Accessibility links

ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ქვეყანის ეკონომიკაში შექმნილი მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, ოფიციოზი შედარებით ოპტიმისტური მონაცემებით ოპერირებას ცდილობს.

თუმცა ეს მაჩვენებლებიც ძირითადად საგარეო ვაჭრობის სფეროს ეხება და მაინცდამაინც სახარბიელო ფონს ვერ ქმნის. მიმდინარე წლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ზაზა გაჩეჩილაძე გესაუბრებათ.

საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარების ზუსტი მაჩვენებლების წარმოდგენა, ფაქტობრივად უემედო საქმეა, რადგან ქვეყნის ეკონომიკის უდიდესი ნაწილი ჩრდილოვან სექტორს განეკუთვნება და არ ექვემდებარება აღრიცხვას. თუმცა დაუზუსტებელი მონაცემებითაც ნათელია, რომ ეკონომიკური მდგომარეობა გადაჭარბებული ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა. მიუხედავად ამისა, ოფიციოზი მაინც ცდილობს ცალკეულ მაჩვენებლებზე დაყრდნობით ოდნავ მაინც ”შეაფერადოს” არსებული რეალობა.
საბაჭო დეპარტამენტის მონაცემებით, წინა წლებთან შედარებით, ქვეყანაში ექსპორტ-იმპორტის მინიმალური ზრდა აღინიშნა. თუმცა სავაჭრო ბალანსის უარყოფითი სალდო ბოლო წლებში განუხრელად იზრდება, რაც შესაბამის დაღს ამჩნევს როგორც სამეურნეო, ისე საფინანსო სფეროს. 2000 წელს საქართველოში 688 მილიონი ლარის იმპორტი განხორციელდა, 2001 წელს ეს მაჩვენებელი 761 მილიონი იყო, ხოლო მიმდინარე წლის 4 თვის განმავლობაში იმპორტმა 284 მილიონი ლარი შეადგინა.

მიუხედავად ამისა, შემოსავლები იმპორტიდან მიზერულია, რასაც სხვადასხვა საგადასახადო შეღავათებით, საკანონმდებლო ბაზის სისუსტით და კონტრაბანდის მაღალი დონით ხსნიან. ამის გამო ისეთი მაღალ შემოსავლიანი სფეროებიდან, როგორიც ნავთობპროდუქტები და თამბაქოს ნაწარმია, საბიუჯეტო მოსაკრებლები წინასწარდაგეგმილ პარამეტრებსაც ვერ აღწევს.

იმპორტის სტრუქტურასთან შედარებით შედარებით უსუსურად გამოიყურება საქართველოს საექსპორტო მაჩვენებლები. 2000 წლის განმავლობაში ქვეყნიდან 324 მილიონი ლარის პროდუქცია გავიდა, 2001 წელს ეს მაჩვენებელი 348 მილიონი ლარი იყო, წელს 4 თვის განმავლობაში კი საქართველომ 92 მილიონი ლარის პროდუქცია გაიტანა.

ფაქტობრივად არ შეცვლილა ექსპორტის სტრუქტურა, საქართველო აგრძელებს ჯართის და ფერადი ლითონების ექსპოტრს, გადის ნედლეული, მცირე რაოდენობით ციტრუსები, ხოლო მზა პროდუქციიდან ალკოჰოლური და გამაგრილებელი სასმელები, ასევე ქიმიური ნედლეული.

ადგილობრივი წარმოება ძალიან მწირეა და მეტ-ნაკლები დატვირთვით მხოლოდ 4-5 საწარმო ახერხებს საექსპორტო პოტენციალის შენარჩუნებას.

სამამულო წარმოების კრიზისის მიზეზად ეკონომისტები ენერგოკრიზისს, ადგილობრივი წარმოების იმპორტირებულ ნედლეულზე დამოკიდებულებას და მწირ საინვესტიციო კაპიტალს ასახელებენ.

მთლიანობაში ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა სავალალოა, რასაც უკვე ოფიციალური სტატისტიკაც ვეღარ მალავს.
XS
SM
MD
LG