Accessibility links

logo-print

უნდა მიიღონ თუ არა თურქეთი ევროპის კავშირში?


ბავარიის მხარის პრემიერ-მინისტრმა, კონსერვატორმა ედმუნდ შტოიბერმა, რომელიც გერმანიის კანცლერობის კანდიდატია, ახლახან ერთობ არაორაზროვნად განაცხადა,

რომ ევროპის კავშირში თურქეთის მიღება შეცდომა იქნება. ამ გამოსვლამ კიდევ ერთხელ გამოაცოცხლა დისკუსია იმის თაობაზე, თუ რამდენად არის ევროპის კავშირი, ასე ვთქვათ, ”ქრისტიანული კლუბი”.
ბავარიელები ცნობილი არიან თავიანთი არადიპლომატიური პირდაპირობით და მკვახე გამონათქვამებით, განსაკუთრებით უცხოელების მიმართ. გასულ კვირაში ლონდონში სტუმრობისას შტოიბერმა თქვა, რომ არც თურქეთი და არც ჩრდილო აფრიკის ქვეყნები არ უნდა იქნენ ევროპის კავშირში მიღებული. მისი თქმით, უნდა ვცნოთ ევროპის, როგორც ერთი მთლიანობის გეოგრაფიული საზღვრები და ეს საზღვრები არ შეიძლება თურქეთ-ერაყის საზღვრებამდე ვრცელდებოდესო.
ის, რაზე ღიად საუბარსაც გაურბიან სხვა პოლიტიკოსები პოლიტიკური კორექტულობის მოსაზრებებით, შტოიბერმა მკაფიო ფორმულად ჩამოაყალიბა.
შტოიბერს ეთანხმება პოლონელი ექსპერტი, ვარშავის ბატორის ფონდის მკვლევარი, პროფესორი ალექსანდერ სმოლარი, რომელსაც ჩვენი რადიოს კორესპონდენტი, ბრეფნი ო’ რურკი ესაუბრა. სმოლარის თქმით, განურჩევლად იმისგან, თუ რა მიზნით იყენებენ პოლიტიკოსები თურქეთის თემას, ევროკავშირში ამ ქვეყნის მიწვევა შეცდომა იყო. ვინაიდან თურქეთი მრავალ პრობლემას უქმნის ევროპას, პირველ რიგში ეკონომიკური თვალსაზრისით, აგრეთვე ადამიანის უფლებების მდგომარეობის გამო. მაგრამ გადამწყვეტი პრობლემა მაინც კულტურულ-ისტორიული ხასიათის სხვაობაა.
[სმოლარის ხმა] “ეს კულტურული განზომილებაა – აქვს თუ არა ევროპას ბუნებრივი საზღვრები, რაც ქრისტიანობის საზღვრებს ემთხვევა.”
ევროპელი პოლიტიკოსები წლების მანძილზე ცდილობენ გაფანტონ ეჭვი იმის თაობაზე, რომ ევროპის კავშირი ”ქრისტიანული კლუბია”. მათი თქმით, ევროკავშირის კარი ღიაა საბაზრო ეკონომიკაზე ორიენტირებული ყველა დემოკრატიისთვის, განურჩევლად კულტურული ტრადიციისა. მაგრამ შტოიბერის გამოსვლამ კვლავ გააცოცხლა ძველი სტერეოტიპი – რომლის მიხედვით ქრისტიანები და მუსულმანები ”განსხვავებულ” სამყაროებში ცხოვრობენ.
პროფესორ სმოლარის თქმით, ამგვარი ეჭვები თავად ქრისტიანული სამყაროს შიგნითაც არის. მაგალითად, არსებობს მოსაზრება, რომ ევროპული ფასეულობების – დემოკრატიის, ლიბერალიზმის და კანონის უზენაესობის – მატარებელი მხოლოდ დასავლეთი საქრისტიანოა. ასე რომ, ეჭვქვეშ შეიძლება დავაყენოთ ევროკავშირში მართლმადიდებელი ქვეყნების გაწევრიანების მართებულებაც.
თავად თურქები ძალზე გაანაწყენა შტოიბერის გამოსვლამ. თურქეთის საგარეო პოლიტიკის ინსტიტუტის საბჭოს წევრმა, პოლიტოლოგმა რესატ არიმმა ბრეფნი ო’ რურკს განუცხადა, რომ შტოიბერის განცხადება წინასაარჩევნო კონიუნქტურით უნდა აიხსნას და იგი ნაწილია დასავლეთ ევროპაში დაწყებული მემარჯვენე რადიკალიზმის გაძლიერების ახალი ტალღისა. ანტითურქულ მოსაზრებებს განსაკუთრებით აღმოსავლეთ გერმანიაში აქვს ფართო დასაყრდენი, სადაც უმუშევრობა ძალზე მაღალია. ადამიანები შიშობენ, რომ ევროკავშირში თურქეთის მიღების შემთხვევაში გერმანიას თურქი იმიგრანტები შეიძლება მიაწყდნენ. მაგრამ, არიმის თქმით, ეს მცდარი მოსაზრებაა. თუკი ევროკავშირის ისტორიას გადავხედავთ, მასში მიღების შემდეგ შედარებით ნაკლებ განვითარებულ ქვეყნებში ცხოვრების დონის გაუმჯობესებასთან ერთად უცხოეთიდან დაბრუნებას იწყებენ ემიგრანტები.
არიმის თქმით, გერმანელების შიშის კიდევ ერთი მიზეზი შეიძლება ისიც იყოს, რომ ფინანსური დახმარების გაწევაზე როცაა საუბარი – და ახალმიღებულ სუსტ სახელმწიფოს ასეთი დახმარება სჭირდება – ლომის წილს ეკონომიკურად მძლავრი გერმანია გაიღებს ხოლმე.
გესაუბრებოდათ ბიძინა რამიშვილი.
XS
SM
MD
LG