Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯორჯ ბუშის ვიზიტი “მტრულ” ბერლინში, “მეგობრულ” მოსკოვში ჩასვლამდე


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა 40 წლის წინათ, ცივი ომის დროს, ბერლინი თავისუფლების კუნძულად ითვლებოდა კომუნისტური აღმოსავლეთი გერმანიის მტრულ ზღვაში და შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯონ კენედი იქ ნამდვილი გმირივით მიიღეს.



თავის ლეგენდარულ გამოსვლაში, 1963 წელს, კენედიმ ათასობით დასავლეთბერლინელს უთხრა, რომ მსოფლიოს თავისუფალი ადამიანები, სადაც უნდა ცხოვრობდნენ, თავს ბერლინელებად გრძნობენ და ასოდეს ივიწყებენ ბერლინელთა ყოველდღიურ ბრძოლას ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ.

[ხმა: ჯონ კენედის გამოსვლა ბერლინში]

1987 წელს ბერლინელთა ენთუზიაზმი გამოიწვია აშშ-ის პრეზიდენტ რონალდ რეიგანის მიერ, აღმოსავლეთი და დასავლეთი ბერლინის საზღვარზე, ბრანდერბურგის ჭიშკართან, მოსკოვის მისამართით ნათქვამმა სიტყებმა: “ბატონო გორბაჩოვ, დაანგრიეთ ეს კედელი!” ორი წლის შემდეგ კედელი მართლაც დაინგრა.

მაგრამ ახლა, ამერიკის ლიდერობით დაწყებული ანტიტერორისტული ომის 6 თვის თავზე, პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს, რომელიც პირველი ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა გერმანიას, სულ სხვაგვარი შეხვედრა გაუმართეს.

საპროტესტო დემონსტრაციაში ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ისინი პროტესტს გამოხატავდნენ ბუშის პოლიტიკის წინააღმდეგ: ახლო აღმოსავლეთში, ერაყზე შესაძლო თავდასხმის საკითხში, ვაჭრობისა და გარემოს დაცვის სფეროებში.

“Bush, du bist kein Berliner” – “ბუშ, შენ არა ხარ ბერლინელი” ეწერა ერთ-ერთ ტრანსპარანტზე. წესრიგის დაცვას 10 ათასამდე პოლიციელი ცდილობდა. 50-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს, შეტაკებებში 44 პოლიციელი დაშავდა.

მაგრამ ამ ინციდენტების მიუხედავად, ბერლინის ქუჩებში კარნავალის ატმოსფერო სუფევდა, ზოგჯერ ჰუმორის ელფერით. ერთგან მესაყვირე ამერიკის ჰიმნსაც კი ასრულებდა.

ზოგი საერთოდ აშშ-ის წინააღმდეგ გამოდიოდა. ერთმა ვენესუელელმა ბუშს პასუხი მოსთხოვა შეერთებული შტატების მიერ ლათინური ამერიკის 120-წლიანი ექსპლუატაციის გამო.

ჟურნალისტებთან საუბარში ბუშმა თქვა, რომ მას პროტესტები არ ანაღვლებს – ესეც ხომ დემოკრატიის გამოვლინებააო.

გერმანიაში თავისი ვიზიტი ბუშმა დაამთავრა ევროპელი მოკავშირეებისადმი მოწოდებით, შეუერთდნენ შეერთებულ შტატებს საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ბუნდენსტაგში გამოსვლისას, მან თქვა, რომ ევროპის ქვეყნებს ტერორისტული თავდასხმების ისეთივე საშიშროება ემუქრება, როგორიც შეერთებულ შტატებს: [ჯორჯ ბუშის ხმა]

“ვინც რაკეტებისა და გამანადგურებელი იარაღის შეძენას ცდილობს, იცნობს ევროპის რუქას. ისევე, როგორც სხვა ეპოქის საშიშროებასთან, არც ამ მუქარასთან შეიძლება შერიგება ან მისი უგულებელყოფა. მოთმინებით, მათ მიმართ დაუნდობლობითა და გადამწყვეტი მოქმედებებით ჩვენ დავამარცხებთ თავისუფლების მტრებს.”

ბუშმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების ვარაუდით, ბაღდადი მასობრივი განადგურების იარაღს ამზადებს. ერაყის ლიდერს სადამ ჰუსეინს მან “ცივილიზაციის მტერი” უწოდა. ამასთან ბუშმა აღნიშნა, რომ ის არ ცდილობს ერაყთან ომის გაჩაღებას, არამედ სურს, სადამს არ მისცეს ტერორისტულ ორგანიზაციებთან შეკვრის საშუალება.

ბუნდესტაგში გამოსვლის შემდეგ ბუშმა დატოვა, ასე ვთქვათ, “მტრულად გაწყობილი” ბერლინი და “მეგობრულ” მოსკოვში გაფრინდა.
XS
SM
MD
LG