Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო პრემია ”სიმამაცის ხმების” წლევანდელი ლაურეატები


დღეს გიამბობთ ორ ქალზე, რომელთაც ბოსნია-ჰერცეგოვინაში

ჰუმანიტარული ძალისხმევისათვის პრემია - ”სიმამაცის ხმები” მიენიჭათ. ამ ჯილდოს 1992 წლიდან გასცემს ნიუ-იორკში დაფუძნებული ორგანიზაცია ”ქალთა კომისია ლტოლვილი ქალებისა და ბავშვებისათვის”.


ბოსნიაში 1992-96 წლების ომის დროს სტანოიკა ავრამოვიჩი, რომელიც პოდრინიეს რეგიონის მკვიდრია, ძალადობის ურიცხვი ფაქტის მოწმე გახდა: [ავრამოვიჩის ხმა] ”ომის დროს ყველაზე მძიმე ასატანი უსამართლობა იყო. უსამართლობა, რომლის ატანა ბოსნიაში სამივე ხალხს უხდებოდა. ჩვენს პატარა ქალაქში სერბები, რომელთაც დემოკრატიული პრინციპები არ გააჩნიდათ, გენოციდში მონაწილეობდნენ, მეორე მხრივ უდანაშაულო არც მუსლიმანები და არც ხორვატები იყვნენ.”

თვით ავრამოვიჩი ბოსნიელი სერბია, ხოლო ზეინება სარაილიჩი, რომელსაც ავრამოვიჩთან ერთად მიენიჭა პრემია – ”სიმამაცის ხმები”- ბოსნიელი მუსლიმანი. როგორც ნიუ-იორკიდან რადიო ”თავისუფალი ევროპა”/რადიო ”თავისუფლების” კორესპონდენტი, ნიკოლა კრასტევი იუწყება, დაჯილდოვების ცერემონიაზე ზეინება სარაილიჩმაც უპასუხა შეკითხვას, რა იყო ომის დროს ყველაზე ძნელი ასატანი: [სარაილიჩის ხმა] ”ომის დროს ყველაზე დიდი საშინელება იყო ის, რომ შინიდან გაგვაძევეს. მე სახლ-კარი მიმატოვებინეს. მომდევნო დღეს ქმარი მომიკლეს ბრატუნაჩთან. შვილი საკონცენტრაციო ბანაკში ჩამისვეს. გაგვყარეს ტუზლიდან. ცხადია, აღარაფერი გვებადა – ტანისამოსის ამარა დავრჩით, კაპიკი ფული არ გვქონდა. ყველაფერს უნდა გამოვთხოვებოდი – ქმარს,შვილს, დავკარგე ყველაფერი, რისთვისაც მე და ჩემმა ქმარმა 32 წელი ვიშრომეთ. ყველაფერი ნულიდან უნდა დამეწყო, გამომენახა გზა შვილების გამოსაკვებად.”

1993 წელს ზეინება სარაილიჩმა თანამოაზრეებთან ერთად დააარსა ორგანიზაცია ”პოდრინიელი ქალები”, რათა ჰუმანიტარული დახმარება მიეწოდებინა იძულებით გადაადგილებული ქალებისა და ბავშვებისათვის, აგრეთვე მათი მამების, ძმების, ქმრებისა და ვაჟიშვილებისათვის, რომლებიც ბოსნიის არმიაში მსახურობდნენ. ხოლო გასული წლის მაისში ზეინება სარაილიჩმა და სტანოიკა ავრამოვიჩმა ორგანიზაცია ”პოდრინიელი ქალების” ადგილობრივი ბიურო გახსნეს ქალაქ ბრატუნაჩში. მალე ეს ბიურო სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლების შეხვედრის, ომით გაღვივებული მტრობის აღმოფხვრის ადგილად იქცა.

ავრამოვიჩმა და სარაილიჩმა, რომელთაც ეთნიკური სხვაობის მიუხედავად, დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს, დიდი სამუშაო გასწიეს თანაქალაქელების შესარიგებლად: [ავრამოვიჩის ხმა] ”ვფიქრობ, ამის კეთება საჭიროა, ეს არის საუკეთესო გამოსავალი. ასე რომ არ იყოს, ამ საქმეს არ გავაკეთებდით. ორგანიზაციის ”პოდრინიელი ქალები” წევრები ვცდილობთ, შევარიგოთ ჩვენს რეგიონში მცხოვრები ადამიანები. როცა ამ საქმის კეთებას შევუდექით, ადამიანები ემიგრაციიდან შინ ბრუნდებოდნენ. და შარშან გაეროს ლტოლვილთა სააგენტოდან მივიღეთ მომცრო გრანტი ტუზლაში, რამაც შესაძლებლობა მოგვცა, დავხმარებოდით შინ დაბრუნების მსურველ რამდენიმე ოჯახს. იმის გამო, რომ ჩვენი რესურსები მეტად შეზღუდულია, სხვების დახმარების გარეშე ჩვენი სურვილები და გეგმები, უბრალოდ, ქაღალდზე დარჩებოდა.”

მაგრამ ”პოდრინიელი ქალების” საქმიანობა არა მარტო სასარგებლო, არამედ სახიფათოც არის. ზეინება სარაილიჩის თქმით, მას და ავრამოვიჩს არაერთხელ დამუქრებიან ადამიანები, ვინც მათ მოღვაწეობას ბოსნია-ჰერცეგოვინისთვის საზიანოდ მიიჩნევს, თუმცა, მოწინააღმდეგეებზე მეტი მხარდამჭერები არიან. როგორც ზეინება სარაილიჩმა ნიუ-იორკში დაჯილდოვების ცერემონიაზე თქვა: [სარაილიჩის ხმა] ”ბოსნიაში ორი მთავრობა გვყავს – მუსლიმანურ-ხორვატიული ფედერაციის მთავრობა და რეპუბლიკა სრპსკას მთავრობა. რეპუბლიკა სრპსკას ლიდერები არიან ის ადამიანები, რომელთაც ომის დაწყების პასუხისმგებლობა ეკისრება. ამიტომ მე და ჩემი მეგობარი სტანოიკა იქ არ ვუყვარვართ –ჩვენ ხომ სულ სხვა მიზანს ვემსახურებით. მიჭირს თქმა, რას ვგრძნობ ახლა (დაჯილდოვების ცერემონიაზე), ძალიან ბედნიერი ვარ. ეს ჩვენი ძალისხმევის აღიარებაა.”

ორგანიზაციის ”ქალთა კომისია ლტოლვილი ქალებისა და ბავშვებისათვის” აღიარება წლეულს წილად ხვდა კიდევ ორ ქალს, რომელთაც ბოსნიაზე კიდევ უფრო რთულ გარემოში მუშაობა უხდებათ: ბუშრა ჯავაბრი პალესტინელია, ხოლო იულია რესნიცკი – რუსეთიდან ჩასული ისრაელის მოქალაქე. მათი მიზანია, არ შეწყდეს კონტაქტი დაპირისპირებულ მხარეებს შორის ახლო აღმოსავლეთში, სადაც ძალადობას და სისხლისღვრას, რახანია, დასასრული არ უჩანს.
XS
SM
MD
LG