Accessibility links

logo-print

ვაჯპაის გამოსვლამ ინდოელი ჯარისკაცების წინაშე, ომის შიში აღძრა


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა დაძაბულობამ ინდოეთსა და პაკისტანს შორის ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე სროლის შემდეგ, საშიშ დონეს მიაღწია.



ოთხშაბათს ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ატალ ბიჰარი ვაჯპაი გამოვიდა ქაშმირში, პროვინციაში რომელიც პაკისტანსა და ინდოეთს შორის არის გაყოფილი, საზღვარზე მდგარი 600 ინდოელი ჯარისკაცის წინაშე:

“ვიწრაფოდ გამარჯვებისკენ. იყავით მზად თავგანწირვისთვის… მოვიდა დრო გადამწყვეტი ბრძოლისთვის,” თქვა ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა.

მისი სიტყვით, ექსტრემისტები, რომლებიც ქაშმირის დამოუკიდებლობას ან პაკისტანთან მიერთებას მოითხოვენ, აიძულებენ ინდოეთს დაიწყოს ომი პაკისტანის წინააღმდეგ.
[ვაჯპაის ხმა] “ეს სიტუაცია გამოწვევაა ჩვენთვის და ჩვენ უნდა მივიღოთ ეს გამოწვევა. ჩვენ გვინდა მშვიდობა… ჩვენ გვინდა გადავაქციოთ ინდოეთი წარმატებულ ქვეყნად. გვინდა შევებრძოლოთ სიდუხჭირეს, ავადმყოფობებს და უმუშევრობას, მაგრამ ჩვენ თავზე გვახვევენ ომს. ჩვენ გავიმარჯვებთ ამ ომში. არავის არ უნდა შეეპაროს ამაში ეჭვი.”
ბოლო ხუთი დღის განმავლობაში სადემარკაციო ხაზზე არ წყდებოდა სროლა. დაიღუპა 20-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე და ჯარისკაცი.
სროლა ატყდა მას შემდეგ, რაც ისლამური ექსტრემიტები დაესხნენ თავს ინდოეთის სამხედრო ბაზას ქაშმირში. თავდასხმაში 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
ინდოეთი პაკისტანს ადანაშაულებს ამ ინციდენტში. ისლამაბადის ხელისუფლება ამ ბრალდებას უარყოფს.
დეკემბრის შემდეგ როგორც ინდოეთმა, ისე პაკისტანმა, ქაშმირში, საერთო საზღვრის გასწვრივ თითქმის თითო მილიონი ჯარისკაცი განათავსეს. ეს არის ყველაზე დიდმასშტაბიანი სამხედრო მზადება ამ ორ სახელმწიფოს შორის უკანასკნელი, 1971 წლის ომის შემდეგ. იქამდე ქაშმირის გამო პაკისტანმა და ინდოეთმა კიდევ ორი ომი იომეს 1948 და 1965 წლებში.
პაკისტანი, თავის მხრივ, სიტუაციის გამწვავებაში ინდოეთს ადანაშაულებს. პაკისტნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო ზომიერი მუსლიმანი სეპარატისტი ლიდერის აბდულ განი ლონეს მკვლელობა. ლონე ცდილობდა ინდოეთთან დიალოგის გამართვას ქაშმირის დამოუკიდებლობის თაობაზე. 22 მაისს ქაშმირის ქალაქ სრინაგარში, 23 სეპარტისტული პარტიის თავშეყრაზე ლონე ცეცხლსასროლი იაიღით მოკლეს. პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ “ლონეს სიკვდილი არის ინდოეთის კონტროლქვეშ მყოფი ქაშმირის საოკუპაციო ძალების მიერ დაწყებული ტერორის კიდევ ერთი ინციდენტი”.
წამყვანი:



მსოფლიო საზოგადოებრიობას აშფოთებს ომის დაწყების შესაძლებლობა. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეკ სტრომ განაცხადა, რომ მომავალ კვირაში ინდოეთსა და პაკისტანს ეწვევა. მისი თქმით, ორ ბირთვულ მოწინააღმდეგეს შორის ომის შესაძლებლობა “რეალური და მეტად დამაშინებელია”.
შეერთებული შტატების ადმინისტრაცია მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდებს. ვაშიგტონი ცდილობს ჯერ შეაჩეროს ტერორისტული თავდასხმები ქაშმირში, მერე კი დაარწმუნოს ინდოეთი და პაკისტანი გაიყვანონ საზღვრიდან თავიანთი ძალები.
XS
SM
MD
LG