Accessibility links

logo-print

რელიგიის თავისუფლება ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში (ნაწილი II)


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა ყოფილი საბჭოთა კავშირისა და ცენტრალური ევროპის ქვეყნების უმრავლესობათა კონსტიტუცია

რელიგიის თავისუფლებას ითვალისწინებს. მაგრამ ბევრგან ხელისუფლება, ქვეყანაში დამკვიდრებულ რელიგიურ ორგანიზაციებთან ერთად, ყველა ხერხით ცდილობს, შეავიწროვოს არატრადიციული რელიგიური ჯგუფები, რომლებიც განსაკუთრებით მომრავლდნენ კომუნიზმის დაცემის შემდეგ.

წინა გადაცემაში გესაუბრეთ ადგილობრივი ხელისუფლებების დამოკიდებულების შესახებ არატრადიციული რელიგიური ჯგუფებისადმი. დღეს საკითხს თვით ამ ჯგუფების ლიდერების თვალთახედვიდან განვიხილავთ.

ცენტრალური ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები მისიონერებისთვის ერთ დროს მეტად სახარბიელო ტერიტორიებად გამოიყურებოდა, მაგრამ გამოირკვა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მათ საქმიანობას მეტისმეტად აგრესიულად და ადგილობრივი კულტურული ტრადიციებისთვის საზიანოდ მიიჩნევს. ბევრგან აკრძალულია ამ ჯგუფების, როგორც ოფიციალური რელიგიური ორგანიზაციების რეგისტრაცია. ზოგან მისიონერებს სცემენ და აპატიმრებენ კიდევაც.

იმ ჯგუფების ოფიციალურმა წარმომადგენლებმა, რომლებიც ძირითადად შეერთებულ შტატებშია დამკვიდრებული, ჩვენს რადიოსთან საუბარში აღნიშნეს, რომ თითქმის ყველგან რელიგიის თავისუფლება კონსტიტუციით არის დაშვებული, და მიუხედავად იმისა, რომ მათ აშფოთებთ მისიონერების მიმართ არაკეთილგანწყობილი დამოკიდებულებისა, ისინი იქიდან გაცლას.არ აპირებენ.

ჯონ გრაცი არის მეშვიდე დღის ადვენტისტების ეკლესიის პრესმდივანი და რელიგიურ თავისუფლებათა საერთაშორისო ასოციაციის გენერალური დირექტორი. (ეს ასოციაცია თავის ჭერქვეშ აერთიანებს რელიგიური ჯგუფების ფართო სპექტრს). მან ჩვენს რადიოს უთხრა, რომ დასავლელ მისიონერებს აშფოთებთ, რომ ყოფილ საბჭოთა კავშირში, განსაკუთრებით რუსეთში, მიღებულია რელიგიის კლასიფიკაცია – ტრადიციულ და არატრადიციულ რელიგიად.

“თუ თქვენ გაქვთ რელიგიის თავისუფლება, რელიგიის თავისუფლება ყველასთვის ერთი უნდა იყოს”, ამბობს გრაცი.

მიუხედავად ამისა, ამბობს ის, მეშვიდე დღის ადვენტისტების ეკლესიას (მისი ცენტრი მერილენდის შტატშია) ამჟამად რუსეთში დაახლოებით 100 ათასი მიმდევარი ჰყავს. მოსკოვსა და ტულაში ამ ეკლესიამ დააარსა საგანმანათლებლო ქსელი, გამომცემლობა და მაუწყებლობა. გრაცის თქმით, სიძნელეებს, უმთავრესად, ადგილობრივ დონეზე ხდება. ეს შეიძლება იყოს მისიონერების დევნა, ან წირვის ჩაშლა.

ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და ყველაზე სადაო არატრადიციული რელიგია არის იეჰოვას მოწმეეთა მიმდინარეობა. 1991 წელს, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა, მის მიმდევართა რიცხვი 49 ათასი იყო. შარშან ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში იეჰოველთა რიცხვმა 300 ათასს მიაღწია. ამ ეკლესიას ხელისულება ბევრგან ალმაცერად უყურებს.

მაგალითად, თურქმენეთში, ქვეყანაში, რომელიც, ადამიანის უფლებათა თვალსაზრისით, შუა აზიის ქვეყნებიდან ყველაზე რეპრესიულია, იეჰოვას მოწმეებს მათი მრწამსის ქადაგებისა და რელიგიური ლიტერატურის გავრცელებისთვის პატიმრობა ელის. ამ ეკლესიის ზოგიერთი მიმდევარი შრომა-გასწორებით ბანაკებშიც კი გაგზავნეს.

იეჰოვას მოწმეები სომხეთშიც აღმოჩდნენ შრომა-გასწორებით ბანკებში სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო, თუმცა სომხეთის მთავრობამ პირობა დადო, რომ მიიღებს ალტერნატიული სამსახურის კანონს.

საქართველოში ბოლო ორი წლის განმავლობაში იეჰოვას მოწმეებს 80-ჯერ დაესხა თავს ბრბო.

რუსეთში, მათ თითქმის ყველგან აქვთ თავისუფლად თავშეყრისა და ქადაგების უფლება, მაგრამ მოსკოვში, სადაც ამ ეკლესიის 10 ათასამდე მიმდევარი ცხოვრობს, ქალაქის ხელისუფლება ცდილობს მათი თავშეყრების აკრძალვას და საქმე ხშირად სასამართლოში ირჩევა.

