Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანტიკორუფციულ საბჭოს ახალი მდივანი ჰყავს, ამ პოსტზე კახა უგულავა დაინიშნა


როგორც მოსალოდნელი იყო, ანტიკორუფციული საბჭოს მდივნად კახა უგულავა დაინიშნა.მანამდე ის ამ საბჭოს მდივნის მოადგილის ფუნქციას ასრულებდა.

ასე რომ, ანტიკორუფციული საბჭოს წევრებს ახალ მდივანთან მუშაობის გამოცდილება მიღებული აქვთ.

ყოფილი მდივნისა და ამჟამინდელი ფინანსთა მინისტრის მირიან გოგიაშვილის მსგავსად, კახა უგულავასაც ფართო საზოგადოება მაშინ გაიცნობს, როცა ის ანტიკორუფციული საბჭოს მდივნის მოვალეობის შესრულებას შეუდგება. გოგიაშვილისა არ იყოს, კახა უგულავას კარიერაც სახელმწიფო კანცელარიიდან დაიწყო და მის წინსვლაში თავისი როლი უცხოეთში მიღებულმა განათლებამ და მუშაობის გამოცდილებამ შეასრულა. ანტიკორუფციული საბჭოს შექმნამდე უგულავა ანტიმონოპოლიურ სამსახურში იმყოფებოდა და მას, სხვათა შორის, ვანო ჩხარტიშვილის კადრადაც მიიჩნევდნენ. იყო სახელმწიფო კანცელარიის პოლიტიკისა და ანალიზის განყოფილების უფროსიც.
აი, კიდევ ორიოდე ცნობა მისი ბიოგრაფიიდან:
კახა უგულავას დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი; მუშაობდა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ავსტრიაში ეკონომიკის განხრით, მიღებული აქვს სამუშაო გამოცდილება მსოფლიო ბანკშიც, იყო მსოფლიო ბანკის კორეის ოფისის ხელმძღვანელი. ანტიკორუფციული საბჭოს ეს, უკვე რიგით მეორე, ახალგაზრდა მდივანი არის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ლექტორიც. და კიდევ: კახა უგულავა ანტიკორუფციული საბჭოს მდივნის პოსტზე ყოფილი მდივნის, მირიან გოგიაშვილის, რეკომენდაციით მოვიდა. სანდო წყაროდან მომდინარე ინფორმაციით, ამ თანამდებობისთვის პრეზიდენტი იუსტიციის საბჭოს წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის კანდიდატურასაც განიხილავდა. როგორც ჩანს, ამჟამინდელი ფინანსთა მინისტრის რეკომენდაციამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა გადაწყვეტილების მიღებაში.
22 მაისის მთავრობის სხდომაზე პრეზიდენტმა იხუმრა, რომ კახა უგულავას მუშაობაზე პასუხისმგებელი მირიან გოგიაშვილი იქნება. ანტიკორუფციული საბჭოს ახალი მდივნის დანიშვნის შესახებ მთავრობას პრეზიდენტმა სწორედ 22 მაისს მოახსენა და იგი დაახასიათა როგოორც პატიოსანი, მოუსყიდველი და გამოცდილი მუშაკი.

ანტიკორუფციული საბჭოს მდივნად დანიშვნისთანავე უგულავა ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრიც ხდება, თუმცა პრეზიდენტს ის ანტიკორუფციული საბჭოს წევრებისთვის ჯერაც არ წარუდგენია. თავად საბჭოს წევრები, პრეზიდენტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, შენიშვნებს არ გამოთქვამენ და ვარაუდობენ, რომ ანტიკორიფციული საბჭოს ახალი მდივანი საბჭოს მუშაობაში მნიშვნელოვან ცვლილებებს არ შეიტანს. ეს ვარაუდი უგულავასა და გოგიაშვილის თანამოაზრეობას ეფუძნება. ამდენად, უნდა ვიფიქროთ, რომ ანტიკორუფციული საბჭოს ახალი მდივანი ძველი მდივნის ხაზის გამტარებელი იქნება. ანუ მას მოუწევს მუშაობა მთავრობის რეორგანიზაციის მიმართულებით( ანტიკორუფციული საბჭოს ამ ინიციატივით აქამდე მირიან გოგიაშვილი გამოდიოდა). ანტიკორუფციული საბჭოს ახალ მდივანს, ალბათ, მოუხდება იმ მოთხოვნის გათვალისწინებაც, რომელსაც, მთავრობის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, საბჭოს ზოგიერთი წევრი აყენებს. ეს არის პრეზიდენტის რწმუნებულის სტატუსის განსაზღვრა, ამ უკანასკნელის პასუხისმგებლობის გამოკევთის მიზნით. ანტიკორუფციული საბჭოს ერთ-ერთი წევრის, გივი თარგამაძის, აზრით, მთავრობის ოპტიმიზაციის აუცილებლობაზე თუა საუბარი, პირველ რიგში, პასუხისმგებლობისგან თავისუფალი რწმუნებულების პასუხისმგებლობის გამოკვეთის საკითხი უნდა დადგეს.

შეგახსენებთ, რომ ანტიკორუფციული საბჭოს მდივნად მუშაობისას მირიან გოგიაშვილმა სწორედ პრეზიდენტის რწმუნებულების მიმართ გააქტიურებით გამოიჩინა თავი. კობა ბუჩუკურისა და ბადრი ხატიძის თანამდებობებიდან წასვლა ანტიკორუფციულ საბჭოში მომზადებული დასკვნების საფუძველზე მოხდა. საინტერესოა, ვისზე მიიტანს იერიშს ანტიკორუფციული საბჭო, ახლა უკვე, კახა უგულავას მდივნობის პერიოდში.
XS
SM
MD
LG