწონებს თავს, იმ სექტორის, რომელიც, პერიოდულად, ლამისაა ტერორიზმის მხარდამჭერად და მებაირახტრედ გამოაცხადოს ხოლმე. მოხსენებაში ნათქვამია: “ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის სფეროში სულ უფრო მზარდ როლს ასრულებენ არასამთავრობო ორგანიზაციები – ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოების ქვაკუთხედი. სამთავრობო და არასამთავრობო სექტორების თანამშრომლობა, რომლის ბევრი მაგალითი უკვე არსებობს, დიდად შეუწყობს ხელს საქართველოში უფლებადაცვითი გარანტიების განმტკიცებას, საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმების ამუშავებას, კანონის უზენაესობის დამკვიდრებას.”

მიუხედავად ამისა, რამდენიმე აბზაცის შემდეგ პრეზიდენტის შინაგანი განწყობა მაინც იჩენს თავს: “საგულისხმოა, რომ საქართველოს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტს წარუდგინა ალტერნატიული, ე.წ. “ჩრდილოვანი”, მოხსენება საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ”. [დავით ზურაბიშვილის ხმა] “ჩრდილოვანი ეკონომიკა გამიგია, ჩრდილოვანი კაბინეტიც გამიგია, ჩრდილოვანი მოხსენება რა უბედურებაა, არ ვიცი. დამალული არ ყოფილა, დაფარული არ ყოფილა, რატომაა ჩრდილოვანი? მრავალწლიანმა პრაქტიკამ დაარწმუნა საერთაშორისო სტრუქტურები, რომ არასამთავრობო სექტორიდან მიწოდებული ინოფრმაცია გაცილებით სანდო და ობიექტურია, ვიდრე ხელისუფლებიდან მიღებული. ბუნებრივია, რომ ხელისუფლება ცდილობს, შეალამაზოს ყველაფერი და ცდილობს ისე წარმოაჩინოს, თითქოს ჩვენთან, კაცო, რაზეა ლაპარაკი… კი, არის რაღაც პრობლემები, მაგრამ, ძირითადად, ყველაფერი კარგად მიდის და პრეზიდენტი არის ამ ყველაფერი კარგის გარანტი. მაგრამ, საბოლოოდ, ეს არ გამოდის და პრეზიდენტმა რაც არ უნდა ილაპარაკოს, “საქმენი მისნი” ლაპარაკობენ მის შესახებ გაცილებით უკეთ”.

ხოლო რასაც “საქმენი მისნი” ლაპარაკობენ, თუნდაც იმ აჟიოტაჟიდან ჩანს, რაც ბოლო დროს არასამთავრობო სექტორის შეზღუდვის მიზნით წამოიწყო პრეზიდენტმა და მისმა გარემოცვამ.
XS
SM
MD
LG