იეჰოვას მოწმეთა რელიგიური მიმდინარეობა დაარსდა შეერთებულ შტატებში 1872 წელს და ამჟამად მსოფლიოში დაახლოებით 6 მილიონი მიმდევარი ჰყავს. მისი პუბლიკაციები ათობით ენაზეა ნათარგმნი. მაგრამ მისი საქმიანობა არც შეერთებულ შტატებშია უღრუბლო.

ისინი უარს ამბობენ სამხედრო სამსახურზე, არ სცნობენ სახელწიფო დროშას, უარს ამბობენ სეკულარულ მთავრობაში მუშაობაზე – ყველაფერი ეს, პლიუს კარდაკარ სიარული მიმდევრების მიზიდვისთვის, გაღიზიანებას იწვევს. მეოცე საუკუნის შუაში შეერთებული შტატების უზენაეს სასამართლოში იეჰოვას მოწმეთა წინააღმდეგ ირჩეოდა რამდენიმე ათეული საქმე, რომელთა უმეტესობაში იეჰოველებმა გაიმარჯვეს.

იეჰოვას მოწმეთა ეკლესიის წარმომადგენელების თქმით, ისინი არ ისწრაფიან მთავრობასთან კონფრონტაციისკენ. მიზანია მხოლოდ მათი რწმენის სხვებისთვის გაზიარება. მათ სჯერათ, რომ ბიბლიის მესიჯი დაეხმარება ადამიანებს სიდუხჭირით ან სხვა პრობლემებით გამოწვეულ დეპრესიასთან გამკლავებაში.

სხვა ეკლესიები აგრეთვე ლაპარაკობენ როგორც ჰუმანიტარულ ისე სულიერ ასპექტზე.

რომის კათოლიკეების მერინოლის მისიონერთა ორდენი (მას ბინა ნიუ იორკის გარეუბანში უდევს) ცდილობს კომუნიზმის მიერ გაწყვეტილი სულიერი კავშირების აღდგენას. ის აგზავნის მისიონერებს ციმბირში, ხაბაროვსკის მხარეში და შორეულ აღმოსავლეთში სახალინის კუნძულზე და ცდილობს მოაქციოს კათოლიკური ფესვების მქონე ერთი მილიონი ადამიანი, რომელთაგანაც მრავალი სტალინისტურ პერიოდში გადასახლებული უკრაინელი, ბელარუსი, პოლონელი და ლიტველია.

მღვდელი ჯერემია ბური ამბობს, რომ მისია, რომელიც ხუთი წლის წინ დაარსდა, ცდილობს არ მიიპყროს ზედმეტი ყურადღება, არ ეძებს რუს მართლმადიდებლებს შორის მიმდევრებს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ადგილობრივი ხელისუფლება მაინც ცდილობს ხელის შეშლას.
[ბურის ხმა] “ამოწმებენ თქვენ დოკუმენტებს, ქაღალდებს, საბანკო გადარიცხვებს და სხვა მისთანას. ეს ძალიან რთული, თითქმის გაუთავებელი ბიუროკრატიული პროცესია. ისე, რომ ამ მხრივ, სულაც არ არის კეთილგანწყობილი ატმოსფერო.”

ბური ამბობს, რომ მისიონერები ეხმარებიან ობლებს და სხვა გაჭირვებულებს და მათ საქმიანობას დიდად აფასებენ რუსეთის რიგითი მოქალაქეეჰი.
[ბურის ხმა] “ აქ უამრავი სოციალური პრობლემაა და მერინოლის მისიონერები…აკეთებენ ყველაფერს რაც შეუძლიათ. ეს ისე კი არ არის, რომ მოდი ჩვენ გაგიკეთებთ ამას და თქვენ კათოლიკეები გახდით. მისიონერები ეხმარებიან მხოლოდ იმათ, ვისაც ეს მართლაც სჭირდება.”

მაგრამ მიუხედავად ასეთი მოკრძალებული მოქმედებისა, რუსი მართლმადიდებლები უარყოფითად უყურებენ კათოლიკეების საქმიანობას რუსეთში. მარტში, ნოვოსიბირსკში კათოლიკური საკათედრო ტაძრის წინ მოეწყო დემონსტრაცია, რომელშიც დაახლოებით 250 ადამიანი იღებდა მონწილეობას.

მათი თქმით, ვატიკანის გადაწყვეტილება, დაარსოს რუსეთში ოთხი კათოლიკური საპატრიარქო, რაც ადრე არსებულ ადმინისტრაციულ ერთეულთა რიცხვს, აღემატება, უარყოფითი მოვლენაა.

მარტში, ვატიკანის მოქმედებების საპასუხოდ რუსეთის ხელისუფლებამ ორ კათოლიკე სასულიერო პირს – პოლნელ ეპისკოპოსსა და იტალიელ მღვდელს, აუკრძალა რუსეთში შესვლა, მიუხედავად იმისა, რომ ორივეს ჰქონდა ვიზა.

პოლონეთში, ძირითადად კათოლიკურ ქვეყანაში, რუსეთის ელჩს ვარშავაში განმარტება მოსთხოვეს. საჯაროდ არავითარი განმარტება არ ყოფილა გაკეთებული.

რუსეთის მართლმადიდებელი პატრიარქი ალექსი მეორე კატეგორიულად ეწინააღმდეგება რომის პაპის იოანე პავლე მეორის ვიზიტს რუსეთში და დიდი ხანია ადანაშაულებს კათოლიკურ ეკლესიას იმაში, რომ ის რუსეთში თავისი გავლენის გაფართოებას ცდილობს.
XS
SM
MD
LG