Accessibility links

logo-print

პაპის ვიზიტი აზერბაიჯანში იმედს იძლევა, რომ რელიგიას მეტი თავისუფლება მიეცემა


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა ოთხშაბათს, 22 მაისს, რომის პაპი იოანე პავლე მეორე ორდღიანი ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვია . მისიის მიზანია სხვა სარწმუნოებებთან დიალოგის გამართვა და რეგიონალური სტაბილურობისთვის ხელის შეწყობა.

გასულ სექტემბერში პაპი სომხეთში იყო ვიზიტით. აზერბაიჯანის ლიდერები შეაშფოთა იმის შესაძლებლობამ, რომ ვატიკანი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში სომხეთს მიემხრობა. მაგრამ პაპის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კათოლიკური ეკლესია არ აპირებს არსებულ კონფლიქტებში ამა თუ იმ მხარისკენ გადახრას და პაპის ვიზიტიც აზერბაიჯანში სწორედ ამის დასტურია.

აზერბაიჯანის რელიგიურ საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარემ რაფიკ ალიევმა იმედი გამოთქვა, რომ პაპის ვიზიტი ხელს შეუწყობს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას.
რაფიკ ალიევმა იოანე პავლე მეორე დაახასიათა როგორც "პროგრესული"მოღვაწე - პირველი პაპი, რომელიც მივიდა მეჩეთში და ქრისტიანთა პირველი ლიდერი, რომელმაც პატიება სთხოვა მუსლიმანებს ჯვაროსნული ომების გამო. ალიევმა უარყო ზოგიერთების ვარაუდი, რომ პაპის ვიზიტის მიზანია აზერბაიჯანში კათოლიციზმის გავრცელება.
ბევრი გააკვირვა ალიევის სიტყვებმა, ვინაიდან ბოლო 6 თვის განმავლობაში სწორედ მან და მისმა კომიტეტმა გაილაშქრა ისეთი რელიგიური საქმიანობის წინააღმდეგ, რომელიც სახელმწიფოს მიერ დადგენილ ჩარჩოებში არ თავსდება.
ამას წინათ კომიტეტმა ყველა რელიგიური ჯგუფის ხელახალი რეგისტრაცია მოითხოვა, რის შედეგადაც, ამ ჯგუფების რიცხვი 406-დან 125-მდე შემცირდა.
ხელახალი რეგისტრაციის პროცესს თან ახლდა მედიის კამპანია: არატრადიციულ ისლამურ ჯგუფებს უცხო სახელმწიფოთა ინტერესების დაცვასა და სამსახურში ადანაშაულებდნენ,
ხოლო ქრისტიანულ ჯგუფებს პროზელიტიზმსა და პროსომხურ პროპაგანდაში სდებდნენ ბრალს.
სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ მყოფი ტრადიციული ისლამის სამღვდელოება უკმაყოფილოა პაპის ვიზიტით. "მე ვშიშობ, რომ ვიზიტი ქრისტიანობის გავრცელებას შეუწყობს ხელს,"- განაცხადა ბაქოს ერთ-ერთმა იმამმა.
აქვე უნდა ითქვას, რომ აზერბაიჯანის 8 მილიონიანი მოსახლეობა შიიტი მუსლიმანებისგან შედგება. კათოლიკური მრევლი მხოლოდ 126 წევრს ითვლის.
აზერბაიჯანი ერთადერთი ქვეყანა არ არის, სადაც ასე მწვავედ დგას რელიგიის თავისუფლების საკითხი.
19 მაისს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ აღიარა, რომ ევროპელებისა და ამერიკელების განცხადებები საქართველოში ზოგიერთი რელიგიური ჯგუფის დევნის თაობაზე - მართალია.
"არა აქვს გამართლება საქართველოს მოქალაქეთა დისკრიმინაციასა და მათი უფლებების ხელყოფას, რელიგიური მრწამსის საფუძველზე,"-.ამ სიტყვებით გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი შეერთებული შტატების კონგრესის 15 წევრის მოთხოვნას, ბოლო მოეღოს რელიგიურ უმცირესობათა უფლებების დარღვევას საქართველოში.
"პრეზიდენტი შევარდნაძე და საქართველოს ხელისუფლება, როგორც ჩანს, თვალს არიდებს რელიგიური ჯგუფების წინააღმდეგ მზარდ ძალადობას", თქვა სენატორმა ბენ ნაიტორს კემპბელმა, შეერთებული შტატების ჰელსინიკის კომისიის თავმჯდომარემ.

1999 წლის შემდეგ საქართველოში გახშირდა ძალადობის შემთხვევები რელიგიურ უმცირესობათა წინააღმდეგ. მაგალითად, იეჰოვას მოწმეთა ჯგუფს ბოლო ორი წლის განმავლობაში 80-ჯერ დაესხნენ თავს.
XS
SM
MD
LG