Accessibility links

logo-print

პანკისისა და კოდორის ხეობები ისევ ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა


თამარ ჩიქოვანი, თბილისი საარჩევნო კამპანიის დაძაბულობის ფონზე მხოლოდ ექსტრაორდინარულმა მოვლენამ თუ შეიძლება დაჩრდილოს პარტიათა აქტიურობა და ახალი ამბების რიგში პირველობა დაისაკუთროს.

საქართველოს უშიშროების მინისტრ ვალერი ხაბურძანიას განცხადება იმის თაობაზე, რომ პანკისის ხეობაში 700-მდე შეიარაღებული პირი იმყოფება, სწორედ ასეთ ექსრტაორდინარულ ახალ ამბად იქცა.

ის, რომ, თოვლის დნობასთან ერთად, პანკისის ხეობის თემა კიდევ უფრო აქტუალური გახდებოდა, თავიდანვე ცხადი გახლდათ. ამჯერად პანკისის ხეობის პრობლემა საზოგადოებას შეახსენა უშიშროების მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ, რომელმაც “ასოშეიტენ პრესს” განუცხადა, რომ პანკისის ხეობას 100-მდე არაბი და 800 ჩეჩენი მებრძოლი აფარებს თავს. შეიარაღებულ პირთა ეს ჯგუფი, უშიშროების მინისტრის ცნობით, საქართველო-რუსეთის საზღვარზე თავისუფლად გადაადგილდება. საქართველოს ხელისუფლების შეთავაზება, იარაღი ჩააბარონ ან დატოვონ ქვეყნის ტერიტორია, ჯერჯერობით რეაგირების გარეშე რჩება.
21 მაისს სააგენტო “კავკაზ-პრესის” მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პანკისში მყოფი მებრძოლები საქართველოს ტერიტორიის დატოვებას ცდილობენ, თუმცა - წარუმატებლად. 21 მაისს აიტუმ-კალინსკის სასაზღვრო საგუშაგოსთან რუსმა მესაზღვრეებმა აღკვეთეს 20 კაციანი ჯგუფის საქართველოდან რუსეთის ტერიტორიაზე გადასვლის მცდელობა. ჩრდილოეთ კავკასიის გაერთიანებული ქვედანაყოფის ინფორმაციით, დამატებითი ძალების გამოძახების შემდეგ შეიარაღებულმა პირებმა უკან დაიხიეს და კვლავ საქართველოს ტერიტორიაზე დაბრუნდნენ.
ქართული მხარის ვარაუდით, ჩეჩენი და არაბი მებრძოლები თავს პანკისის ხეობის მაღალმთიან საზაფხულო საძოვრებს აფარებენ და საკმაოდ მშვიდად იქცევიან. ყოველ შემთხვევაში, როგორც საინფორმაციო სააგენტო “პრაიმ-ნიუსს” განუცხადა ახმეტის რაიონის პოლიციის უფროსმა ავთანდილ თურქიაშვილმა, ეს პირები კრიმინალები არ არიან, ძარცვით დაკავებულნი არ არიან და ახმეტის რაიონის პოლიციას პრობლემებს არ უქმნიან. მისივე ინფორმაციით, ამ ჯგუფებში საქართველოს ტერიტორიის დასატოვებლად მზადება შეინიშნება.
საქართველოს უშიშროების სამინიტრო აცხადებს, რომ პანკისის ხეობაში შენიშნული გადაადგილების შესახებ იგი საქმის კურსში აყენებს რუსეთის მხარეს, თუმცა, ისევ და ისევ აიტუმ-კალინსკის სასაზღვრო საგუშაგოსთან 21 მაისს მომხდარ შეტაკებას თუ გავითვალისწინებთ, რუსულ მხარეს მეტად საინტერესო ტაქტიკა აქვს არჩეული: იგი ჩეჩენ მებრძოლებს ისევ საქართველოს ტერიტორიისკენ უბიძგებს, რაც პრობლემის მოგვარებას, საეჭვოა, ხელს უწყობდეს.
კავკასიის ხალხთან ურთიერთობების საკითხებში დამოუკიდებელი ექსპერტი მამუკა არეშიძე ვარაუდობს, რომ პანკისში სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბება. სააგენტო “პრაიმ-ნიუსთან” საუბარში მან განაცხადა, რომ რამდენიმე ქვეყნის სპეცსამსახური ხეობაში სერიოზულად მუშაობს იქაური სიტუაციის გასამძაფრებლად. ამის მაგალითად მას მოჰყავს გასულ კვირას სოფელ დუისში რამდენიმე ათეული ადამიანის მიერ, პანკისის ხეობისთვის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით, მიტინგის ჩატარების მცდელობა. საბედნიეროდ, ამ მოთხოვნამ ადგილობრივ მოსახლეობასა და ჩეჩნეთიდან დევნილებში მხარდაჭერა ვერ პოვა, – აცხადებს მამუკა არეშიძე და ვითარების დესტაბილიზაციის სხვა მცდელობებსაც არ გამორიცხავს.
21 მაისს სიტუაციის ადგილზე გასაცნობად მეორე ცხელ წერტილში - კოდორის ხეობაში - იმყოფებოდა პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე. როგორც ცნობილია, რუსებისა და აფხაზების “ერთობლივი” ოპერაციების შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობის სოლიდურმა ნაწილმა ხეობა დატოვა და თავი თბილისს შეაფარა. ნინო ბურჯანაძემ დარჩენილ კოდორელებს აღუთქვა, რომ ხელისუფლება ყველაფერს იღონებს მათი უსაფრთხოების დასაცავად.
XS
SM
MD
LG