Accessibility links

logo-print

ზურაბ ჟვანიამ გამოაცხადა, რომ ბრძოლას იწყებს შევარდნაძის ხელისუფლების წინააღმდეგ


20 მაისს თბილისის საოლქო სასამართლოში განცდილი მარცხის შემდეგ ზურაბ ჟვანიამ, თავის გუნდთან ერთად, საბოლოოდ გადაწყვიტა ახალ პოლიტიკურ პარტიაში ემიგრირება.

21 მაისს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ საკანონმდებლო ორგანოს ეზოში გამართა პრესკონფერენცია, რომელზეც წაგებული სასამართლო პროცესები შეაფასა როგორც თავისი გუნდის გამარჯვება და განაცხადა, რომ იწყებს ბრძოლას შევარდნაძის ხელისუფლების წინააღმდეგ.

მცირერიცხოვან ზვიადისტურ ქრისტიან-კონსერვატიულ პარტიაში ემიგრირების შემდეგ, ელექტორატის შესანარჩუნებლად თუ მოსაპოვებლად, ზურაბ ჟვანია იძულებულია „აგრესიული საარჩევნო კამპანია“ აწარმოოს და, თავის თანამებრძოლ ნაციონალისტ მიხეილ სააკაშვილის მსგავსად, ყველა და ყველაფერი აკრიტიკოს. 21 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ აბსურდული და უკანონო უწოდა იმ სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის რეფორმირებით თავს იწონებდნენ თავად ჟვანიაც და სააკაშვილიც. როგორც კი სასამართლო ხელისუფლებამ რეფორმატორ პოლიტიკოსად ცნობილი ჟვანიასათვის არასასურველი განაჩენი გამოიტანა, ანუ მას მოქალაქეთა კავშირის მართვის იურიდიული ბერკეტები ჩამოერთვა, იმწამსვე რეფორმირებული სასამართლო შევარდნაძის სატელეფონო სამართლის რეალიზების მანქანად იქცა.

[ჟვანიას ხმა] „შევარდნაძის ხელისუფლებას ჰგონია, რომ გუშინ მათმა მამალაძეებმა და ამგვარმა პიროვნებებმა გაიმარჯვეს, ეს ტყუილია. გუშინ გავიმარჯვეთ ჩვენ, ვინაიდან დღეს მთელი საზოგადოებისათვის არის ნათელი და დამატებითი ახსნა აღარავის სჭირდება იმასთან დაკავშირებით, თუ რის გამო დავტოვეთ ჩვენ და გავემიჯნეთ საბოლოოდ და მთლიანად ამ გახრწნილ კორუმპირებულ ხელისუფლებას..“

თუმცა ზურაბ ჟვანიამ შევარდნაძესთან სიახლოვის შესანარჩუნებლად ძალ-ღონე არ დაიშურა და ორიოდე კვირის წინ იმდენი კონსულტაცია გამართა პრეზიდენტთან, რომ, შევარდნაძის მოწყალების მოლოდინში, მისი გუნდი ლამის ადგილობრივი არჩევნების მიღმა დარჩა. ჟვანიას ერთგულ მომხრეებს დღემდე ვერ გაუგიათ, თუ რის შესახებ საუბრობდნენ ბოლო დროს გახშირებულ შეხვედრებზე პრეზიდენტი და ერთ დროს მისი ფავორიტი ზურაბ ჟვანია.

[ჟვანიას ხმა] „პრეზიდენტი შევარდნაძე ცდილობს დაამკვიდროს აზრი, რომ მამალაძეებს, ხელისუფლებასთან დაახლოებულ კრიმინალებს, ნომენკლატურასთან შერწყმულ ოლიგარქებს აქვთ ყველაფრის უფლება ამ ქვეყანაში. მათ აქვთ უფლება, რომ გათელონ ყოველგვარი კანონი, კონსტიტუცია და წაართვან ათასობით ადამიანს უმთავრესი თავისუფლება - თავისუფლება, რომ ჰქონდეთ არჩევანის გაკეთების უფლება; მათ სურთ დაამკვიდრონ ის აზრი, რომ ამ ქვეყანაში არის ერთადერთი კანონი - ძალადობის, ფულის, ძალმომრეობის კანონი. დღეს ჩვენ ვდგავართ თქვენ წინაშე, რათა განვაცხადოთ, რომ ჩვენ ამას არ დავუშვებთ.“

ეს - დღეს, თორემ წინა არჩევნებზე მოქალაქეთა კავშირი საპარლამენტო უმრავლესობაში, ჟვანიას გუნდის ხელშეწყობით, სწორედ იმ მეთოდებით დამკვიდრდა, რომელთან ბრძოლის დაწყებასაც ახლა ჟვანია გეგმავს.

მაშინ ათასობით ამომრჩევლის ხმა, უბრალოდ, უგულებელყოფილ იქნა. ამის დასტურად, ლეიბორისტული პარტიის ამბავს შეგახსენებთ: შალვა ნათელაშვილის ქულებით რომ სხვებმა იხეირეს, ეს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დაადასტურა და ლეიბორისტულ პარტიას წართმეული 5 ათასამდე საარჩევნო ხმა დაუბრუნა. მაშინ თურმე ყველაფერი დემოკრატიის ფარგლებში ხდებოდა და მხოლოდ ახლა დაიქცა ქვეყანა, როცა ჟვანია ოპოზიციაში აღმოჩნდა.

[ჟვანიას ხმა] „ჩვენი აქ მოსვლა - ეს არის პროტესტი. ჩვენ სპეციალურად მოვედით იმ ადგილას, სადაც პრეზიდენტი შევარდნაძე 2 -ჯერ დებდა ფიცს კონსტიტუციის ერთგულებაზე, რომ აქედან განვაცხადოთ: მისმა ხელისუფლებამ გათელა ფეხქვეშ არამცთუ მხოლოდ კონსტიტუცია, ყველაზე მთავარი პრინციპები, რასაც ეფუძნება კონსტიტუციონალიზმის მცნება ჩვენს ქვეყანაში და მთელს მსოფლიოში.“

პარლამენტის ეზოშივე საკანონმდებლო ორგანოს ყოფილმა თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, შევარდნაძის ხელისუფლებისაგან შეურაცხყოფილ ძალებთან ერთად, დემოკრატიული ფრონტის დროშით გააგრძელებს ბრძოლას.
XS
SM
MD
LG